Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    განათლების მინისტრი სექტემბრიდან სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვას აანონსებს

    განათლების მინისტრი სექტემბრიდან სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვას აანონსებს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტ ენტონი სალსიტოსთან ვიდეოკონფერენცია გამართა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

    „COVID-19-ის პანდემიის დროს შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა, რომ ურთიერთდახმარებასა და გამოცდილების გაზიარებას სერიოზული გამოწვევის დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ აპრობირებული და მარტივად გამოსაყენებელი პროგრამის – Microsoft Teams-ის საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვამ საქართველოს განათლების სისტემის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გამოცდილება, რომელიც კრიზისის დროს მივიღეთ, პოსტპანდემიურ პერიოდშიც გამოგვადგება. მჯერა, როდესაც სწავლების ტრადიციულ მეთოდებს დავუბრუნდებით, ახლადშექმნილი ვირტუალური ინფრასტრუქტურა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება,“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

    შეხვედრაზე მხარეებმა Microsoft-ის გლობალურ ინიციატივებში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო როგორც განათლების, ასევე, კულტურისა და ელექტრონული სპორტის მიმართულებით ახალი პროგრამების დანერგვას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

    მიხეილ ჩხენკელმა Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტს სამინისტროს უახლოესი გეგმებიც გააცნო, კერძოდ, მინისტრი პროგრამა Microsoft TEAMS-ის ქართულ ენაზე თარგმნის საკითხს შეეხო და ამ საქმეში ენტონი სალსიტოს მხარდაჭერაც მიიღო.

    მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყების გეგმაა სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში Microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამის „Minecraft Education Edition“ დანერგვა. ეტაპობრივად კი პროგრამა საქართველოს ყველა სკოლას მოიცავს. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის. „Minecraft Education Edition“ პროგრამის მეშვეობით გაადვილდება საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ჯგუფური სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულება კი მოსწავლეებისთვის უფრო მეტად სახალისო გახდება.

    ვიდეოკონფერენციას Microsoft-ის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ: რეგიონული დირექტორი ანკე დე ოინენი, რეგიონის განათლების სექტორის მენეჯერი ალბენა სპასოვა, განათლების სექტორის დირექტორი ევროპის რეგიონში პეტრონელა გოელი და Microsoft Georgia-ს განათლების მიმართულების წარმომადგენელი დავით ჭიაბერაშვილი.

    წაიკითხეთ სრულად