Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩახუტება, ერთმანეთის მოკითხვა უფრო კარგი და სწორი მიდგომაა, რათა ბავშვმა ინტერაქცია დაიწყოს" - ფსიქოლოგი

,,ჩახუტება, ერთმანეთის მოკითხვა უფრო კარგი და სწორი მიდგომაა, რათა ბავშვმა ინტერაქცია დაიწყოს" - ფსიქოლოგი

,,​ყველაზე კარგი არის ბავშვისთვის ჩვენი მაგალითის ჩვენება, მაგალითად, იმის თქმა, რომ დღეს მე გახარებული ვარ და მიხარია შენთან კომუნიკაცია", - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ქეთი დალინკევიჩმა გადაცემაში ,,შუადღე" საუბრისას აღნიშნა.

,,ხშირად ვურჩევ მშობლებს, როდესაც სკოლაში ან ბაღში აკითხავენ შვილებს, ნუ ჰკითხავთ, აბა, რა ხდებოდა დღეს, მომიყევი რა ხდება ბაღში თუ სკოლაში, რადგან ეს ბავშვისთვის აღიქმება, როგორც აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ,,დღეს რა დააშავე", ,,ცუდი რა მოხდა", ,,კარგი რა მოხდა", მაგრამ ფორმა მაინც არის უხეში. ამ დროს ბავშვები უფრო მეტად იკეტებიან. 

მაგალითად, შვილისთვის ამის თქმა - მიხარია შენი ნახვა დღის ბოლოს, ჩახუტება, ერთმანეთის მოკითხვა უფრო კარგი და სწორი მიდგომაა, რათა ინტერაქცია დაიწყოს და ბავშვსაც გაუჩნდეს სურვილი, რომ დაიწყოს ჩვენთან საუბარი, ვიდრე ის, რომ დავუსვათ ინტერაქტიული შეკითხვები", - განმარტა ფსიქოლოგმა.

წყარო: ,,​შუადღე"

წაიკითხეთ სრულად