Baby Bag

ქალი და განათლება ბრიტანეთში

ქალი და განათლება ბრიტანეთში

სოციოლოგების აზრით, 21-ე საუკუნე ის ეპოქაა, როცა ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებებითა და თავისუფლებით უნდა სარგებლობდნენ. დღეს რიგი ქვეყნები უხეშად არღვევს ქალის უფლებებს, უფრო სწორედ, რომ ვთქვათ, ცნება, როგორც ასეთი „ქალი და უფლება“, ან „ქალი და მისი უფლებები“ არ არსებობს და ან, საერთოდ არ აღიარებს. მაგრამ არსებობენ ქვეყნები, სადაც ქალი შედარებით დაწინაურებული და რეალიზებულია. რეალიზებულში კი იგულისხმება ის, რომ ქალები სრულიად ითვისებენ ოჯახში მამაკაცის ფუნქციებს, შესაბამისად, მარტოხელა დედობა არ წარმოადგენს პრობლემას, წარმატებულები არიან კარიერაში, მათი ანაზღაურება გაუთანაბრდა კაცებისას და რაც ყველაზე მთავარია, ისინი დაცულნი არიან კანონით.

განათლება საჭიროა წარმატების მისაღწევად, წარმატება კი შეიძლება ჩავთვალოთ უზრუნველყოფილ ცხოვრებად. როგორც წესი, მიჩნეულია რომ, განათლებულ ადამიანს მაღალი შემოსავალი, ცხოვრების კარგი პირობები და ამასთანავე, მაღალი სოციალური სტატუსი აქვს. ერთი სიტყვით, განათლება უფრო სრულყოფილ, განვითარებულ, ან უბრალოდ ადამიანად გვაქცევს. ადამიანი თავისი არსით მოწოდებულია განვითარებისკენ, რაც მასში ღმერთმა თუ ბუნებამ ჩადო.

მეოცე საუკუნის ბრიტანეთში ქალებისთვის განათლების მიღების სურვილი განპირობებული იყო, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების მოპოვების მიზნით. ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ქალებისთვის დახურული იყო ოქსფორდისა და კემბრიჯის კარები. ფემინისტებმა ქალთა სასწავლებლები დაარსეს. საუკუნეების განმავლობაში მიჩნდათ, რომ ქალს მხოლოდ ოჯახური კერის დაცვა ევალებოდა. ის, უპირველეს ყოვლისა, კარგი დედა, სანიმუშო მეუღლე და დიასახლისი უნდა ყოფილიყო. პროფესიული თვითრელიზაცია მამაკაცთა პრივილეგიად მიიჩნეოდა. ქალს სათანდაო განათლება უნდა მიეღო მხოლოდ იმისთვის, რომ ღირსეული შვილები აღეზარდა და მთელი ცოდნა და გამოცდილება ოჯახისთის მოეხმარა.

მეოცე საუკუნის ბრიტანეთსა თუ დანარჩენ მსოფლიოში განათლება გახდა მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხი. ინგლისის განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა 1944 წელს, მაგრამ მანამდე 1919 წელს ქალებს მიეცათ უფლება გამხდარიყვნენ ადვოკატები. განათლების ეს რეფორმა ცნობილია როგორც „ბუტლერის აქტი“. ეს აქტი გულისხმობდა თანაბრი განათლების მიღებას თანაბარ პირობებში. ეს განათლების აქტი განაახლეს 1988 წელს, რომლის შემდეგ განათლების სისტემა ემსახურებოდა სულიერ, გონებრივ, ფიზიკურ, კულტურულ და მორალურ განვითარებას.

