Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

საყურადღებოა თუ არა ძილის დროს შეკრთომები და უნებლიე მოძრაობები ბავშვებში? - ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ნინო თარხნიშვილმა ბაშვებში გავრცელებული უნებლიე მოძრაობებისა და ძილის დროს შეკრთომების შესახებ ისაუბრა:

„უმეტესი შემთხვევა ასაკობრივი ნორმის ვარიანტია. ზედმეტი, უნებლიე მოძრაობები მიჰყვება ყველა ასაკს. გამოყოფილია ძილისა და სიფხიზლის ზედმეტი მოძრაობები. ჩვილების უმრავლესობა ძირითად დროს ატარებს ძილში. ძილის დროს ხშირად არის ხოლმე შეკრთომები. შეიძლება იყოს ერთეული შეკრთომები მხოლოდ, ერთი ხელის შეკრთომა, ცალი ფეხის შეკრთომა, შესაძლოა, შეკრთომებს განმეორებითი ხასიათი ჰქონდეს და ხშირად ეს ძილის პერიოდს მოიცავს. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ შეკრთომები იმდენად განმეორებითია, ეს მშობელს აშინებს და ამის გამო კითხვით მოგვმართავენ.

ეს არის ჩაძინებისა და ზერელე ძილის ფენომენი. ამ მოდუნების პერიოდში, სანამ ბოლომდე მოეშვება ორგანიზმი და გადავა უკვე ღრმა ძილის ფაზაში, სწორედ ამ დროს ხდება შეკრთომების ეპიზოდები, რომლებიც აბსოლუტურად ფიზიოლოგიურ მომენტს წარმოადგენს. ჩვილებში ძილის სტადიები ისე კარგად დალაგებული არ არის, როგორც მოზრდილებში, თუმცა დაახლოებით მსგავსი ფენომენია. ჩაძინებისას შეკრთომები ყველა ასაკშია. ძილი ერთი უსასრულო პროცესი არ არის. ის სტადიებს მოიცავს და ამ სტადიების მონაცვლეობა კავშირშია ზედმეტ სხვადასხვა ტიპის მოძრაობასთან. ღრმა ძილის სტადიას კიდევ თავისი მოძრაობები ახასიათებს. მონაცვლეობის დროს, როდესაც ერთი სტადია გადადის მეორეში, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა სახის კლინიკურ გამოვლენასთან.

აუცილებლად უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც არ მოსწონს მშობელს, რომელზეც ფიქრობს, რომ ჩვეულებრივ მოძრაობაზე ცოტა მეტია, აიღოს ტელეფონი და გადაიღოს კამერით. ეს გვეხმარება ჩვენ, რომ ობიექტურად შევაფასოთ, არის ეს საყურადღებო, არის ეს საშიში, თუ არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ნორმა,“ - მოცემულ საკითხზე ნინო თარხნიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“ 

წაიკითხეთ სრულად