Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევის პრეზენტაცია

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევის პრეზენტაცია

29 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი მონიტორინგის ანგარიშის - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (ჩოხატაური, ტყიბული, ქობულეთი, ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა), ცენტრალური ხელისუფლების (ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, განათლების სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო), სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მკვლევარმა - ნინო კორინთელმა ღონისძიების მონაწილეებს თავის პრეზენტაციაში კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარა, - „ბავშვთა კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ უნდა განიხილებოდეს როგორც მხოლოდ ერთი სტრუქტურული ერთეულის ან პროფესიული ჯგუფის ვალდებულება. გადამწყვეტია, საკითხისადმი ჰოლისტური მიდგომა. ბავშვთა მხარდაჭერისა და დაცვის საკითხებში ძალზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების როლი და მათი გაძლიერებული ჩართულობა. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია პრევენციული მექანიზმების გაძლიერება.“

ღონისძიებაზე ანგარიშის პრეზენტაციასთან ერთად, ზუგდიდისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების პრაქტიკოს სპიკერებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ წარმომადგენელს მოუსმინეს.

„ჩვენი ორგანიზაცია მომხრეა, რომ აუცილებლად უნდა გაერთიანდეს მუნიციპალიტეტებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და კოორდინირებული მუშაობა დაიწყონ მუნიციპალიტეტებთან. დღეს მუნიციპალიტეტებს აქვთ ეს ფუფუნება. მათ გვერდით ნამდვილად არიან გამოცდილი ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ მათთვის ამ დახმარება გაწევა. თუმცა, სამწუხაროდ, ორგანიზაციებში ეს კოორდინაცია არ არის და მე ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი პრობლემაა. მაგალითად, ერთი ორგანიზაცია ცალკე აკეთებს შეფასებას ან საჭიროებათა კვლევას, მეორე ორგანიზაცია სხვა კვლევას და რეალურად, ერთმანეთის არაფერი ვიცით. ერთობლივი მუშაობისა და კოორდინირების გარეშე არაფერი გამოვა,“ - ეთერ ცხაკაია, ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის წარმომადგენელი

„ჩვენი მუნიციპალიტეტი და ჩვენი განყოფილება წელს ჩართული იყო ბავშვზე და ბავშვიან ოჯახებზე მორგებულ საჭიროებათა კვლევაში, რომელიც განხორციელდა ჩვენი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების (ადგილობრივი და საერთაშორისო) ერთობლივი ძალისხმევით. ეს იყო საკმაოდ დიდი მასშტაბის კვლევა და ჩვენთვის პირველი დიდი გამოცდილება, სადაც გავეცანით მისი ჩატარების სპეციფიკას. მის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე მიგნება. სამწუხაროდ, ეს იყო ისევ სიღარიბე ოჯახებში, მშობლების ნაკლები ინფორმირებულობა და მშობლების ნაკლები უნარები, რომლის გაზრდა, პოზიტიური მშობლობის კუთხით, აუცილებელია. ამისთვის გვაქვს დაგეგმილი ბევრი სხვადასხვა აქტივობა 2023 წლისთვის. ერთია, მაგალითად, „მშობლის სკოლა“, - ია ეხვაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორი.

„ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ნებისმიერ უწყებასთან, რომელიც ეხება ბავშვებს. მჭიდრო კავშირი გვაქვს სკოლებთან, მანდატურის ფსიქოლოგებთან, ბაღებთან (ბაღის გამგეებთან, აღმზრდელებთან, მათ ფსიქოლოგებთან და ლოგოპედებთან), ამბულატორიის ექიმებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვების ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, სოფლებში მერის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ეს ოჯახები, კარგად ჰყავთ შესწავლილი და რომლებთანაც ინფორმაციას აქტიურად ვცვლით. ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება, რაც ჩვენს პრაქტიკაში იკვეთება არის, მშობლებთან უწყეტი თანამშრომლობა, რათა მათ იგრძნონ ჩვენი გვერდში დგომა,“ - ლელა ფურცელაძე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორი.

ქალთა ფონდი „სოხუმის“კვლევაში ასახულ ყველა მიგნებასა და რეკომენდაციას გაეცნობი შემდეგ ბმულზე - ​https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/13002-2022-11-11-16-55-50​

R

წაიკითხეთ სრულად