Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„წყენა არის დესტრუქციული განცდა, რომელიც ადამიანის პიროვნულ ზრდა-განვითარებას ხელს უშლის,“ - ფსიქოლოგი სოფო მაისურაძე

„წყენა არის დესტრუქციული განცდა, რომელიც ადამიანის პიროვნულ ზრდა-განვითარებას ხელს უშლის,“ - ფსიქოლოგი სოფო მაისურაძე

ფსიქოლოგმა სოფო მაისურაძემ იმ ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრა, რომელსაც წყენა ადამაინებზე ახდენს:

„წყენა არის უსამართლობისა და უსუსურობის ემოცია ადამიანში, რომელსაც თან სდევს დადანაშაულება იმ ადამიანის, რომელმაც გაგვანაწყენა და სიბრალული საკუთარი თავის მიმართ. წყენა საკუთარ თავში საკმაოდ ნეგატიური განცდების მრავალფეროვნებას მოიცავს და არის დესტრუქციული განცდა, რომელიც ადამიანის პიროვნულ ზრდა-განვითარებას ხელს უშლის და აფერხებს, რომ ადამიანმა განიცადოს კმაყოფილება, წარმატება, ჰარმონიულობა და სიხარული.

ძალიან რთულია ადამიანმა წყენის გარეშე იცხოვროს. ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად ხშირად ვაწყდებით წყენის ფაქტებს, მაგრამ თუ შევძლებთ, რომ არ ვიმოქმედოთ სპონტანურად, გავიაზროთ, თუ რა სახის ნეგატიურ ემოციასთან გვაქვს საქმე, დარწმუნებული ვარ შესაძლებელი იქნება წყენის ემოციის შემცირება ან აღმოფხვრა. აუცილებელია, რომ თუ ადამიანი წყენას გრძნობს, ეს გამოხატოს. გამოუტყდეს საკუთარ თავს იმაში, რომ ეწყინა და სხვა ადამიანსაც, ვინც გაანაწყენა, უთხრას: „მე შენზე ნაწყენი ვარ.“ შევეცადოთ გავერკვეთ ურთიერთობებში, თუ რამ გამოიწვია წყენა, რომ არ გართულდეს ურთიერთობები.

თუ ორი ადამიანი ერთმანეთს პატივს სცემს, თუ ძვირფასია მისთვის ეს ადამიანი, უნდა გაითვალისწინოს მეორე ადამიანის ინტერესები, მოთხოვნილებები და ღირებულები, რათა ურთიერთობებში ბზარის შეტანა არ მოხდეს. შევეცადოთ ბავშვებს დავასწავლოთ, რომ გამოვხატოთ ემოციები, როგორც წყენის, ასევე სხვა დადებითი ემოციები,“ - მოცემულ საკითხზე სოფო მაისურაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად