Baby Bag

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახი და ოჯახური აღზრდა ადამიანის სოციალიზაციის მიკროფაქტორთა სიაში უპირველესია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი მომავალი თაობის სოციალიზაციის ყველაზე მძლავრი ინსტიტუტია, სადაც ხდება მოზარდი თაობის ჩამოყალიბება.

ოჯახი ვალდებულია, ბავშვს მთელი ცხოვრების გზაზე „სამყოფი“ აღზრდა მისცეს. ოჯახის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. სკოლამდე მთელი პასუხისმგებლობა ოჯახს ეკისრება, თუმცა სკოლის პერიოდში და შემდგომაც ეს ფუნქცია სრულიადაც არ კნინდება, პირიქით, კიდევ უფრო იზრდება. ასე რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე პირველი და უმთავრესი სკოლაა. ცხადია ყველა მშობლის სურვილია, აღვზარდოთ ჯანსაღი შვილები-ჯანსაღი სხეულით, ჯანსაღი ფსიქიკით და ჯანსაღი ურთიერთობებით, რაც დღეისდღეობით საკმაოდ გართულებულია, თუმცა მშობლებს ვურჩევდი, სერიოზულად მოეკიდონ შვილების აზრებს და გრძნობებს, დაინტერესდნენ მათი საქმიანობით, იდეებით, პრობლემებით, აჩვენონ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც ისინი ფიქრობენ და აკეთებენ, წაახალისონ, ხაზი გაუსვან იმას, რაც კარგად გამოსდის და არა იმას, რაც არ გამოსდის, ასწავლონ ბავშვს ზრუნვა, ზრუნვა მშობლებსა და ერთმანეთზე, ასწავლონ თანაგრძნობა, დაეხმარონ იმაში, რომ გაუგონ ადამიანებს და გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი, შეეცადონ, ბავშვმა თავი იგრძნოს საჭირო და მნიშვნელოვან პიროვნებად. თუ ადრეული ასაკიდან დავაკისრებთ მისი უნარების შესაბამის მოვალეობებს, ამით საკუთარი ძალების რწმენასაც განუმტკიცებთ და ხელს შევუწყობთ მასში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია ეცადონ, ხშირად აგრძნობინონ შვილს, რომ უყვართ და პატივს სცემენ მის პიროვნებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი აღზრდისთვის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი დებულებები დაეხმარება მშობლებს შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის და კომუნიკაციის დამყარებაში, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვება ბავშვის არასწორი აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საფუძველია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვებული ბავშვი მარტივად ექცევა სხვა ადამიანთა გავლენის ქვეშ, ეს გავლენა კი შეიძლება დადებითიც იყოს და უფრო მეტ შემთხვევაში უარყოფითიც.

ოჯახის როლის მნიშვნელობაში ისიც კი გვარწმუნებს, რომ მისი როლის უგულებელყოფა თვით სპარტის დესპოტურმა სკოლამაც კი ვერ შეძლო. დიახ, სწორედ ოჯახში სწავლობს ბავშვი ფუნდამენტურ ღირებულებებს, ბავშვი ოჯახში ვითარდება, იზრდება და საზოგადოების წევრად ყალიბდება. სწორედ ოჯახში, ამ პატარა ორგანიზმში უყალიბდება ბავშვს ზრდილობა, ზნეობა, ეტიკეტი და კარგი ქცევა. ოჯახში სწავლობენ უფროსებისადმი პატივისცემას, პატარებისადმი გულისხმიერებას, მეგობრებისადმი გულითად და ჰუმანურ მოპყრობას. თუ ადამიანი ოჯახში სათნოებას არის მოკლებული და არ იღებს შესაბამის აღზრდას, საზოგადოებას პრობლემებს უქმნის. მგრძნობიარე და სხვების პატივისმცემელი ადამიანი მხოლოდ ჰარმონიულ, სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ოჯახურ გარემოში შეიძლება აღიზარდოს. ბავშვის აღზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობლების როლი და მათი დამოკიდებულება. ასეთ გარემოში აღზრდილი თაობები არიან გაწონასწორებული და საზოგადოებისათვის სასარგებლო. არაჯანსაღ ოჯახში აღზრდილი ბავშვი კი შესაძლოა სოციალიზაციის მსხვერპლიც კი გახდეს, რაც, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია, ამას, რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შემდეგია: დღევანდელი თანამედროვე ოჯახი ჩართულია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში. სამწუხაროდ, ოჯახის შიდა ფსიქოლოგიურ კლიმატზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, თავისუფალი დროის უქონლობა, მუდმივი აუცილებლობა დამატებითი შემოსავლის ძიებისა, დაძაბულობა და სტრესი. ფსიქოლოგიური გადატვირთვა გამოიხატება იმაში, რომ მშობლები ხშირად არიან გაღიზიანებული, დაღლილი და ზოგჯერ უარყოფითი ემოციების მსხვერპლნი არიან ბავშვები. ამგვარად, ბავშვების განწყობა, ხასიათი მთლიანად დამოკიდებული ხდება მშობლების განწყობაზე და ხასიათზე, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ბავშვის ფსიქოლოგიაზე და მის ურთიერთობებზე მშობლებთან, მეგობრებთან და ა.შ.

