„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
„თუკი მასწავლებელი კლასში 30 ბავშვს შეხედავს, როგორც ერთ მთლიანობას, იქ ვერაფრით მიაღწევს წარმატებას“
ნათია ფურცელაძე 10 წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. პირველად საკლასო ოთახში მასწავლებლის სტატუსით 22 წლის ასაკში შევიდა. იგი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება სასწავლო პროცესს. ყოველთვის ზუსტად იცის, როგორ გაამრავალფეროვნოს თითოეული გაკვეთილი და რა შედეგებზე გაიყვანოს თავისი მოსწავლეები. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„მნიშვნელოვანია, მასწავლებელი იყოს ემპათიური, ანუ ჰქონდეს თანაგანცდის უნარი და შეეძლოს, მოსწავლეების თვალითაც დაინახოს სასწავლო პროცესი. ვფიქრობ, რომ თუკი მასწავლებელი კლასში 30 ბავშვს შეხედავს, როგორც ერთ მთლიანობას, იქ ვერაფრით მიაღწევს წარმატებას,“ - ამბობს ნათია.
ნათია ფურცელაძე 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელია. გასულ წელს ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშიც მოხვდა.