Baby Bag

„ეს პასუხი ამ ქვეყნის განათლების სისტემაში არის დიაგნოზი ტრაგედიისა“ - ფილოლოგი გია მურღულია

„ეს პასუხი ამ ქვეყნის განათლების სისტემაში არის დიაგნოზი ტრაგედიისა“ - ფილოლოგი გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ, ლექციაზე „ოთხი კაცის ამბავი“, ისაუბრა პედაგოგების იმ ნაწილზე, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სჭირდებათ მუდმივი პროფესიული განვითარება.

„ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში გამოკითხეს მასწავლებლები. ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი - რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ცხოვრებაში მუდმივ პროფესიულ განვითარებას? - 60%-ზე მეტმა უპასუხა, რომ მათ არ სჭირდებათ პროფესიული განვითარება, რადგან დაამთავრეს უნივერისიტეტი და საკმარისი იციან, იმისათვის რომ ბავშვებს ასწავლონ. ჩემთვის, ალბათ ბევრისთვისაც, ეს პასუხი ამ ქვეყნის განათლების სისტემაში არის დიაგნოზი ტრაგედიისა. არც კი მინდა დავიჯერო, მგონია რომ გადაჭარბებულია, თუმცა ეს ოფიციალურად დაბეჭდილია.

მე ვიცნობ, ფანტასტიკურ მასწავლებლებს, „ფოიერვერკებს“ აწყობენ გაკვეთილებზე, მაგრამ ზუსტად ვიცი  რომ დიდი პრობლემები გვაქვს ამ კუთხით, ბევრი ადამიანი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც თანამედროვე მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს.

ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ, რაც ბევრს არ მოსწონს. ამბობენ, რომ თითქოს პატივს არ ვცემ მასწავლებელს. პატივს არ ვცემ კი არა, ყველაზე მნიშვნელოვან პერსონად მიმაჩნია მთელ ქვეყანაზე.

ვარ ბედნიერი, როდესაც კარგ გაკვეთილს ვუყურებ და კარგ მასწავლებელს ვხვდები, ასევე ვარ ბედნიერი, როდესაც საშუალო მასწავლებელს ვხვდები, აწ უკვე. თუმცა, ვერ ვეგუები, ისეთ მასწავლებელს, რომელიც არაფერს აძლევს ბავშვებს.“

წყარო: ,,აზროვნების აკადემია"

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეს, როდესაც ქვეყნაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან არიან გასულნი, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა. ამდენად, მასწავლებლის ფუნქციამ სხვა დატვირთვა შეიძინა“

„დღეს, როდესაც ქვეყნაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან არიან გასულნი, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა. ამდენად, მასწავლებლის ფუნქციამ სხვა დატვირთვა შეიძინა“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მასწავლებლებს პროფესიული დღე ​მიულოცა. გთავაზობთ პატრიარქის მილოცვას:

„მასწავლებლის დღე მინდა მივულოცო პედაგოგებს, ამ უმნიშვნელოვანესი და ფრიად საპატიო პროფესიის წარმომადგენლებს.

იყო კარგი ამღზრდელი, ნიშნავს მყარი საფუძველი შექმნა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ნიშნავს მტკიცე ხიდი გასდო წარსულსა და მომავალს შორის და ერის მეობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანო.

დღეს, როდესაც ქვეყნაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან არიან გასულნი, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა. ამდენად, მასწავლებლის ფუნქციამ სხვა დატვირთვა შეიძინა.

დღეს თქვენ, - ზოგიერთი პედაგოგი და ბევრი სხვაც, - შეიძლება ვერც აცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ქვეყნის ცხოვრებაში. თქვენი სახელი და ღირსება ამიტომაც უნდა იყოს სათანადოდ დაცული და დაფასებული. თუმცა, აუცილებელია ისიც, რომ ამ საქმიანობას თავის პროფესიაზე შეყვარებული, ღირსეული ადამიანები ემსახურებოდნენ.

მინდა ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო უცხოეთში, ჩვენს დიასპორებში, მოღვაწე პედაგოგებს, რომლებიც საქართველოს სიყვარულს უნერგავენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს პატარებს. ისინი, ფაქტიურად, თავის თავში საქართველოს მოიცავენ და, საგანთან ერთად, ბუნებრივად, სამშობლოსმცოდნეობასაც ასწავლიან აღსაზრდელებს.

მე ვიცი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი პედაგოგები გაერთიანდით და შექმენით მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია. თქვენ ყველანი ჩვენი დიდი იმედი ხართ. ერთობით ხომ გაცილებით ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ მასწავლებლის დღეს და გლოცავთ!

ღმერთმა გაგაძლიეროთ, განგამტკიცოთ, მოგცეთ უშრეტი ენერგია და სიყვარული, რათა თქვენი მოვალეობის ღირსეული აღმსრულებელნი იყოთ.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი მომავალი,“ - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.

წაიკითხეთ სრულად