აგრეთვე, დედ-მამას შორის ურთიერთობა და მათი ზნეობრივი დონე ისეთი ფაქტია, რომელიც ყველაზე მეტად მოქმედებს მოზარდის ჩამოყალიბებაში. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები თავიანთი საქციელით ბავშვის გონებაში ტოვებენ კვალს, როგორც უპასუხისმგებლო ადამიანები, მატყუარები, მოზარდის ცნობიერებიდან ამ კვალის ამოშლა ძალიან ძნელია, ხშირ შემთხვევაში კი სრულიად შეუძლებელიც კი. ამის გამო მშობელი ვალდებულია, იმ უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულთან ერთად ბავშვს კარგი ადამიანობის მაგალითიც უჩვენოს, რადგან მშობელი შვილისთვის გარკვეულ ასაკამდე ავტორიტეტია და ბაძავს მის ყველა ქმედებას, ასე რომ, თავად მშობელმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი შვილის ცხოვრებაში, იგი გმირი იქნება თუ ანტაგონისტი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სოციო-ვოლიტური განვითარება, ოჯახური აღზრდაც სწორედ ამ ყველაფერს უნდა შევუფარდოთ და გავითვალისწინოთ თითოეული ასაკის შემთხვევაში ბავშვის/მოზარდის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესები. აქ კი უკვე მშობლის განათლების მნიშვნელობა იწევს წინა პლანზე, რადგანაც ხშირად მშობლებს არ ესმით მათი შვილის ქცევის მიზეზი, ამისი პასუხი კი მარტივია - მისი ასაკობრივი თავისებურებები.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს მოზარდის შემდგომ სოციალურ განვითარებაზე არის მშობელთა ჰიპერმზრუნველობა, მისი გახანგრძლივებული „ბავშვურობა“, ცხოვრების სირთულეებისადმი მოუმზადებლობა, დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრის უუნარობა, რის შედეგადაც ის ადვილად ექცევა უფრო გამოცდილი მეგობრების გავლენის ქვეშ და არ შესწევს უნარი თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებსა და გამოწვევებს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, რამაც საბოლოო ჯამში უკვე ზრდასრულ ასაკში მისი ლუმპენობაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

საბოლოოდ, ზემოთ აღნიშნული საკითხები ოჯახისა და ოჯახური აღზრდის შესახებ, რა თქმა უნდა, არასრულია და ეს საკითხი ამოუწურავია. მე შევეხე ყველაზე საინტერესო რამდენიმე საკითხს და ვეცადე წარმომედგინა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, შევეცადე წარმომედგინა ოჯახის უდიდესი მნიშვნელობა ბავშვის მომავალი სოციალური განვითარების კუთხით. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ოჯახი შესაძლოა იყოს საუკეთესო და სახიფათო გარემო ბავშვის სოციალიზაციის პროცესში, რაც ყველა მშობელმა უნდა გაიაზროს საკუთარ შვილთან ურთიერთობის პროცესში.

