Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირველი შეცდომა არის იღბალზე ლაპარაკი, იმის თქმა, რომ არ მიმართლებს,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„პირველი შეცდომა არის იღბალზე ლაპარაკი, იმის თქმა, რომ არ მიმართლებს,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ადამიანის იღბალთან არასწორ დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

„პირველი შეცდომა არის იღბალზე ლაპარაკი. „ცუდი ბედი აქვს, ეს სხვისი ბრალია, გარემოს ბრალია, ვიღაცას რომ ეს ექნა, ამას ეს არ მოუვიდოდა.“ „არ მიმართლებს!“ - ეს თუ ადამიანმა დაირქვა სათაურად, ის უკვე მართლა იკრავს ამ ფაქტებს. ის ამ სათაურის ქვეშ შემოყრის ამ ფაქტებს და სათაურად ხდება: „წაგებული, წარუმატებელი.“ ეს ისეთი „კომფორტის ზონაა,“ რომ მას აქედან გამოსვლა აღარ უნდა. რას ვგულისხმობ ამაში? პასუხისმგებლობა ნულია. გამართლება ხდება სიზარმაცის. სიზარმაცეც ხომ შიშია, წარუმატებლობის შიში. რატომ უნდა ვიყო ზარმაცი? ე.ი. მეშინია, რომ გავაკეთო მაინც არ გამომივა.

ერთია პერფექციონისტული აღზრდა, რომ რაღაც უმაღლეს მწვერვალს უნდა გადაახტე, ყველაზე უკეთესი უნდა იყო. ეს პერფექციონიზმი მშობლებისგან რომ მოდის, ძალიან ანევროზებს ბავშვებს. ხშირად მინახავს, ბავშვი სიმღერაზე დაჰყავთ და სცენაზე გამოსვლის დროს ხმა უწყდება. მას მონაცემები აქვს და ამაზე ამუნათებენ, რომ „რა მოგივიდა? ეს როგორ დაგემართა?“ ბავშვს საერთოდ სძულდება სიმღერაც, სცენაც და ყველაფერი. ის თუ ბავშვისთვის მატრავმირებელია, რად უნდა ეგეთი სიმღერა? სიმღერა მისთვის ხომ უნდა იყოს სიამოვნების მომგვრელი? ბავშვს მოდუნება უნდა ვასწავლოთ. სულ დაძაბულობაა,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად