Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის ფარული დაავადება, ადამიანს ის ეპარება ეტაპობრივად... შენ ის გაქვს, მაგრამ ვერ გრძნობ, რომ გაწუხებს,“ - გიორგი ღოღობერიძე

„ეს არის ფარული დაავადება, ადამიანს ის ეპარება ეტაპობრივად... შენ ის გაქვს, მაგრამ ვერ გრძნობ, რომ გაწუხებს,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ წონის მატების შემთხვევაში ადამიანებს სამი დაავადების გამორიცხვისა და სამი მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარებისკენ მოუწოდა:

„რომელი სამი დაავადება უნდა გამორიცხოთ თქვენ, როდესაც წონაში მოიმატებთ და რომელი სამი კვლევა უნდა ჩაიტაროთ, რათა სერიოზული არაფერი გაგეპაროთ. როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც თითქმის არაფერს მიირთმევთ, მაგრამ წონაში მაინც იმატებთ? ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამორიცხოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. ამისთვის ჩვენ უნდა მივმართოთ ექიმს და ჩავატაროთ ჰორმონების კვლევა. მეორე, რაც აუცილებლად უნდა გამორიცხოთ, როდესაც გაქვთ ჭარბი წონა, არის კუშინგის სინდრომი. ​ამ დროს ადამიანს მუცლის მიდამოში აქვს სიმსუქნე და ქვედა კიდურები გამხდარი აქვს. მესამე, რასაც გირჩევთ ქალბატონებს, არის საკვერცხეების პოლიკისტოზის შემოწმება.“

„რაც შეეხება სამ კვლევას, რომელიც უნდა გაიკეთოს ყველა ჭარბწონიანმა ადამიანმა, პირველ რიგში, ეს იქნებოდა გლუკოზის რაოდენობის განსაზღვრა. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი ძალიან გავრცელებულია ჭარბწონიანებში. ეს არის ფარული დაავადება. ადამიანს ის ეპარება ეტაპობრივად. შენ ის გაქვს, მაგრამ ვერ გრძნობ, რომ გაწუხებს. არც კი გიეჭვია, რომ ჭარბწონიანობის ფონზე გქონდეს შაქრიანი დიაბეტი. თუ ჭარბი წონა გვაქვს, აუცილებლად ვსაზღვრავთ გლუკოზის რაოდენობას. კიდევ ერთი არის წნევის კონტროლი. ჭარბი წონის დროს ასევე ვამოწმებთ ქოლესტეროლის რაოდენობას სისხლში,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო: ​„მთავარი დიაგნოზი“

წაიკითხეთ სრულად