თამარ გაბუნია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს

საქართველოში ბოლო ორი დღეა კორონავირუსით ინფიცირების ​მაჩვენებელმა მოიმატა. გამომდინარე აქედან, დაიკეტა ბაღების ნაწილი, სკოლებში კი კლასების გარკვეული ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია თუ არა სკოლების ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს. 

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ სასკოლო გარემოში შენარჩუნდეს სწავლების პროცესი:

,,ამისთვის მასწავლებლების უდიდესი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია, ​ტესტირებები უფრო ხშირად ტარდება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის გავრცელების შემთხვევები იყო, სკოლების ის რაოდენობა, რომელიც გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, არის ძალიან ცოტა - დაახლოებით 2-2,5%. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაცია გრძელდება, ტესტირებები უფრო ხშირად ტარდება, სკოლაში ყველაფერი კეთდება, რომ ინფექცია არ გავრცელდეს, ვფიქრობთ, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ იქნება საჭირო. სკოლა ყველაზე გვიან უნდა დაექვემდებაროს შემზღუდველ ღობისძიებებს და ყველაზე ადრე უნდა შეეხოს შეზღუდვების მოხსნა. ვფიქრობ, ბავშვები უნდა დადიოდნენ სკოლაში და იქ იღებდნენ განათლებას,'' - დასძინა თამარ გაბუნიამ. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობას არავითარ ზიანს არ აყენებს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ბავშვებში სკოლების დაკეტვით გამოწვეული სოციალური იზოლაციის მავნე შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლის უსაფრთხოებისთვის მასწავლებლების გარდა, მშობლების ვაქცინაციაც მნიშვნელოვანია:

„ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რა შეიძლება ამან მოგვიტანოს. ბავშვებს სოციალური კომუნიკაციები უჩლუნგდებათ. გაეროს ბავშვთა ფონდიც სთხოვს სახელმწიფოებს, რომ პირველი გახსენით სკოლა და ბოლო დაკეტეთ სკოლა. ჩვენთან პარადოქსია, რომ რესტორნები გახსნილი იყო და სკოლები - დაკეტილი. არ იქნება ეს დისკრიმინაცია, განათლების სამინისტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოარკვიონ, მშობლები სადაც აცრილები არიან, ასეთ ბავშვებს უნდა მისცენ ონლაინ დასწრება. აქ უნდა იყოს წამახალისებელი ნაწილი. მოტივაცია გაუზარდეთ მშობლებს.​ არ არის მარტო პედაგოგების ვაქცინაცია საკმარისი. ეს ბავშვები სახლებიდან მოდიან, სადაც მშობლები, ბებია-ბაბუა არიან აუცრელები.“

„ბავშვების მიერ პირბადის ტარება სანერვიულო არ არის. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნახშირორჟანგის მოლეკულური ზომა და პირბადის ზომა შეუთავსებელია. ნახშირორჟანგის არცერთი მოლეკულა ჩვენ უკან არ გვიბრუნდება. ბავშვის ჯანმრთელობას ეს არავითარ ზიანს არ აყენებს. ​კოვიდი უფრო საფრთხის მატარებელია, ვიდრე პირბადე,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“ 

წაიკითხეთ სრულად