Baby Bag

Momsedu.ge-ს ახალი პროექტი - „მასწავლებლის ხმა“

Momsedu.ge-ს ახალი პროექტი - „მასწავლებლის ხმა“

მედიაპორტალი ​​MomsEdu.ge ახალ პროექტს  - „მასწავლებლის ხმას“ იწყებს. 

„მასწავლებლის ხმა“ პედაგოგებს მოგცემთ შესაძლებლობას, ფართო აუდიტორიას მიაწოდოთ თქვენი ფიქრები, მოსაზრებები, იმსჯელოთ და წეროთ აქტუალურ თემებზე, გასცეთ და მიიღოთ რჩევები და გამოცდილება, ერთად გადაჭრათ პრობლემები, გამართოთ დისკუსია მნიშვნელოვან საკითხებზე.

პროექტი ემსახურება მასწავლებლის ინფორმირებას, გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული ზრდის ხელშეწყობას და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. ჩვენი მიზანია, თქვენთან ერთად შევქმნათ უკეთესი საზოგადოება უკეთეს სკოლასთან და უკეთეს მასწავლებლებთან ერთად. 

ამ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ თქვენი პუბლიცისტური ნაშრომების, ბლოგებისა და სტატიების გამოქვეყნება. ბლოგი უნდა ეხებოდეს განათლების სფეროს, სკოლას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს.

თქვენი ტექსტი უნდა მოიცავდეს 500-700 სიტყვას. არ გამოგრჩეთ თქვენი სახელის, გვარის და იმ საგნის მითითება, რომელსაც ასწავლით.
​MomsEdu.ge-ს რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და წესები.

ჩვენ არ ვაქვეყნებთ მასალებს, რომლებიც შეიცავს 
დისკრიმინაციას, ცილისწამებას, დისკრედიტაციას, უხამსობას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, პორნოგრაფიას, მუქარას.
ტექსტი გამოგზავნეთ ვორდის დოკუმენტით.

მასალები მოგვაწოდეთ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] (subject-ში ჩაწერეთ „მასწავლებლის ხმა“)

ტექსტები ქვეყნდება შინაარსის შეუცვლელად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 378 936

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. ეს არის რიგით მეხუთე არჩევნები (პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა). სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.

სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა განახორციელონ.

წაიკითხეთ სრულად