Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    „ჩემი გამარჯვება შენ გეძღვნება, დე! შენ მშვიდად იყავი და მალე დაბრუნდი!“ - წლის საუკეთესო მასწავლებელი

    „ჩემი გამარჯვება შენ გეძღვნება, დე! შენ მშვიდად იყავი და მალე დაბრუნდი!“ - წლის საუკეთესო მასწავლებელი
    „ემოციებისგან ვიცლები და ვივსები. ყოველ დღეს რაღაც ახალი მოაქვს. ვდარდობ, რომ ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე, ყველას გადავუხადო მადლობა, თან ეს ფიქრი მაბედნიერებს, რამდენ ადამიანს უხარია ჩემი გამარჯვება. მადლობის გადახდა არ მღლის. პირიქით. მადლიერების გრძნობით ვარ სავსე.
    წინასწარ გაფრთხილებთ, შეგიძლიათ, არ წაიკითხოთ, რასაც ახლა დავწერ 🙂
    სულ რამდენიმე წუთში 51 წლის დედაჩემი ემიგრანტი გახდება. სულ რამდენიმე წუთში დაადგამს ფეხს უცხო ქვეყნის მიწაზე. 
    დედაჩემი, რომელიც 28 წლის დაქვრივდა. გოგო, რომელმაც ძალიან ახალგაზრდამ ბავშვობის სიყვარული დაკარგა. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე ამ ასაკს გადავაბიჯე, მივხვდი, რა პატარა ყოფილა მაშინ.
    არასოდეს ხმამაღლა არ მილაპარაკია მასზე. და ახლა ისე, როგორც არასდროს, მინდა ვუთხრა მას, რომ ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი ქალია მათ შორის, ვისაც ვიცნობ. და ჩემი გამარჯვება მას ეძღვნება.
    საკონკურსო აპლიკაცია ბოლო დღეს შევავსე. ვიდეოც ბოლო დღეს გადავიღე. და მაშინ, როცა ბავშვების მიყრილ-მოყრილ სათამაშოებში სკამი ჩავდგი, ბალიშებზე წამოვსკუპდი და ჩემს მასწავლებლობაზე ლაპარაკი დავიწყე, დედაჩემმა ჩემი ორი ქალიშვილი ეზოში სათამაშოდ ჩაიყვანა, რომ ხელი არ შემშლოდა. არ აღმოჩნდა მარტივი ვიდეოს გადაღება. მხოლოდ 2 საათის გასვლის შემდეგ დამირეკა, ბავშვებს ხელები გაეყინათ, თორემ მე კიდევ დიდხანს ვივლი ეზოშიო.
    ძალიან ბევრ ადამიანს უკითხავს - როგორ ასწრებ ამდენს? ეს მე არ ვყოფილვარ, ის ასწრებდა და მე საქმეს მიადვილებდა. მაშინ, როცა მე ტრენინგებზე, კონფერენციებზე, ლექციებზე დავდიოდი, როცა მოსწავლეებს ვხვდებოდი, როცა საჯარო ბიბლიოთეკაში წიგნს ვკითხულობდი, დედა იყო ჩემს შვილებთან. მაშინ, როცა ელენეს ან კატოს სიცხე ჰქონდათ, ის აცდენდა სამსახურს, მე - არასოდეს. და მე ყველაზე მშვიდად ვიყავი იმ დროს, რადგან შვილები მასთან მეგულებოდა.
    ძალიან, ძალიან მინდა, ჩემი შვილების და მოსწავლეების თაობა საზღვარგარეთ მხოლოდ იმიტომ წავიდეს, რომ განათლება მიიღოს, მერე კი უკან დაბრუნდეს და ამ ქვეყანას მოახმაროს ცოდნა.
    ძალიან მინდა, რომ უცხო ქვეყნებში სამოგზაუროდ მიდიოდნენ ადამიანები და არა იმიტომ, რომ აქ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ვერ მოახერხეს.
    მჯერა, რომ ასე იქნება. ის ვიცი, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.
    ჩემი წარმატების მიღმა უამრავი ადამიანი დგას. ყველაფერი მახსოვს, არაფერს არ ვივიწყებ. დიდი მადლობა, ადამიანებო!
    და მაინც, ჩემი გამარჯვება შენ გეძღვნება, დე! შენ რომ არა, არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ ❤️
    ახლა ყველაფერს მოვასწრებ, ყველაფერს შევძლებ! შენ მშვიდად იყავი და მალე დაბრუნდი!“

    ღნიშნულის შესახებ 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელმა, ნათია ფურცელაძემ საკუთარ ფეისბუქში ​დაწერა.
    წაიკითხეთ სრულად