Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ღიმილი გულწრფელია, მაშინ თვალები იჭუტება,“ - ზურა მხეიძე ყალბი ღიმილის ამოცნობის წესებზე

„თუ ღიმილი გულწრფელია, მაშინ თვალები იჭუტება,“ - ზურა მხეიძე ყალბი ღიმილის ამოცნობის წესებზე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ჟესტების ენის ამოცნობის წესებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყალბი და ნამდვილი ღიმილის ერთმანეთისგან გარჩევა შესაძლებელია:

„რით გასხვავდება სერვისული ღიმილი ნამდვილი ღიმილისგან? თუ თვალები არ მონაწილეობს და მარტო ღიმილია, ეს ღიმილიც არ არის, ეს არის დაკრეჭვა. ღიმილის დავალება ადამიანისთვის არ შეიძლება. ღიმილი არის შინაგანი მდგომარეობის გარეგანი გამოხატვა. ეს იგივეა, ადამიანს დაავალო, რომ ცრემლი გადმოაგდოს. ღიმილი არის ის, რაც შიგნიდან უნდა მოდიოდეს.

თუ ღიმილი გულწრფელია, მაშინ თვალები იჭუტება. ვიღაცის დანახვის შემთხვევაში, თუ გაგიხარდა ვიღაცის დანახვა, წარბები ზემოთ მიდის. გაითვალისწინეთ ბოტოქსის ამბები, იმიტომ, რომ ვისაც ბოტოქსი აქვს, ის ვერ ასწევს წარბებს. ლაპარაკის დროს კეთილგანწყობის გამოხატვა სხვაგვარადაც შეიძლება. რადგან მას არ სჭირდება თქვენი კონტროლი, თვალებს ჭუტავს. თუ მას თვალები მოშტერებული აქვს და ისე იღიმება, ის ცდილობს თქვენს კონტროლს. ხელისგულის ჩვენებაც ღიაობას ნიშნავს.

ადამიანი იტყუება თუ არა, ეს ინდიკატორები რომ გაარჩიოთ, ამ ადამიანთან მინიმუმ 20 წუთი მაინც უნდა ილაპარაკოთ თემაზე, სადაც მას ტყუილი არ დასჭირდება. ერთ საათში ჩანს მისი ბუნებრივი ჩვევები. ჩვევები უნდა ამოყაროთ და როგორც ინდიკატორი არ გაითვალისწინოთ. თუ მე თავზე ხელს ვიდებ და ისე გელაპარაკებით და ეს ჟესტი საუბარს არ სჭირდება, ამასთან ეს ჩვევა თუ არ მაქვს, ეს ნიშნავს, რომ ვიტყუები. თუ ამ მოძრაობას ყოველთვის ვაკეთებ და ასეთი ჩვევა მაქვს, ეს არ არის ტყუილის ინდიკატორი. მინიმუმ 20 წუთია საჭირო ამ ჩვევების დასანახად. თუ ჩვევა ვლინდება, ის უნდა გამოვრიცხო, როგორც სიცრუის ინდიკატორი,“- მოცემულ საკითხზე ზურა მხეიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ ისაუბრა.

წყარო: ​„ნაშუადღევს“

წაიკითხეთ სრულად