Baby Bag

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის პროცენტული დაანგარიშება შეიცვალა

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის პროცენტული დაანგარიშება შეიცვალა

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დადგენილებით, შეიცვალა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის პროცენტული დაანგარიშება. კერძოდ, მასწავლებელთა გამოცდაზე 1, 4, 7 და 10 კრედიტის მისაღებად გადასალახი ​ბარიერი დაწეულია.

თუ აქამდე 1 კრედიტის მოსაპოვებლად საჭირო იყო ქულათა 31%-დან 41%-მდე მიღება, ახლა საჭიროა ქულათა 30-დან 40%-მდე მიღება;

4 კრედიტის მოსაპოვებლად საჭირო იყო ქულათა 41%-დან 51%-მდე მიღება, ახლა საჭიროა ქულათა 40%-დან 50%-მდე მიღება;

7 კრედიტის მოსაპოვებლად საჭირო იყო ქულათა 51%-დან 61%-მდე მიღება, ახლა - ქულათა 50%-დან 60%-მდე მიღება;

10 კრედიტის მოსაპოვებლად საჭირო იყო ქულათა 61%-დან და მეტის მიღება, ახლა კი 10 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 60%-დან ზევით მიღება.

გაეცანით ​​ბრძანებას

იხილეთ ასევე:

​„სასწავლო წლის ნებისმიერ დროს განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები შეიძლება დაწესდეს“ - ცვლილება ბრძანებაში

​დღემდე უცნობი სტატუსი - მასწავლებელს ყველასგან განსხვავებული სტატუსი მიენიჭა

შეიძლება დაინტერესდეთ

გაიცანით 13 წლის მათემატიკის მასწავლებელი ბიჭი, რომელიც პატარა მოსწავლეებს ცოდნის შეძენაში ეხმარება

გაიცანით 13 წლის მათემატიკის მასწავლებელი ბიჭი, რომელიც პატარა მოსწავლეებს ცოდნის შეძენაში ეხმარება

13 წლის დაჩი საზანდრიშვილი თანატოლებს მათემატიკას ასწავლის და იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ძვირადღირებულ რეპეტიტორებთან სიარულის შესაძლებლობა არ აქვთ, ამ ფორმით ეხმარება. მისი თქმით, მას კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარ თავზე აიღო:

„ვიაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩემს თავზე ავიღე. ყველანაირად ვეცდები იმ მშობლის იმედი გავამართლო, ვინც მენდობა. მკაცრი მასწავლებელი მარტო ჩემი თავის მიმართ ვიქნები. რაღაც რომ არ აინტერესებს ბავშვს, ნაწილობრივ მასწავლებლის ბრალიც არის. ჩემი ახსნილი და მასწავლებლის ახსნილი შეიძლება ერთნაირად გაიგოს. ჩემთან ბავშვს უფრო გაუმარტივდება მუშაობა, იმიტომ, რომ სხვაობა ასაკში იქნება 1-2 წელი. ჩვენ გვექნება საერთო ინტერესები, რითიც ერთმანეთთან უკეთესი კომუნიკაცია და გაგება შეგვეძლება.“

დაჩი აღნიშნავს, რომ ადამიანს მათემატიკა მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება:

„ჩემთვის მათემატიკა როგორც საგანი არ არის. ის არის რაღაც, რაც მთელი ცხოვრება დაგჭირდება. მას შეუძლია ადამიანის აზროვნება გააფართოვოს. ნებისმიერ საქმეში, რასაც ადამიანი ცხოვრებაში აპირებს, მცირე დოზით მაინც მათემატიკა ყველგან საჭიროა.“

„მასწავლებლის როლი არაერთხელ მომირგია. ჩემს მეგობრებსაც, როდესაც რაღაც გაუჭირდებოდათ, ვეხმარებოდი. აღმოვაჩინე, რომ მაქვს კარგი ახსნის უნარი და მინდა, ეს უნარი გამოვიყენო. ყველა ბავშვს არ აქვს იმის საშუალება, რომ რეპეტიტორებთან და ძვირიან მასწავლებლებთან იაროს, მათთვისაც შეღავათი იქნება. მინდა, ასეთ ბავშვებს დავეხმარო,“- აღნიშნულ საკითხზე დაჩი საზანდრიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

მასწავლებლობის დაწყების სურვილი დაჩიმ სოციალურ ქსელში გამოხატა, სადაც შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„მოგესალმებით ყველას, მე დაჩი ვარ და ვარ 13 წლის.

ვსწავლობ გაძლიერებულ მათემატიკას 4 წელია კომაროვში და კომაროვის პედაგოგებთან.

მოვამზადებ II, III, IV, V კლასის ბავშვებს სკოლის მათემატიკაში და დავეხმარები მათ გაკვეთილების მომზადებაში და საკითხების კარგად გაგებაში.

გამიხარდება თუ ვინმეს გექნებათ სურვილი შვილები ჩემთან მოამზადოთ. ძალიან მინდა და მჭირდება მუშაობა და ეს პირველი მცდელობა და ნაბიჯია ჩემი მომავალი გეგმების მისაღწევად.

ვფიქრობ რომ მაქვს კარგად ახსნის უნარი და არ მეზარება, რაც მთავარია.“

დაჩის განცხადებას ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“


წაიკითხეთ სრულად