Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმართ!''

,,ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმართ!''
ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, სკოლის მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან:

,,ძვირფასო მშობლებო,

სექტემბრამდე, სანამ სკოლაში შევხვდებით ერთმანეთს, მინდა ერთი კარგი ამბავი გითხრათ: სასწავლო წლის დასრულებისას ჩვენ, პედაგოგები შევთანხმდით , გამოგვეყენებინა საზაფხულო შვებულების პერიოდი და გვეზრუნა საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აცრა გაგვეკეთებინა!

ასეც მოხდა (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ კოლეგას, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ სერიოზულ საქმეს) : მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან!!!

ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმართ!

ახლა გავბედავ და დედებსა და მამებს, ბებო-ბაბუებს, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ მე, ვისაც ძალიან გაუთამამდა სიკვდილი : ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ პლანეტაზე შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, როცა ვერაგი ვირუსი განსაკუთრებულად საშიში გახდა პატარებისთვის, როცა ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, თქვენი და ჩვენი შვილებისთვის, მათი ღიმილიანი სახეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, თქვენც გაიკეთეთ აცრა #აცრაარკლავს!!!!

ერთად ვიბრძოლოთ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის- შვილების სიცოცხლის გადასარჩენად!'' - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად