Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    „ბავშვისთვის კითხვის სწავლება არის სკოლის საქმე, მშობლებმა ბავშვს ინფორმაცია და უნარები ძალით არ უნდა ჩატენონ,“ - ფსიქოლოგი ცირა ბარქაია

    ფსიქოლოგი ცირა ბარქაია გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვის სასკოლო მზაობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველაზე მთავარი მოსწავლის ინფორმირებულობის ხარისხია:

    „რას ვეძახით ზოგადად მზაობას? პირველ რიგში, იმას, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს სკოლაში, მას აქვს გარკვეული ინფორმაცია ამ დაწესებულების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ თავის დროზე მას მშობლებმა ინფორმაციით შეუწყვეს ხელი, გააგებინეს, რა დახვდება სკოლაში.“

    ცირა ბარქაიას თქმით, სასწავლო მზაობა წერა-კითხვის ცოდნას არ გულისხმობს:

    „ხშირად, როდესაც სასკოლო უნარებზეა საუბარი, აღვიქვამთ, რომ კითხვა უნდა იცოდეს ბავშვმა, წერა უნდა იცოდეს, ასოების ცნობა უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ბავშვისთვის კითხვის სწავლება არის სკოლის საქმე. როდესაც ასაკის შესაბამის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, რომ ბავშვი როდესაც სკოლაში შევა, მაშინ უნდა ისწავლოს კითხვა. მაშინ არის ის მზად, რომ დაეუფლოს წერა-კითხვას.“

    ცირა ბარქაია აღნიშნავს, რომ მშობელმა ბავშვს კითხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ასწავლოს, თუ ამას ბავშვი თავად ითხოვს:

    „თუ ბავშვი გამოხატავს მზაობას და ინტერესს სწავლის მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზად არის კონკრეტული ინფორმაციის ასათვისებლად. თუ ბავშვი ამბობს, რომ კითხვა, ხატვა ან ხაზვა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებმა ბავშვს ძალით ჩატენონ ინფორმაცია და უნარები. „უნდა ისწავლო კითხვა, უნდა ისწავლო წერა,“ მსგავსი ფრაზები საჭირო არ არის.“

    ცირა ბარქაია აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე მასწავლებელმა უნდა იზრუნოს:

    „სკოლაში მოსწავლეები ბევრი რამით განსხვავდებიან, მაგ. ვის როგორი მობილური უჭირავს, ვის რა რესურსები აქვს, ვის წიგნი აქვს, ვის რვეული. ბავშვებს კომპლექსები რომ არ გაუჩნდეთ, ეს პროცესი აუცილებლად მასწავლებელმა უნდა დაარეგულიროს. ინკლუზიურობა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართულობას ხომ არ გულისხმობს, ინკლუზიურობა ნიშნავს, რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური შესაძლებლობები აქვს და მასწავლებელმა ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს. როდესაც ვიღაცამ იცის კითხვა, ვიღაცამ არ იცის, თანატოლებმა ერთმანეთს არ უნდა დასცინონ. რა თქმა უნდა, პროცესში მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს სჭირდება მშობლის დახმარება რუტინის აწყობაში, როგორ იმეცადინოს, როგორი რუტინა უნდა ჰქონდეს, როგორ განეწყოს სამეცადინოდ. თავიდან, ცხადია, მას მშობელი უნდა დაეხმაროს. ეს არ უნდა მოხდეს იმის მერე, რაც ბავშვი სკოლაში სიარულს დაიწყებს. რუტინის აწყობა იწყება მანამდე. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაც ამ მხრივ ძალიან დიდ როლს ასრულებს. საჭიროა, რომ ბავშვი გარკვეულ დღის წესრიგს გადიოდეს.“

    „პანდემიის მოცემულობაში ვითარება სწრაფად იცვლება. ამ სპონტანურ გარემოს ზრდასრულები ვერ ვეწევით. ძალიან რთულია, რომ ბავშვი გამოყვეს ჩვენს დაბნეულობას. ამ ეტაპზე სიტუაციურად მშობელი უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ბავშვთან მუშაობაში. მნიშვნელოვანია, რა მხარდაჭერას სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებს და შემდგომ დაწესებულებები რა მხარდაჭერას სთავაზობენ მშობლებს. დამატებითი მხარდაჭერის სერვისები, ცხადია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს ცირა ბარქაია.

    წაიკითხეთ სრულად