Baby Bag

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია შემოდგომაზე ორგანიზებული კომპეტენციის დადასტურებისათვის

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია შემოდგომაზე ორგანიზებული კომპეტენციის დადასტურებისათვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge და online.naec.ge.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
• ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საფეხურის ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ან სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/ სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
• მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.
თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.
პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.
ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:
  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური );
  • ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):
ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
  • უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
  • ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • პროფესიული უნარები.
ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი პირისათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია. აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად უბრუნდება, თუ ის 17 სექტემბრის 18:00 საათამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე (შესაბამისი განცხადებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო რაიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს).
გადახდის შესაძლო საშუალებები:
  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

გაიცანით სოციალურ ქსელში პოპულარული პედაგოგი თემუკა ჯიბლაძე, რომელსაც სწავლების განსხვავებული მეთოდები აქვს

გაიცანით სოციალურ ქსელში პოპულარული პედაგოგი თემუკა ჯიბლაძე, რომელსაც სწავლების განსხვავებული მეთოდები აქვს

თემუკა ჯიბლაძე საერთაშორისო ქართული სკოლის სპორტის მასწავლებელია. მისი მოსწავლეებთან ერთად გადაღებული სახალისო ვიდეოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. თემუკა ჯიბლაძის თქმით, ის სკოლაში უკვე ოთხი წელია მუშაობს, მოსწავლეებთან განსხვავებულ მიდგომებს იყენებს და საკუთარ საქმეზე უზომოდ არის შეყვარებული:

„პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ოთხი წლის წინ დავიწყე მუშაობა. ერთი წელი ვესწრებოდი სხვადასხვა მასწავლებელს. შესვენებებზე ბავშვებს 5-5 წუთით რომ ვხედავდი, ჩემი აღმოჩენა და მისია იყო, რომ მათთვის შემექმნა განწყობა. ასე ვიპოვე ჩემი თავი. თან მყავს სადამრიგებლო კლასი სამი წელია. ახლა მეცხრე კლასში არიან. უკვე 15 წლისები არიან, აქეთ მემეგობრებიან, სერიალს მირჩევენ, ფილმებს, მუსიკას. მთავარი სკოლამ რაც მომცა არის ის, რომ აღმოვაჩინე ჩემი მიზანი: ბავშვებს შევუქმნა განწყობა.“

„ექვსი ბიჭის ბიძა ვარ. ყველაზე ძალიან რაც მაბედნიერებს, ეს არის ბავშვები და ძაღლები. ოთხი წელია, რაც ვმუშაობ და არცერთი შემთხვევა, არცერთი დღე არ მახსოვს, რომ სკოლაში მივედი და ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავი. ასეთი სამსახური მაქვს, რომ დილით რომ ვიღვიძებ, ერთი სული მაქვს, წავიდე,“- აღნიშნულ საკითხზე თემუკა ჯიბლაძემ მოსწავლეებთან ერთად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად