Baby Bag

​მასწავლებლის წერილი მასწავლებლებს

​მასწავლებლის წერილი მასწავლებლებს

დემოკრატიული კულტურის, ღირებულების, პრინციპისა და ფასეულობის გადაფასებას მოქალაქე ადრეული ასაკიდან უნდა იწყებდეს. სწორედ ესაა განვითარებული სამყაროს მთავარი თეზა, რომელზეც ღია, ტოლერანტული, მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოებები დგანან. 

ამგვარ დღის წესრიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად არის ჩვენი ადგილი და რა ფუნქციებით ვიყოთ შეიარაღებულნი. რადგან სწორედ ამ გზით შევძლებთ პასუხისმგებელ, ანგარიშგასაწევ, მოქალაქის ფორმირებას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეცვალოს უკეთესისკენ.

სწორედ რომ ჩვენზე, მასწავლებლებზეა დამოკიდებული როგორ საზოგადოებაში ვიცხოვრებთ და რა მოცემულობას შევქმნით. ჩვენ ხომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ, პიროვნების ჯანსაღი ფორმირების პროცესში, ეს კი მეტად სახელმწიფოებრივი საქმიანობაა, რომელსაც უპასუხისმგებლოდ ვერ მოეკიდები.

ჩემთვის, არა როგორც იმ საგნის მასწავლებლისთვის, რომელსაც ვასწავლი (სამოქალაქო განათლება), არამედ როგორც, ზოგადად, მასწავლებლისთვის უმთავრესია შევქმნა ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო და ვიხელმძღვანელო ყველა იმ კომპეტენციით, რომელიც მიმართული იქნება მოსწავლეში იმ უნარ-ჩვევებისა თუ ღირებულებითი სისტემის განვითარებისკენ, რომლის ქონაც აუცილებელია ჰუმანური ადამიანისთვის. გულწრფელად მჯერა და ვიცი კიდეც რომ სისტემაში მრავლად ხართ ამგვარად მოაზროვნე მასწავლებლები, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვით დოგმებსა და ფობიებს და უდიდეს როლი შეგაქვთ თავისუფალი, ღია, სოლიდარული, ტოლერანტი, მოქალაქის აღზრდის პროცესში.

რა ვიცით ადამიანის უფლებების სახელმწიფოსა და საზოგადოების შესახებ? როგორ გვესმის ეს ცნებები და საერთოდ რა ღირებულებების მატარებლები ვართ. მასწავლებელი, რომელიც თავად არაა თავისუფალი, ინფორმირებული, აქვს მიმღებლობის პრობლემა და იმ დამოკიდებულებებით ცხოვრობს, რომლითაც არა სხვისი უფლების დამცველი არამედ დამსჯელი და წამქეზებელი იქნება როგორ შეძლებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებას ისე, რომ არ მოახდინოს ფატალური ზეგავლენა ბავშვის ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე.

ზუსტად ამიტომ, ვფიქრობ, ყველა მასწავლებელი ვალდებული ვართ თავადაც გააზრებული გვქონდეს და სხვებსაც ვუზიარებდეთ ცოდნას იმის შესახებ, რომ:

1. ადამიანის უფლებები წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან ქვაკუთხედს, რომელზეც დგას სახელმწიფოს განვითარება და სტაბილურობა, ამიტომ აუცილებელია იმის აღიარება, რომ ყველა ადამიანს განურჩევლად მისი სქესისა, რელიგიური მრწამსისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა მახასიათებელისა აქვს უფლებათა მთელი სპექტრი, რომელთა დაცვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა და დაუშვებელია თავად სახელმწიფო უწყობდეს ხელს ადამიანთა ჩაგვრას, დისკრიმინაციას, გარიყვას.

2. ვალდებულები ვართ დავიცვათ თითოეული მოსწავლის უნიკალური მახასიათებლები და მივცეს მათ თვითგამოხატვის შესაძლებლობა, რადგან თუ ასე არ მოვიქცევით დავარღვევთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

3. მჩაგვრელისა და დიქტატორის როლის მორგებით მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებებს კი არ ვიწვევთ არამედ ხაზს ვუსვამთ ჩვენს არაპროფესიონალიზმს. (ჯანსაღი მეთოდებიც არსებობს საუკეთესო შედეგზე გასასვლელად).

4. ჩვენ ვზრდით მათ, ვინც უნდა იპოვნოს საკუთარ ადგილი და დანიშნულება სამყაროში თუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ამ პროცეს ან სხვა გზით წავიყვანოთ, ადამიანის უბედურების მიზეზიც შეიძლება გავხდეთ!

5. თუ გვაქვს არა ფობიური, არამედ ჰუმანური პასუხი დიდაქტიკურ შეკითხვებზე (ვინ აღვზარდო? რა ვასწავლო? როგორ ვასწავლო? ) იმაზე უფრო კარგი საქმეების კეთებას შევძლებთ, ვიდრე როდესმე წარმოგვედგინა.

და ბოლოს, პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პროფესიაში შესვლით ავიღეთ მხოლოდ ცოდნასა და გაგებას კი არ გვავალდებულებს, არამედ საუბარსაც პატივი ვცეთ ჩვენს პროფესიას ვიზრუნოთ მის განვითარებაზე და ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მრავლად გვაქვს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იყოს. 

ავტორი: მზეო შველიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ განვახორციელოთ სოციალური პროექტი? - მაგალითი

როგორ განვახორციელოთ სოციალური პროექტი? - მაგალითი

გთავაზობთ თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის სოციალურ პროექტს - „დავიცვათ გარემო“.

პროექტის ხელმძღვანელი: მარინე ტაკიძე

სამიზნე ჯგუფი: მეორე კლასი

პროექტის თემა: დავიცვათ გარემო

პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი 08.04 2019, დასასრული 06.05.2019

პროექტის აქტუალობა/რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?

პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტითა და აქტივობით. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან.

რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას?

  • იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;
  • იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა;
  • მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან;
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;
  • მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან ურთიერთობას , რაც მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.


პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლების შედეგები

მიზნები:

  • დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო;
  • განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ;
  • დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა, მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება;
  • გრძელვადიანი მიზნები:
  • მოსწავლემ შეძლოს ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან, შეძლოს გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
  • გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.

ინტეგრირებული საგნები, ბუნება, ხელოვნება, ისტი

სტანდარეტები:

ბუნება

ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
ბუნ.II.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.

ისტი

ის.ტექნ.დაწყ.2.აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ ზოგიერთ ძირითად ფუნქციას (მაგალითად: მონიშვნა,
ის.ტექნ.დაწყ.2. ქმნის ფაილებსა და საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპით, მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით.
ხელოვნება
ს.გ.II.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში
ს.გ.II.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
ს.გ.II.13. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ყოველდღიურ ცხოვრებასა და საკუთარ გამოცდილებასთან

მათ შორის მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები:

  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
  • შემოქმედებითი უნარები
  • კომუნიკაციის უნარი
  • ინფორმაციის ზუსტად შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით

პროექტის მსვლელობა:

მოსალოდნელი შედეგები: მოსაწვლეებს განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, ეს გავლენას იქონიებს არამხოლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე, არამედ დაწყებითი კლასების ბავშვებზე (დაახლოებით 25 მოსწავლე), რომლებთანაც ამჟამად ამ მხრივ შედარებით ნაკლები პრობლემაა მასწავლებლების ძალისხმევით, თუმცა მათთანაც არსებობს საშიშროება იმისა, რომ დამოუკიდებლად იგივეს არ გააკეთბენ, რასაც მასწავლებლის თანდასწრებით აკეთებენ. ამიტომ მოსწავლეები კარგი მაგალითის მიმცემი იქნებიან და ეს არაპირდაპირ დადებით გავლენას იქონიებს მათზე.

პროექტის იდეა გაჩნდა ბუნების გაკვეთილზე, როდესაც გავდიოდით თემას „ადამიანი და გარემო“.პროექტის დაწყებამდე გამოვიყენე სტრატეგია „ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე“, რის საშუალებითაც გავიგე რის გაგება სურდათ მოსწავლეებს. განისაზღვრა მშობელთა და მოსწავლეთა როლი პროექტში, დავგეგმეთ აქტივობები და შევუდექით მუშაობას.

შეხვედრა პირველი

პროექტი დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით. ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი, გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, როგორც უნდა წარიმართოს პროექტი. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით შევავსობინე (ვმვ) სქემის ვიცი, მინდა ვიცოდე ნაწილები.

მოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ, რონ ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია. ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, რის შედეგადაც ჩნდება ის, რაც მათ აღარ სჭირდებათ - ნარჩენები.

შევთავაზე აქტივობა – „ექსკურსია ბუნებრივ გარემოში“ ბავშვებს ვთხოვე, დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.

აქტივობის არსი იყო მოსწავლეებმა შეიგრძნონ და აღიქვან ბუნებრივი გარემო არამარტო მხედველობით, არაამედ სხვა შეგრძნებითაც და მიხვდნენ, რომ ბუნებრივი გარემო განსხვავდება ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოსგანაა.

საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ უპასუხეს კითხვებზე და გააკეთეს ჩანაწერები.

1. სოფელს ემსახურება თუ არა სანაგვე მანქანა?
2. როგორი გარემოა სკოლის ეზოში?
3. როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?
4. სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი?

შეხვედრა მეორე

მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებით მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენე დოკუმენტური ​ფილმი, რომელშიც ასახულია დაბინძურებული გარემო და ადამიანთა ქმედებების სავალალო შედეგები. წარვმართეთ დისკუსია შემდეგ კითხვებზე:
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დაბნაგვიანებას ადამიანისათვის?
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ცხოველებისათვის?
მოსწავლეები აღწერენ სახელმძღვანელოში მოცემულ ფოტოებს - როგორ იქექება ცხოველი ნაგავში, ქალაქში უადგილოდ დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს, ჰაერის დაბინძურება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი. პასუხი კითხვაზე.- ვის (რას) ელის საფრთხე ამ გარემოში? მოსწავლეებმა ინდივიდუალურად გამოთქვეს ვარაუდები და გააკეთეს ჩანაწერები სურათების შესაბამისად.

