„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება. მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება - 2019 წლის 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით.
რეგისტრირდებიან მხოლოდ ის მოსწავლეები - რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სკოლა.
მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.