Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არსებული დინამიკა არ უქმნის საფრთხეს სწავლის დაწყებას'' - ამირან გამყრელიძე

,,არსებული დინამიკა არ უქმნის საფრთხეს სწავლის დაწყებას'' - ამირან გამყრელიძე

,,თუ ჩვენ იმ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის სწავლის დაწყებას'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, შესაძლებელია, მეორე ტალღა აღარ იყოს:

„თუ ყველა დავიცავთ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, დიდი ალბათობით, მეორე ტალღაში, შეიძლება, არ შევიდეთ. აქამდე ქართველებს დამყოლობა ჰქონდა ძალიან კარგი, ამ 3-4 თვის განმავლობაში, ამიტომ მოვედით ამ მდგომარეობამდე, სწორედ ამიტომ არის ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებლი შედარებით დაბალი, ვიდრე ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. თუ ჩვენ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას და არც სხვა ღონისძიებებს. თუ ჩვენ არ გავუფრთხილდით ამ ერთობლივ მონაპოვარს და „ავიშვით“, მაშინ ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი არსებობს. ეპიდსიტუაციის მიხედვით გადაწყდება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება თუ არა. თხოვნა მაქვს, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად