Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ გინდათ, რომ თქვენი მარხვა იყოს ნაყოფიერი, დაისახეთ ეს კონკრეტული მიზანი...“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

„თუ გინდათ, რომ თქვენი მარხვა იყოს ნაყოფიერი, დაისახეთ ეს კონკრეტული მიზანი...“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ნაყოფიერი მარხვისთვის ადამიანებს საინტერესო რჩევა მისცა:

„თუ გინდათ, რომ თქვენი მარხვა იყოს ნაყოფიერი, ყოველთვის მარხვის დაწყების წინ და ეს ახლაც არ არის გვიან, დაისახეთ მიზნად კონკრეტული მიზანი, კონკრეტული ცოდვა ამოიღეთ მიზანში. სთხოვეთ უფალს, რომ შეგეწიოთ ამ ცოდვასთან ბრძოლასა და გამარჯვებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ კაცთმოყვარე ღმერთი აუცილებლად შეისმენს თქვენს ვედრებას და აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ დაძლიოთ ესა თუ ის ვნება და ცოდვიანი მიდრეკილება, თორემ იცოდეთ, რომ ძალიან მალე დადგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და შეიძლება თქვენ არ აღმოგაჩნდეთ ის შინაგანი სულიერი აღფრთოვანება და სიხარული, რომლითაც უნდა ხვდებოდეს ნებისმიერი ქრისტიანი უფლის ბრწყინვალე აღდგომას.

შეიძლება თქვენთვის აღდგომის უბრწყინვალესი და უდიადესი დღესასწაული გადაიქცეს მხოლოდ გასტრონომიულ დღესასწაულად. ეს ტრაგედია რომ არ დაგვემართოს, მინდა მოგიწოდოთ, რომ სულიერად მოიმართოთ და იცოდეთ, რომ აუცილებლად დიდი იქნება სიხარული აღდგომის ჟამს და იგრძნობთ, რომ მარხვის შემდეგ იმაზე თუნდაც ცოტა უკეთესი გახდით, ვიდრე მანამდე იყავით, სანამ მარხვა დაიწყებოდა,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად