Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    „მე რომ მკითხოთ, საერთოდ 7 წლის უნდა შედიოდეს ბავშვი სკოლაში,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ბავშვის სასკოლო მზაობაზე

    ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის სასკოლო მზაობის შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

    „სკოლამდე ხდება ბავშვის ჩამოყალიბება ემოციურად, კოგნიტურად. მშობლების და მასწავლებლების ძირითადი მოთხოვნა არის შემეცნებაზე: ბავშვმა უნდა იცოდეს ბევრი რამ, სკოლაში რომ შევა, იყოს პროფესორი. რეალურად სკოლისთვის მზაობა არ არის მხოლოდ ცოდნა. არის რაღაც შემეცნებითი უნარები, მაგრამ არა გამზადებული ცოდნა. ბავშვი სკოლაში გამზადებული ცოდნით არ უნდა მიდიოდეს. რაღაცები უნდა იცოდეს, ცხადია, რაც მის ასაკს შეეფერება, ფერები, ფორმები, შეიძლება ცნობდეს ასოებს ან ციფრებს, შეიძლება არ ცნობდეს. ბავშვი სამ ენაზე არ უნდა ლაპარაკობდეს. ენის სწავლა ყოველთვის შეიძლება და მითია, რომ რაც ადრე ისწავლის, მით უკეთესი.

    ყველაზე მთავარი მაინც არის ის, რომ ბავშვის ემოციური განვითარება არის უგულებელყოფილი. ბავშვს რამდენად შეუძლია დაბრკოლების გადალახვა, მითითების შესრულება, სიბრაზის მართვა, ეს ყველაფერი არის სასკოლო მზაობა. მე რომ მკითხოთ, საერთოდ 7 წლის უნდა შედიოდეს ბავშვი სკოლაში. ფინეთი ძალიან რომ მოსწონთ, იქ 7 წლის ასაკში შეჰყავთ ბავშვი სკოლაში. ჩვენთან დასწიეს კიდევ ასაკი და დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებსაც იღებენ. 3 თვე თითქოს არაფერს არ ნიშნავს, ეს თქვენთვის არ ნიშნავს უფროსებისთვის. პატარა ბავშვებისთვის 3 თვე ძალიანაც ნიშნავს.

    სკოლას, ცხადია, ძალიან დიდი როლი აქვს პირველ კლასში შესული ბავშვების ადაპტაციაში, შეგუებაში. ბავშვის კეთილდღეობა იზომება. ჩვენ ამას ვზომავთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, ბავშვი ამ ჯგუფში ბედნიერია თუ არა. უფროსებს ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს შედეგები, წლის ბოლოს ბავშვმა რა იცის. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, ელემენტარული მატრავმირებელი სიტუაცია როგორ უკლავს ბავშვს ნეირონალურ სისტემებს, რომლებიც აღარ მუშაობს მერე. კარგ აღმზრდელთან თანამშრომლობით მშობელი სწავლოს, რას მიაქციოს ყურადღება. ბავშვის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ თუ სასიამოვნო გარემო არ აქვს, არ სწავლობს. ბავშვი სწავლობს მნიშვნელოვანი უფროსისგან, რომლისგანაც გრძნობს პატივისცემას და მისთვის ეს უფროსი მნიშვნელოვანია. პატივისცემა ნიშნავს იმას, რომ შენ იგებ ბავშვის ემოციებს, ფიქრებს, აძლევ მას არჩევანის თავისუფლებას. ბავშვს უნდა შეუქმნა მასტმულირებელი გარემო განვითარებისა და შემეცნებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ ისაუბრა.

    წყარო:​ „Zoom განათლებაზე“ 

    წაიკითხეთ სრულად