Baby Bag

სამი საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად

სამი საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. თუ წელს დღესასწაულის გატარება განსხვავებულად გადაწყვიტეთ და მოგზაურობაც გიყვართ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

სამი ადგილი, რომელსაც წარმოგიდგენთ ახალ წელს განსაკუთრებით ჯადოსნურად გამოიყურება, სასიამოვნოდ გაგაოცებთ და გამგზავრების სურვილსაც აუცილებლად აღგიძრავთ!

1. ავსტრალია, სიდნეი

ის, რომ ახალი წელი ყველასათვის განსაკუთრებული დღესასწაულია, სიდნეიში მშვენივრად იციან. ყოველ წელს აქ ფოიერვერკების გასაოცარი შოუ ეწყობა, რომლის სანახავადაც საუკეთესო ადგილი ჰარბორის ხიდი და ბოტანიკური ბაღია. თუმცა, ალბათ არც ის გაგიკვირდებათ, რომ შოუს საყურებლად თადარიგი უნდა დაიჭიროთ, ვინაიდან მას მთელი წელი, მილიონობით ადამიანი ელოდება.

გარდა ამისა, თუ ახალ წელთან ერთად ზაფხულიც გიყვართ, ავსტრალია სწორედ თქვენთვისაა! დღესასწაულის პარალელურად შეგიძლიათ, ზაფხულის სანაპიროზე სეირნობითაც იჯეროთ გული და სიცივისგან დაღლილებმა თავი ცხელ ზაფხულს ავსტრალიაში შეაფაროთ.

2. ლაპლანდია, ფინეთი

სიცივის სუნი, დათოვლილი ნაძვები, პოლარული ღამეები, ირმის ეჟვნების ჟღარუნი და ფაფუკი თოვლი - ეს ლაპლანდიაა! უმშვენიერესი მყუდრო გარემო თავს ნამდვილ ზღაპარში გაგრძნობინებთ.

აქ შესანიშნავად შეძლებთ, დაისვენოთ და თან ულამაზესი გალერიები დაათვალიეროთ. ყინულის მუზეუმი, რომელიც მხოლოდ ზამთრის სეზონზე ფუნქციონირებს, თავს ჯადოსნურ სამყაროში გაგრძნობინებთ. კომპლექსში თავმოყრილია საბავშვო თოვლის გორაკები, ყინულის სასტუმროები და კაფე-ბარები.

გარდა ამისა, არ შეიძლება ლაპლანდიიდან ისე წამოხვიდეთ, რომ მარხილით მოგზაურობაზე უარი თქვათ. ამაში კი უალამაზესი ირმები ან ყოველთვის ერთგული ძაღლები დაგეხმარებიან.


​3.ტოკიო, იაპონია

თუ სულსწრაფი ბრძანდებით და ახალ წელს განსაკუთრებით ელოდებით, იმსახურებთ მას პირველი შეხვდეთ. იაპონია კი ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

ქვეყანა, სადაც ახალი წელი პირველი დგება, დღესასწაულს განსაკუთრებული ტრადიციებით ხვდება. ახალი წლის ღამეს ბუდისტურ ტაძრებში 108-ჯერ რეკავენ ზარს და ყველაფერ ცუდს ძველ წელს ატანენ. ზარის ხმა მთელ ქალაქში ისმის, ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებია გრძელდება.

ხოლო თუ საახალწლოდ კულტურული შოკით დაღლილებმა ნუგბარის დაგემოვნებაც გადაწყვიტეთ, სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით Osechi / ოსეჩის, ანუ სხვადასხვანაირად მომზადებულ ნუგბარსა და კერძებს ხის კოლოფებში.

ავტორი: მარიამ მახარაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

24-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ არგენტინის უდაბნოში დაკარგული 5 წლის ბიჭი იპოვეს. ბენჯამინ სანჩეზს გაუჩინარების ადგილიდან 21 კილომეტრში მიაგნეს. ინფორმაციას ​BBC ავრცელებს.

5 წლის ბიჭი ოჯახთან ერთად მოგზაურობის დროს დაიკარგა. მას 1000-მდე პოლიციელი, სამოქალაქო აქტივისტი და მოხალისე ეძებდა.

„მესმოდა დედა როგორ მეძახდა, მე კი გავრბოდი. შემდეგ დავიკარგე. მციოდა, ცუდად მეძინა, ქვებზე ვიწექი“, - იხსენებს ბენჯამენი, რომლესაც მხოლოდ მოკლემკლავიანი მაისური და თხელი შარვალი ეცვა. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ბალახს ჭამდა და ნაკადულის წყალს სვამდა.

გამოცემის ცნობით, რაიონში, სადაც ბიჭი დაიკარგა, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება - დღისით +30°С ღამით კი - 0 °С.

ბენჯამენ სანჩეზი, ორშაბათს, დეჰიდრატაციის სიმპტომებით სან ხუანის საავადმყოფოში შვეულმფრენით გადაიყვანეს, ხოლო სამშაბათს გამოწერეს.

წაიკითხეთ სრულად