განათლების რეფორმაში შეტანილი ცვლილებები არ ითვალისწინებდა გენდერულ მიდგომას სასკოლო და უმაღლეს სასწავლებლებში. თუმცა ყოველთვის არსებობდა სტერეოტიპები ე.წ ქალური და მამაკაცური პროფესიების თაობაზე. 1954 წელს გაზეთი „The hunts“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “გოგონები უფრო გონიერები არიან, ვიდრე მამაკაცები“ („girls brainer than boys“). ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გოგონები უფრო მეტ შრომისმოყვარეობას, მონდომებას, ინტერესს, ნიჭიერებას ავლენდნენ სწავლის მიმართ, ვიდრე ბიჭები. გოგონები ასევე წარმატებით აბარებდნენ უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებასაც. 1989 წელს გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტებში 3% ქალი პროფესორი იყო, დღესდღეობით კი ეს მაჩვენებელი 5%-ს აღემატება.

განათლებას სასიცოცხლო ფუნქცია ჰქონდა და თვითგადარჩენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გაეროს კვლევების მიხედვით, განვითარებად ქვეყნებში 1979 წლიდან 1995 წლამდე 43 %-ით შემცირდა შიმშილობა, რაც ქალთა განათლების პროგრესის დასამსახურებაა.

აშკარა იყო, რომ ქალები მამაკაცებს წარმატებული კარიერის შექმნაში ეცილებოდნენ. დროდადრო ქალი სულ უფრო აქტიურ პოზიციებს იკავებდა საზოგადოებაში და ეს საზოგადოებაც თითქოს იქით იყო მიმართული, რომ შინ თუ გარეთ მთავარი და მაორგანიზებელი ქალი გამხდარიყო. თუმცა ვერ გავექცევით იმ რეალობას, რომ მამაკაცი ფიზიკურად, სექსუალურად და ეკონომიკურადაც უფრო ძლიერია. შრომისმოყვარეობამ და მონდომებამ ქალებისთვის სასურველი შედეგები გამოიღო, პირველ რიგში, კი ქალი დამოუკიდებელი გახადა, მისცა სტაბილური შემოსავალი და პროფესიული სამუშაო. ერთი სიტყვით, მეოცე საუკუნის ბოლოსთვის ქალები გახდნენ საკუთარი თავების ბატონპატრონები.

კარიერა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ოჯახს კი ყურადღება აკლდება, რაც ხშირად მამაკაცების უკმაყოფილებას იწვევს. ქალებს ძლიერი ნებისყოფის გამოვლენა დასჭირდათ, რათა პროფესიულ ასპარეზზეც და ოჯახშიც სათანადოდ მოეხდინათ საკუთარი თავის რეალიზება. უდავოდ, ქალი ყოფაში დომინანტია თავისი სიძლიერით, ხშირად ის უფრო ინტელექტუალურია, უფრო გახსნილი, მაგრამ რატომღაც დღემდე უჭირთ კაცებს ამის აღიარება. მამაკაცები დღემდე მეოცე საუკუნეში ქალების განათლებასა და ინტელექტს სკეპტიკურად უყურებენ, რადგან მამაკაცის და ქალი ბუნება მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ქალი ინტუიციასა და მგრძნობელობას ემყარება, მამაკაცი კი ლოგიკითა და პრაგმატიზმით ხელმძღვანელობს.

ქალები, რომლებიც განათლებას იღებდნენ და კარიერაზე იყვნენ ორიენტირებულნი, არ ჩქარობდნენ ოჯახის შექმნას, ან საერთოდ უარს ამბობდნენ ოჯახურ ცხოვრებაზე. ხოლო ისინი, განათლებული ქალები, საუკეთესო აღმზრდელები იყვნენ. ქალების ის კატეგორია, რომლებიც გვიან ქორწინდებოდნენ და არ ჰყავდათ ბევრი შვილი, უფრო ჯანსაღ გადაწყვეტილებებს იღებდნენ საკუთარი ოჯახისთვის. გაიზარდა მარტოხელა მშობელთა რიცხვი. განათლება ამაღლებს ქალის სტატუსს, იცავს მას ოჯახური ძალადობისგან. განათლებული ქალი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, როგორც საკუთარ, ასევე გარშემომყოფთა ჯანმრთელობას. საკუთარ შემოსავალს ქალი ოჯახს, ბავშვების აღზრდას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ახმარს.

მეოცე საუკუნეში პოპულარული გახდა ქალთა დასაქმება და განათლების მიღება ჯანმრთელობის სექტორში, რაც გამოწვეული იყო ორი მსოფლიო ომით.

ბევრი წინაღმდეგობის მიუხედავად, ქალებმა მაინც შეძლეს მიეღოთ სრულფასოვანი განთლების უფლება და საუკუნის ბოლოს იგი წარმოდგენილი იყო უკვე როგორც საქმიანი, მაორგანიზებელი, წესრიგის შემომტანი.

ბრიტანეთის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა დადგინა, რომ დღეისთვის მამაკაცები, ქალებთან შედარებით, ნაკლებად წარმატებულები არიან. „დეილი მეილი“ იუწყება, რომ თანამედროვე ოჯახებში ძალიან ბევრ დიასახლის მამაკაცსა და ოჯახის მარჩენალ ქალს შეხვდებით. ეს განსხვავება განათლების ხარისხშიც აისახება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 30 წლამდე ასაკის მამაკაცების მხოლოდ 40 %-ს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო ქალებში კი ეს მაჩვნებელი 50 %-ია. ბრიტანელი მეცნიერები ამ ციფრებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ განათლების ხარისხში არსებული განსხვავება შემდგომში უკვე დიდ სოციალურ გარდაქმნებს გამოიწვევს, ეს ყოველივე კი მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე შეინიშნებოდა.

განათლება ნიშნავს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დამოუკიდებელ ქალებს აქვთ საკუთარი შემოსავლი და მაქსიმალურად ცდილობენ დაიკმაყოფილონ კარიერული ამბიციები. ისტორიას რომ გადავხედოთ, მას შემდეგ რაც ქალებმა მიიღეს განათლება, დაიწყეს შრომა და გამოიყენეს თავიანთი პოლიტიკური უფლებები, საზოგადაოებამ მხოლოდ მოიგო და განიცადა დიდი პროგრესი.

ავტორი: მარიამ იარაჯული

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ ტირიან ბავშვები სწავლისას და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?

რატომ ტირიან ბავშვები სწავლისას და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?

რატომ ტირიან ბავშვები სწავლის დროს და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე.

ხშირად, როდესაც მშობლები ბავშვებს გაკვეთილების მომზადებას სთხოვენ, იწყებენ ტირილს. რატომ ტირიან ისინი სწავლის დროს?

- ბავშვები დაბადებიდან შემეცნების და სწავლის პროცესში არიან, ყოველდღიურად. მათ ეს უყვართ და აინტერესებთ, მაგრამ ხშირად მარტივი არ არის სკოლასთან შეგუება და იმ დისციპლინის, სასწავლო უნარების ჩამოყალიბება, რაც სკოლაში სწავლისთვის არის საჭირო. ისინი ტირილს ამ პროცესისგან თავის ასარიდებლად იწყებენ. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამით უნდა დავინტერესდეთ, თუ რატომ ცდილობს ბავშვი თავი აარიდოს სწავლის პროცესს. შესაძლოა სასწავლო მასალა ძალიან რთულია მისთვის ან ძალიან უინტერესო. სწავლების დროს ბავშვის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია.

შესაძლებელია, სწავლის დროს ტირილი, სკოლასთან დაკავშირებულ ტრავმასთან ასოცირდებოდეს?

- თუ ბავშვისთვის სწავლის პროცესი ასოცირდება უსიამოვნო შეგრძნებებთან, ის სწავლისგან სიამოვნებას ვერ მიიღებს და ეს მისთვის მტანჯველ ვალდებულებად გადაიქცევა. სკოლა, მასწავლებელი და მშობელი კი ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, თუ ბავშვს რომელიმე საგნის გაგება უჭირს, მასწავლებელი კი ძალიან მკაცრია, ამ საგნისთვის მომზადება იწვევს შფოთვას. უბრალოდ გავიხსენოთ საკუთარი თავები, როცა მოსწავლეები ვიყავით. რომელი საგნის მომზადება გვიხაროდა? რომელიც უკეთ გამოგვდიოდა და რომლის მასწავლებელიც გვიყვარდა, არ გვაშინებდა.

მშობლის და მასწავლებლის თანამშრომლობა, ასეთ დროს, კიდევ უფრო განსაკუთრებულ როლს იძენს. მასწავლებელმა და მშობელმა ერთობლივად უნდა დაგეგმონ სამოქმედო გეგმა. რა მოცულობის და სირთულის მასალა აიღონ გეგმად, როგორი მიდგომები გამოიყენონ ბავშვთან ურთიერთობისას.

შესაძლოა თუ არა ასეთ დროს მშობლის მიერ გადადგმულმა მკაცრმა ნაბიჯმა უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს?

- თუ ბავშვი სწავლას თავს არიდებს, სწავლის დროს ტირილს იწყებს, ამ დროს კი მშობელი მისგან მკაცრად მოითხოვს დავალების შესრულებას, ეს ბავშვის მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. სწავლის პროცესი ბავშვისთვის კიდევ უფრო უსიამოვნო და მტანჯველი გახდება. არსებობს სტრატეგიები, მიდგომები, რომლებიც მშობელსაც, მასწავლებელსაც და ბავშვსაც ძალიან უმარტივებს, უხალისებს სწავლის პროცესს.

- როგორ უნდა უნდა მოვიქცეთ, თუ სწავლის განმავლობაში გამუდმებით ტირის ბავშვი?

- პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ მიზეზი. ბავშვს დავუსვათ შეკითხვები. რატომ ტირის? რა არ მოსწონს? თუ აღმოვაჩენთ რომ დავალება მისთვის რთულია, მაშინ გავამარტივოთ, დავყოთ ნაწილებად. ძალიან მცირე ნაწილის სწავლის შემდეგ ბავშვი შევაქოთ, დავაჯილდოვოთ და დასვენების საშუალება მივცეთ, რომ წარმატებით ტკბობა მოასწროს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი აქვს სამეცადინო, რას მოითხოვს მისგან სკოლის მასალა. დასაწყისისთვის მთავარია ბავშვს ვაგრძნობინოთ რომ შეუძლია. ნელ-ნელა გავზარდოთ დავალების მოცულობა და სირთულე.

თუ დავალებები მისთვის უინტერესოა, მაშინ საინტერესო აქტივობებთან შევაწყვილოთ. ამისთვის საჭიროა კარგად გავიცნოთ ბავშვი, გავიგოთ რა მოსწონს, რა აინტერესებს, რა იწვევს მასში აღფთოვანებას. ჩავრთოთ სწავლების პროცესში მისთვის საინტერესო სათამაშოები, ნივთები, მათი დახმარებით ავუხსნათ და შევასრულებინოთ დავალება. არ გავაკირიტიკოთ იმის გამო რომ რამე შეეშალა, გამოვხატოთ სიხარული და აღტაცება, როცა რაიმეს დაისწავლის. არასოდეს არ ვუთხრათ ბავშვს რომ ზარმაცი ან უნიჭოა, არ შევადაროთ სხვა ბავშვებს და მათ მიღწევებს.

მშობლებს და მასწავლებლებს ვურჩევ, პირველ რიგში, დაადგინონ შეესაბამება თუ არა სასწავლო მასალა ბავშვის განვითარების საფეხურს, (თუ საჭიროა სპეციალისტის დახმარებით) ასწავლონ ბავშვს ის, რაც მას მოცემულ ეტაპზე შეუძლია და არა ის, რაც მკაცრად გაწერილ პროგრამაში წერია. თუ ბავშვს ვაგრძნობინებთ რომ მისი გვესმის, გავუმარტივებთ დავალებებს, შევაქებთ, წავახალისებთ, დავაჯილდოვებთ პატარა წინ გადადგმული ნაბიჯისთვის, მისი განწყობა სწავლის მიმართ შეიცვლება.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 


წაიკითხეთ სრულად