Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვს რცხვენია, სირცხვილზე ნუ ვამახვილებთ ყურადღებას, გავამახვილოთ ყურადღება შიშზე,“ - მზიკო დალაქიშვილი

„თუ ბავშვს რცხვენია, სირცხვილზე ნუ ვამახვილებთ ყურადღებას, გავამახვილოთ ყურადღება შიშზე,“ - მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოთერაპევტმა მზიკო დალაქიშვილმა მორცხვ ბავშვთან ურთიერთობის სტრატეგიებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ზოგჯერ ბავშვი მორცხვი სულაც არ არის და მისი ქცევა ტემპერამენტითაა განპირობებული:

„გავმიჯნავდი ბავშვის ტემპერამენტს და სიმორცხვეს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს პრობლემად, რომელიც შემდგომ პრობლემებს იწვევს. ერთი და იგივე ქცევის უკან სხვადასხვა რაღაც იმალება. შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც ძალიან მოკრძალებულად ზის, არ იყოს აქტიური, შეიძლება ცოტათი დაძაბული ღიმილით მოგვეჩვენოს. თუ ადამიანი არ წუხდება ამით და უბრალოდ ნაზია, მისი ტემპერამენტია ასეთი, რომ მოსწონს წყნარად თავისთვის ყოფნა, რაღაცების აღმოჩენა, დაკვირვება, ამაზე დაწერა, ამ საკითხზე დედასთან საუბარი, ეს არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა.“

​მზიკო დალაქიშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვი მორცხვი არ არის, თუ მას უინიციატივობა და პასიურობა თავას არ აწუხებს:

„თუ ადამიანს უნდა მეტი კონტაქტი, მაგრამ ვერ ახერხებს, თუ ადამიანს უნდა გაკვეთილი მოყვეს, მაგრამ ვერ ყვება, ეს არის პრობლემა. პირველ შემთხვევაში არის ბავშვი, რომელსაც მასწავლებელი თუ შეეკითხება გაკვეთილს, ის მოყვება გაკვეთილს, მაგრამ ​არ გამოირჩევა აქტიურობით. ხშირად მშობლები მოდიან ჩივილით, რომ ბავშვი არასდროს არ არის ინიციატორი. ასეთ შემთხვევაში ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელია. მას მისი ტემპერამენტი არ აძლევს ამის საშუალებას. მას აქვს კარგი პასუხისმგებლობა, ის იცნობს თავის თავს და იქცევა მისი თავიდან გამომდინარე. მისთვის კომფორტულია ასეთი საქციელი. მან რომ სხვანაირი ქმედება განახორციელოს, უკვე მაშინ შეიძლება იყოს დისონანსი.“

მზიკო დალაქიშვილის თქმით, მშობელმა მსგავსი ტემპერამენტის მქონე ბავშვზე ზეწოლა არ უნდა მოახდინოს და მისი შეცვლა არ უნდა სცადოს:

„ასეთმა ქცევამ ეს ბავშვი, შესაძლოა, გახადოს ნამდვილად მორცხვი. ​თუ ადამიანს არ მიეცი საშუალება იყოს ის, ვინც არის, თუ მუდმივად აწვდი შეტყობინებას საკუთარ თავზე, რომ სხვანაირად უნდა იყო და ასე რატომ ხარ, ბავშვს თავისი თავი აღარ მოსწონს. ის ფიქრობს, რომ ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს, თვალებში აღარ უყურებს ადამიანებს. აქ არ უნდა დავუშვათ შეცდომა.“

„როდესაც სიმორცხვე ხდება შემაწუხებელი, ვცდილობთ, რომ ბავშვს საკუთარი თავი დავანახოთ. ბავშვი საკუთარ თავს გრძნობს და ხედავს, მხოლოდ გარემოსთან ურთიერთობაში. ბავშვმა რომ საკუთარი თავი იგრძნოს, ჩვენთან ურთიერთობაში არც ჩვენზე დაბლა არ უნდა გრძნობდეს თავს, არც ის უნდა იგრძნოს, რომ თვითონ არის ყველაფერი. ​უნდა ვისწავლოთ ბავშვის დანახვა და მოსმენა. ერთი ბავშვი ხატვის დროს გრძნობს თავის თავს, მეორე ბავშვი - ცეკვის დროს. სანამ ბავშვს გარემოს შევურჩევთ, მისი უნდა გვესმოდეს. არ უნდა მოგვივიდეს ზედმეტი ჩარევა, მანამ, სანამ არ გავიგებთ რითია ჩვენი შვილი დაინტერესებული. სიმორცხვეს ყოველთვის უკან უდგას ძლიერი ემოცია, როგორიც არის შიში. თუ ბავშვს რცხვენია, სირცხვილზე ნუ ვამახვილებთ ყურადღებას, გავამახვილოთ ყურადღება შიშზე, რომელიც მას აბრკოლებს. გამხნევება სჭირდება ამ დროს ბავშვს. „რატომ ხარ მორცხვი?“ - არა! შევქმნათ ამინდი, რომ გამხნევდეს,“ - აღნიშნული საკითხის შესახებ მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“


წაიკითხეთ სრულად