Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა მოსწავლე და ყველა მასწავლებელი იმსახურებს დაფასებას, აღიარებას, მადლობას და წახალისებას“

„ყველა მოსწავლე და ყველა მასწავლებელი იმსახურებს დაფასებას, აღიარებას, მადლობას და წახალისებას“

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით სერფიტიკატებს, რომლითაც მასწავლებლები და მოსწავლეები 2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებისთვის ჯილდოვდებიან. ამ ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ნაწილი ერთმანეთს ულოცავს წარმატებას, ზოგისთვის კი ეს ჟესტი სხვისი ქილიკის საგანი გახდა. სოფელ ძმუისის (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მასწავლებელი მარიტა გოტიაშვილი ერთ-ერთია, ვინც ამ ფაქტს გამოეხმაურა. გთავაზობთ მის მოსაზრებას:

„ეს არის ჩემი პოსტი-პროტესტი ყველა გამქილიკებლისა და სარკასტისთვის:

ყველა მოსწავლე და ყველა მასწავლებელი იმსახურებს დაფასებას, აღიარებას, მადლობას და წახალისებას. ზოგადად, ძალიან დიდი ეფექტი აქვს პოზიტიურ მიდგომას: როდესაც ადამიანს ვაქებთ, მასში კარგ თვისებებს ვაძლიერებთ. როდესაც დავცინით, ადამიანს ვთრგუნავთ და ყველაფრის ხალისს ვუკარგავთ.
ფეისბუქი არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ტკივილსა და სიხარულს ვუზიარებთ. თუ სიხარულის გაზიარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, ნუ ჩაგვაშხამებთ მაინც.
არ გიფიქრიათ, იქნებ იმსახურებენ ეს ადამიანები?! იქნებ იშრომეს და თავინთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნეს? ნუთუ ასეთი დაუჯერებელია, რომ ვიღაც კარგია... ვიღაც ძალიან კარგია... ვიღაც უკეთესიცაა.
(დავესესხები კახი კავსაძეს და) არასოდეს არავისი არაფერი შეგშურდეთ!!!
რა არის ცუდი ჯანსაღ კონკურენციაში? რატომ ირჩევთ ყოველთვის დაცინვას, თავში მუშტის ჩარტყმას და დამცირებას?
ვინ მოგცათ სხვისი დამცირების, სიხარულის ჩამწარების და დაცინვის უფლება? თქვენ რომ იგივე გითხრან, რასაც სხვას ეუბნებით, მოგეწონებოდათ?
და კიდევ, უამრავი ინგლისურენოვანი საიტი არსებობს, სადაც შეგიძლიათ სურვილისამებრ შეავსოთ სერტიფიკატის შინაარსი. სერტიფიკატებს ამით არაფერი აკლდებათ. სულაც არ უბრალოვდებიან იმიტომ, რომ გვაქვს ლიცენზიები, აკრედიტაციები და ა.შ.
გთხოვთ, შეეშვით კიბერ-ბულინგს, სხვისი შრომის და მონდომების დაკნინებას და ფეხქვეშ გათელვას.
ყველა მასწავლებელი და ყველა მოსწავლე იმსახურებს მადლობას! აღიარებას! დაფასებას! წახალისებას!
დაცინვით, დამცირებით და ლანღვით საქმე კარგად არასოდეს გაკეთებულა და არც გაკეთდება,“ - წერს მასწავლებელი მარიტა გოტიაშვილი.

წაიკითხეთ სრულად