„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ I-XI კლასების მოსწავლეებისთვის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.
I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველ მოსწავლეებს გამოცდაზე ექსტერნად დარეგისტრირება 2020 წლის 24 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
ექსტერნატის გამოცდები 2020 წლის 2 სექტემბრიდან 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.