Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ დედა დაუღეჭავად კოვზით ჩქარ-ჩქარა აყლაპებს ბავშვს საკვებს, სითბოს არ გამოხატავს მის მიმართ, ირღვევა კვებითი დამოკიდებულება,“- ნათია ფანჯიკიძე

„თუ დედა დაუღეჭავად კოვზით ჩქარ-ჩქარა აყლაპებს ბავშვს საკვებს, სითბოს არ გამოხატავს მის მიმართ, ირღვევა კვებითი დამოკიდებულება,“- ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ კვებითი აშლილობების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემის სათავე, შესაძლოა, ადამიანის ადრეულ ბავშვობაში იმალებოდეს:

„დროული ჩარევა აუცილებელია, განსაკუთრებით, თუ გენეტიკაში არის რომელიმე რთული კვებითი აშლილობა. მაგალითად, ანორექსია ფსიქიკურ დაავადებათა შორის ნომერი პირველია სიკვდილიანობით.

ყურადღების მიქცევა ყველაზე სწორია ორალურ ფაზაში, ძალიან მცირეწლოვან ბავშვობაში. როგორც წესი, ამ ფაზაში ირღვევა კვებითი დამოკიდებულება. თუ დედა დაუღეჭავად კოვზით ჩქარ-ჩქარა აყლაპებს საკვებს, სითბოს არ გამოხატავს მის მიმართ, თუ ბავშვი გაჯეტებში უყურებს ამ დროს რამეს, ვერ კონცენტრირდება გემოზე, ფაქტურაზე, ვერ იღებს პროცესისგან სიამოვნებას, როგორც წესი ამის რეპლიკა არის ერთგვარი ჩაყრა საკვების, სიცარიელის ამოვსება.

ფროიდის მიხედვით ორალურ ფაზაში, როდესაც ბავშვი გადადის კბენაზე, ამ დროს მას რომ ვწევთ გვერდზე, მაშინ იღებს ტრავმას, რომ სიამოვნების მიღება მისთვის ყოველთვის არ არის შეთავაზებული. ძალიან მცირეწლოვან ასაკში როგორ ვეფერებით ბავშვს, კვების პროცესი როგორი სიამოვნებით და სიმშვიდით არის სავსე, ეს მას აუცილებლად გამოადგება მოზარდობაში. მოზარდობაში ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენად ჭარბია და მუდმივია ბავშვის ასეთი თვითაღქმა, რომ ის არ არის საკმარისად ლამაზი, გამხდარი,“- აღნიშნულ საკითხზე ნათია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“

წაიკითხეთ სრულად