შეხვედრა მესამე

ექსკურსია სკოლის გამწვანებულ გარემოში და მცირე დისკუსია კითხვებზე:

- როგორ გგონიათ, ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ჰაერის წყლის და საერთოდ გარემოს დანაგვიანება?
- არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
- პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?
- როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?

დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახში გადანაწილდნენ ორ ჯგუფად და გააკათეს ნახატი სუფთა და დანაგვიანებული გარემოს შესახებ, რომელზეც ნათლად ჩანდა ის გარემო პირობები თუ როგორ იქმნება სუფთა და დანაგვიანებული გარემო.

ჯგუფის ყველა წევრმა მონაწილეობა მიიღო ნამუშევრის პრეზენტაციაში დროის ლიმიტის დაცვით.

შეხვედრა მეოთხე

მას შემდეგ, რაც მოსწავლეთათვის ნათელი გახდა, რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსთვის თავისთავად გაჩნდა კითხვა:
-როგორ დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან?
მოსწავლეებს განვუმარტე, რომ გარემოს დაცვის ერთ-ერთი ხერხია გარემოს დასუთავება, ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნითა და თვალსაჩინო ადგილებში გამოფენით;
მოსწავლეები გავყავი ჯგუფებად და იმუშავეს პლაკატების შექმნაზე დანაგვიანების საწინააღმდეგოდ.

შეხვედრა მეხუთე

შეხვდნენ ბაღის ბავშვებს დაურიგეს მათთვის სპეციალურად გამზადებულ კანფეტები და შეფუთული სხვა ტკბილეულ. სთხოვეს შეეჭამათ, დააკვირდნენ სად დაყრიდნენ კანფეტის და სხვა ნარჩენებს. გამართეს მცირე დისკუსია ბავშვებთან - როგორ ბინძურდება ჩვენი გარემო? ბაღის ბავშვებმა უნდა გაეაზრებინათ რომ დანაგვიანება ხდება ნარჩენებით. საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ იმუშავეს დამოუკიდებლად სამუშაო რვეულებში სადაც დანაგვიანების ამსახველი ფოტოებია მოცემული.

შეხვედრა მეექვსე

მოსწავლეებმა ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილინის პარკების გამოყენებით დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია და შეგროვებული ნაგავი მოათავსეს ნაგვის ურნაში, თან იმსჯელეს რა გაიგეს ახალი? რატომ გამოიყენეს ხელთათმანი?
წინა გაკვეთილზე შექმნილი პლაკატები კი სისუთავის დაცვის მიზნით გააკრეს საკლასო ოთახში, დერეფანში და სკოლის ეზოში, ამ ფორმით მათ შეძლეს თანატოლებისთვის გაეცნოთ თუ როგორ უნდაც დაიცვან გარემო.

შეხვედრა მეშვიდე

შეაჯამე მოსწავლეების მიღებულ ცოდნა და გამოცდილება. ​ვიდეოს ჩვენებით, კიდევ ერთხელ განვუმარტე მოსწავლეებს, რომ ადამიანის საქმიანობა იწვევს გარემოს სხვადასხვა კომპონენტის დანაგვიანებას: ზოგ შემთხვევაში წყალი ბინძურდება, ზოგ შემთხვევავში ნიადაგი, სხვა შემთხვევაში ჰაერი. შეავსეს ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლეს ბოლო ნაწილი.
მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა იმუშავა კედლის გაზეთის დავიცვათ გარემოს მოზადებაზე, ხოლო მეორე ჯგუფმა კი გადაღებული სურათებით პროგრამა Pover Point-ში მოამზადა პრეზენტაცია.

შეხვედრა მერვე

მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგენეს საბოლოო პრუდუქტი კედლის გაზეთისა და სლაიდ შოუს სახით (გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა), რომელიც გამოეკრა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.
შეფასება: მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარებია. შეფასდნენ პროექტის სამივე ეტაპზე:
1. შეფასდა მათი ინტერესები და წინარე ცოდნა
2. თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი
3. პრეზენტაციაზე შეფასდა მათი საპრეზენტაციო უნარები და შემოქმედებითი უნარები

ხოლო საბოლოო შეფასება მოხდება კათედრის მიერ.

დასკვნა:

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ გაკვეთილები, სადაც გამოყენებულია კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო და ვიდეო მასალები და უფრო მეტად მოსწონთ, თუ თვითონ მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ინფორმაციისა და საჭირო მასალის მოძიებაში.

თანატოლებთან ურთიერთობამ კი მნიშნელოვანი როლი ითამაშა მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.

შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტის შემდეგ ბავშვებს აღარ გაუჭირდებათ უპასუხონ კითხვებზე რა მნიშვნელობა აქვს გარემოს ადამიანისათვის, როგორ ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას, რის გაკეთება შეუძლიათ მათ ამ პრობლემის გადასაჭრელად და როგორ უნდა მოიქცნენ შესაბამის შემთხვევაში.

პროექტის გეგმა და პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ​ბმულზე.

 

წაიკითხეთ სრულად