Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

16 აქტიური დღე სენაკში

16 აქტიური დღე სენაკში

ქალთა ფონდ „სოხუმს“ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი პრაქტიკა გააჩნია. ის ყოველწლიურად ზრდის და აფართოვებს თანამშრომლობის მასშტაბებს. წელს 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერმა სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. მათ ფონდის მიერ მომზადებული გასავრცელებელი მასალებიც დაურიგდათ. ფონდი „სოხუმის“ მიერ გადამზადებულმა პედაგოგებმა კი ტრენინგები მათ სკოლებში ჩაატარეს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური 16 დღიანი კამპანიის ქმედითად გასამართად.

„პედაგოგების ტრენინგმა მონაწილეებს დაანახა ფემიციდის პრობლემა, ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, 16 დღიანი კამპანიის მნიშვნელობა და მათი ჩართულობა ამ კამპანიაში,“ - განაცხადა ლალი შენგელიამ, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერმა.

ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭრისა და დახმარების სერვისების შესახებ ინფორმაციას გაეცნობი აქ - http://sosfsokhumi.ge/

25 ნოემბრიდან სენაკი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქტივობებით დაიხუნძლა. სენაკის 26 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებებს საშუალება მიეცათ მიღებული ცოდნა საკუთარი კრეატიული უნარების გამოყენებით 16 დღის მანძილზე გაევრცელებინათ შემდეგი აქტივობებით: აქციები, ჩანახატები, კინოჩვენებები, დისკუსიები, გამოფენები, საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები და სხვ. მათი საქმიანობა გასცდა სკოლის ფარგლებს და მოიცვა როგორც ვირტუალური სამყარო, ასევე საზოგადოების ყველა წევრი მათ თემში. გადიოდნენ ქუჩაში, მართავდნენ აქციებს, ატარებდნენ გამოკითხვებს. ჯამში ინფორმაცია მივიდა 6000-მდე მოქალაქესთან.

მთელი 16 დღის განმავლობაში 26 სკოლა, ფონდ „სოხუმთან“ ერთად, მჭიდროდ თანამშრომლობდა სენაკის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიასთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებასთან.

„ქალთა ფონდი „სოხუმისათვის“ მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტებში შეიქმნას უწყებათაშორისი კომისიები, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ პრევენციული მიმართულებით და ასევე, მსხვერპლის დაცვისა და დახმარებისათვის. სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული უწყებათაშორისი კომისიის მიერ ჩატარებული კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ამის კარგი მაგალითია. ვისურვებდი, ეს მუხტი გადაედოს სხვა მუნიციპალიტეტებსაც და მოხდეს უწყებათაშიროსი თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა,“ - განაცხადა თეა გოლეთიანმა, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგისა და ადვოკატორების ჯგუფის წევრი, სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიის წევრი.

R. 

წაიკითხეთ სრულად