Baby Bag

სამი საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად

სამი საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. თუ წელს დღესასწაულის გატარება განსხვავებულად გადაწყვიტეთ და მოგზაურობაც გიყვართ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

სამი ადგილი, რომელსაც წარმოგიდგენთ ახალ წელს განსაკუთრებით ჯადოსნურად გამოიყურება, სასიამოვნოდ გაგაოცებთ და გამგზავრების სურვილსაც აუცილებლად აღგიძრავთ!

1. ავსტრალია, სიდნეი

ის, რომ ახალი წელი ყველასათვის განსაკუთრებული დღესასწაულია, სიდნეიში მშვენივრად იციან. ყოველ წელს აქ ფოიერვერკების გასაოცარი შოუ ეწყობა, რომლის სანახავადაც საუკეთესო ადგილი ჰარბორის ხიდი და ბოტანიკური ბაღია. თუმცა, ალბათ არც ის გაგიკვირდებათ, რომ შოუს საყურებლად თადარიგი უნდა დაიჭიროთ, ვინაიდან მას მთელი წელი, მილიონობით ადამიანი ელოდება.

გარდა ამისა, თუ ახალ წელთან ერთად ზაფხულიც გიყვართ, ავსტრალია სწორედ თქვენთვისაა! დღესასწაულის პარალელურად შეგიძლიათ, ზაფხულის სანაპიროზე სეირნობითაც იჯეროთ გული და სიცივისგან დაღლილებმა თავი ცხელ ზაფხულს ავსტრალიაში შეაფაროთ.

2. ლაპლანდია, ფინეთი

სიცივის სუნი, დათოვლილი ნაძვები, პოლარული ღამეები, ირმის ეჟვნების ჟღარუნი და ფაფუკი თოვლი - ეს ლაპლანდიაა! უმშვენიერესი მყუდრო გარემო თავს ნამდვილ ზღაპარში გაგრძნობინებთ.

აქ შესანიშნავად შეძლებთ, დაისვენოთ და თან ულამაზესი გალერიები დაათვალიეროთ. ყინულის მუზეუმი, რომელიც მხოლოდ ზამთრის სეზონზე ფუნქციონირებს, თავს ჯადოსნურ სამყაროში გაგრძნობინებთ. კომპლექსში თავმოყრილია საბავშვო თოვლის გორაკები, ყინულის სასტუმროები და კაფე-ბარები.

გარდა ამისა, არ შეიძლება ლაპლანდიიდან ისე წამოხვიდეთ, რომ მარხილით მოგზაურობაზე უარი თქვათ. ამაში კი უალამაზესი ირმები ან ყოველთვის ერთგული ძაღლები დაგეხმარებიან.


​3.ტოკიო, იაპონია

თუ სულსწრაფი ბრძანდებით და ახალ წელს განსაკუთრებით ელოდებით, იმსახურებთ მას პირველი შეხვდეთ. იაპონია კი ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

ქვეყანა, სადაც ახალი წელი პირველი დგება, დღესასწაულს განსაკუთრებული ტრადიციებით ხვდება. ახალი წლის ღამეს ბუდისტურ ტაძრებში 108-ჯერ რეკავენ ზარს და ყველაფერ ცუდს ძველ წელს ატანენ. ზარის ხმა მთელ ქალაქში ისმის, ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებია გრძელდება.

ხოლო თუ საახალწლოდ კულტურული შოკით დაღლილებმა ნუგბარის დაგემოვნებაც გადაწყვიტეთ, სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით Osechi / ოსეჩის, ანუ სხვადასხვანაირად მომზადებულ ნუგბარსა და კერძებს ხის კოლოფებში.

ავტორი: მარიამ მახარაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ბავშვის დამტოვებელი გყავთ და რამდენიმე თავისუფალ დღეს გამონახავთ, გასწავლით, როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თუ ბავშვის დამტოვებელი გყავთ და რამდენიმე თავისუფალ დღეს გამონახავთ, გასწავლით, როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მოგზაურობა ყველასთვის საინტერესო და დაუვიწყარ თავგადასავლებთან, დასვენებასთან, განტვირთვასთან ასოცირდება. ვის სჭირდება დასვენება ყველაზე მეტად, თუ არა გადაღლილ, უძინარ მშობლებს, რომლებსაც პატარები ჰყავთ.

ახალბედა მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ საკუთარი სიამოვნება და დასვენება უკანა პლანზე უნდა გადაწიონ და ყველაფერი შვილებისთვის უნდა გადადონ. არადა შვილებს ყველაზე მეტად დასვენებული მშობლები სჭირდებათ.

ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ძვირი სიამოვნებაა და თავსაც იკავებთ. თუმცა თუ იმ რჩევებსა და ხრიკებს გაითვალისწინებთ, რაც ავიაბილეთების შეძენასთან არის დაკავშირებული, მაშინ შეძლებთ, საკამოდ ბიუჯეტურ ფასად თქვენი ოცნების მოგზაურობა, დასვენება, განტვირთვა მოიწყოთ.

გთავაზობთ 6 რჩევას ავიაბილეთების იაფად შესაძენად:

1. ავიაბილეთები აუცილებლად თვენახევრით ან ორი თვით ადრე უნდა შეიძინოთ რადგან, როგორც წესი, ფრენის თარიღის მოახლოებასთან ერთად, თვითმფრინავში ადგილების რაოდენობა იზღუდება და ფასებიც იზრდება.

2. ​ავიაბ​ილეთების ფასები სეზონების მიხედვით ცვალებადია. თუ ბიუჯეტური მოგზაურობა გსურთ, ამისათვის აირჩიეთ გაზაფხული ან შემოდგომა, რადგან ზაფხულსა და ზამთარში, განსაკუთრებით საშობაო პერიოდში, ავიაბილეთებზე ფასები საკმაოდ მაღალია, მოთხოვნიდან გამომდინარე.

3. როგორც წესი, ავიაბილეთები სამუშაო დღეებში შედარებით დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ, ვიდრე შაბათ-კვირას.

4. თუ გასამგზავრებლად აირჩევთ დილის ან ღამის რეისებს, შეძლებთ ​ავიაბილეთების იაფად შეძენას, რადგან ამ პერიოდში, დისკომფორტის გამო, ნაკლები მოთხოვნა არის ხოლმე ავიაბილეთებზე.

5. თუ ორი გზის ავიაბილეთის შეძენას გეგმავთ, აუცილებლად შეიძინეთ ერთად, რადგან ამ შემთხვევაში სააგენტოები და ავიაკომპანიები უფრო დაბალ ფასად გვთავაზობენ მათ, ვიდრე ცალ-ცალკე შეძენისას.

6. ამ რჩევებთან ერთად, მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ მოხერხებული საძიებო სისტემა. მაგალითად, ​AVIA.GE-ს ვებსაიტი და აპლიკაცია დაგეხმარებათ კომფორტულად და მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.

წაიკითხეთ სრულად