ავტორი: ლიკა ბაბლუანი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი მტრად გაზარდეო, რომ ამბობენ, ასე გაზრდილი ბავშვი ამ უხეშ ფორმებს რომ მიიღებს, რას დაგვიბრუნებს მერე, იმავეს, არა?!“ - შალვა ამონაშვილი

„ბავშვი მტრად გაზარდეო, რომ ამბობენ, ასე გაზრდილი ბავშვი ამ უხეშ ფორმებს რომ მიიღებს, რას დაგვიბრუნებს მერე, იმავეს, არა?!“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის სწორი აღზრდის პრინციპებსა და მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში მშობლის შეუცვლელ როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობლებს ბავშვის აღზრდაზე დიდი საქმე ამქვეყნად არ აქვთ:

„იმაზე დიდი საქმე, რაც ბავშვის აღზრდაა, მგონი, ჩვენ ამქვეყანაზე არ გვაქვს. ბავშვს როდესაც ვზრდით, გულს ვდებთ მასში, სიყვარულს ვდებთ, ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას, მონდომებას. თუკი რამე გვაქვს, მისთვის გვინდა ხოლმე, რომ გავიღოთ, არამარტო სულიერი, არამედ მატერიალურიც. თუ ქვეყანას კარგ ბავშვს გაუზრდი, ბედნიერი დედა ხარ მაშინ. „დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო,“ - ​ეს სწორედ ჩვენი, მშობლების ღირსებაზე მიუთითებს. ამრიგად ბევრი უნდა ვიფიქროთ ბავშვების აღზრდაზე, რა გვინდა მათგან, რა გვინდა გამოვიყვანოთ ისინი. რაც მთავარია კაცად კაციო, როგორც ილია იტყოდა ხოლმე.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვთან ერთად მაგიდაზე ჯდომისას, მას თანასწორად უნდა აღვიქვამდეთ და მასთან სერიოზული საუბარი უნდა შეგვეძლოს:

„ბავშვები ხშირად გვიერთდებიან მაგიდასთან, სუფრასთან. ხანდახან ჩვენც ვიწვევთ ხოლმე. ქართული სუფრა, თუ წესებით წარიმართება, აღმზრდელობითია. ხშირად ჩვენ ვარღვევთ ხოლმე ამ წესებს და ღრეობაში გადადის ხოლმე სუფრა. თუ მაგიდა კეთილშობილურია, ადამიანები საუბრობენ, ცხოვრების ამბებს ეხებიან, რაღაც სიბრძნეზე ლაპარაკობენ, წარსულს იხსენებენ, მომავალს გეგმავენ, არ გაგვიკვირდეს, რომ აქ შემოგვიერთდეს ექვსი წლის ბავშვი და რაღაც თავისი კითხვა დასვას. ჩვენ პრინციპი გვაქვს, რომ ბავშვი უნდა მივიღოთ, როგორც თანატოლი. თუ ის სუფრაზე მოიწვიეთ, მაგიდის წევრია. რატომ გინდათ ის მეორეხარისხოვნად მიიჩნიოთ?! ბავშვს უნდა თქვენი ტოლი იყოს. ზოგჯერ ბავშვი ისეთ კითხვას დაგვიყენებს, ჩიხში მოგვაქცევს ხოლმე. ამან არ უნდა გაგვაბრაზოს ჩვენ. მადლობა უნდა ვუთხრათ ბავშვს, სერიოზულად დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, ვუპასუხოთ . ​ახლანდელი ბავშვები არ გეგონოს 30-50-60-იანი წლების ბავშვები. ისინი სხვა ბავშვები არიან. მათ თავიანთი სხვანაირი გონებრივი აქტივობა, სითამამე აქვთ, ნუ წაართმევთ ამ სითამამეს. “

შალვა ამონაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვის მხრიდან მიუღებელი ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, მშობელი მას უნდა გაესაუბროს, რათა მიღებული წესების შესახებ სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს:

