Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა, ეს იშვიათი მომენტია...“- შალვა ამონაშვილი

„მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა, ეს იშვიათი მომენტია...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებს შორის კონფლიქტის აცილების გზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ მშობელმა ბავშვები ერთმანეთს არ შეადაროს. ვინ უფრო გააკეთა, ვინ ვერ გააკეთა, ვინ ვის უნდა დაუთმოს, ეს შეფასებები ბავშვებს არ უნდა გავუკეთოთ ჩვენ. არ ივარგებს დიდს ვთხოვოთ, რომ სულ დაუთმოს. პატარას კი უნდა ვთხოვოთ, რომ მოუსმინოს უფროსს, უფროსია ის, იცის რაღაცები. დიდი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ პატარას აღზრდაში. ცალკე უნდა ესაუბროთ უფროსს. უნდა უთხრათ: „ის ჯერ გამოუცდელია, შენ დიდი ხარ. შენ ეს იცი, ის იცი. დაგვეხმარე, რომ ჩვენ ეს პატარა აღვზარდოთ.“ ნელ-ნელა ვასწავლოთ, როგორ დაგვეხმაროს, ყურადღებიანი იყოს, დამთმობი იყოს, დაიცვას ის, ეთამაშოს მას.

„თუ უფროსს გამოუვა და კარგი გამოუვა უმცროსის მიმართ, უნდა გავაზვიადოთ და უთუოდ მადლობა ვუთხრათ უფროსს. მადლობა ვუთხრათ ძილის წინ. მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა. ეს იშვიათი მომენტია ძილის წინ დასარიგებლად, გზაზე დასაყენებლად, მადლობის გადასახდელად, რაღაცის თხოვნა რომ გვინდა ბავშვისთვის. ძილის წინ მიუჯდეს დედა, მამა, უთხრას ბავშვს: „შვილო, მადლობა, რომ დღეს ასე დაგვეხმარე. მადლობა, რომ კარგად მოექეცი შენს ძმას, დიდი მადლობლები ვართ ამისთვის.“ მშობელმა უნდა დაარწმუნოს, რომ მან რაღაც გააკეთა. ეს მისი თვითშეფასება იქნება. პატარასაც თავისი უნდა ვუთხრათ, რომ გაუგონა, დაუჯერა უფროსს. ეს კარგი იყო ძალიან. მადლობა გამოუცხადეთ ბავშვს,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​ამონაშვილის აკადემია

წაიკითხეთ სრულად