„თუ რაღაც უზრდელობა მოხდება ბავშვის მხრიდან, საღამოს მშობელმა უნდა უჩურჩულოს: „შვილო, იქნებ სხვა დროს მაგიდასთან ასე მოიქცე. ჩვენი მაგიდის წესი ასეთია და ისეთია.“ ბავშვი, ალბათ, ამას გამოასწორებს. თუ ბავშვი მაგიდასთან მოიწვიეთ, ის ამ მაგიდის წევრია. იმან მარტო კი არ უნდა გისმინოთ პირდაღებულმა, ის გისმენთ, თქვენთან ერთად აზროვნებს, თავის დონეზე თავისი კითხვები უჩნდება. ​ძალიან სერიოზულად უნდა მოუსმინოს ბავშვს სტუმარმაც და მშობელმაც. ასეთია ჰუმანური პედაგოგიკა. ავტორიტარული იტყოდა, აბა ახლა აქედან აიბარგე, ვინ გეკითხება შენ ამდენს რომ ლაპარაკობო. ბავშვიც აიბარგებოდა, წავიდოდა. ეს არის ბავშვი მტრად გაზარდეო, რომ ამბობენ. ასე გაზრდილი ბავშვი ამ უხეშ ფორმებს რომ მიიღებს, რას დაგვიბრუნებს მერე, იმავეს, არა?!“

შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია სიტყვა „დასჯა“ აღზრდის მთავარ ცნებად აღარ გამოიყენონ:

„მშობლებს ვურჩევ, რომ ​სიტყვა „დასჯა“ არ გაიხადონ, როგორც აღზრდის მთავარი ცნება. გამოაგდეთ ეს ყველაფერი. დასჯა კი არ უნდა, წახალისება უნდა ბავშვს. ეს უფრო ვიფიქროთ, როგორ მივიყვანოთ ბავშვი რაღაცის გაგებამდე. ამაზე მეტი ვიფიქროთ, რომ კარგი პედაგოგიკა მოვნახოთ, თორემ დასჯის პედაგოგიკის გამონახვას დიდი ძებნა არ უნდა. შედეგებიც ძალიან ნაკლები აქვს ამას. გვეშინია, რომ თუ ბავშვი სიკეთეში გავზარდეთ და მოხვდება ბოროტებაში, ხომ არ დამარცხდება. თეორიულად დავუშვათ, რომ ბავშვი მოხვდება გარემოში, სადაც ბევრი ბოროტებაა, იმან ფეხი წამოკრა რაღაცას, გული ეტკინა. აქედან ის დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ჩვენ ეს უკვე ოჯახში უნდა ვუჩვენოთ ბავშვს?! ღალატი უნდა ვუჩვენოთ, ორპირობა, ძალადობა და უხეშობა, რომ ამ გამოცდილებით გაუძლებს ბაზარსაც და ქუჩასაც?! ჩვენი აღმზრდელობითი ამოცანაა, მივცეთ ბავშვს ყველაფერი საუკეთესო. ნათქვამია: ჩაიდინე სიკეთე და მოხდეს, რაც მოხდებაო. ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვს სიყვარული სუფთა, დანდობა სუფთა, შენდობა გულწრფელი. ყველაფერი უნდა მივცეთ რაც შეიძლება დახვეწილი. თუ ამას მივცემთ, ეს ისეთი სიძლიერეა ადამიანის სულისა, რომ ასეთი სულის ადამიანი ყველაფერს გაუძლებს. თქვენ გგონიათ, ბოროტი უფრო გაუძლებს ბოროტებას?! სიკეთე უფრო გამძლეა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვენდობით ხშირად.“

„არ დაივიწყო შენი ბავშვობა, სულ გაიყოლე თან. ბავშვობა ჩვენი ფესვებია. იქიდან ვიწოვთ ჩვენ სიხალისეს, რომანტიკას, სიყვარულს. გავიხსენებთ ბებიას და სიკეთე გვიჩნდება, პაპას გავიხსენებთ და სიბრძნე მოგვინდება, ჩვენს ცელქობას გავიხსენებთ და გაგვეცინება. ​ეს ჩვენი ფესვები სულ თან უნდა ვატაროთ ჩვენც. რამდენჯერაც ხშირად გავიხსნებთ, იმდენჯერ ცხოვრება გაგვიადვილდება. ჩვენი ბავშვობა ჩვენი ცხოვრების გაადვილებაა. მე ჩემი ბავშვობა თან დამაქვს. ახლაც ჩემი ბავშვობითა და ჩემი ასაკით ერთად გელაპარაკეთ,” - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა „ამონაშვილის აკადემიის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად