Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაიცავით სამზარეულოში ტილოების წესი, ტყუილად კი არ არის სამი ფერის ტილო,“- რესტორატორი ლიკა კარტოზია

„დაიცავით სამზარეულოში ტილოების წესი, ტყუილად კი არ არის სამი ფერის ტილო,“- რესტორატორი ლიკა კარტოზია

რესტორატორმა ლიკა კარტოზიამ სამზარეულოში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის წესებზე ისაუბრა:

„სამზარეულოს ზედაპირი, სადაც ქალბატონი მუშაობს, თუ ქალბატონი სიმაღლით 1,70-ია, მაშინ ზედაპირი 90 სანტიმეტრზე უნდა იყოს. თუ უფრო მაღალია ქალი, მაშინ აქვს უფლება, რომ აწიოს. ის სივრცე, სადაც პროდუქტს ვამუშავებთ და ვრეცხავთ, შეიძლება 1 მეტრამდე ავწიოთ, რომ დავჭრათ ეს და არ დავიღალოთ. არის სპეციალური გასტრონომიული ზედაპირები, სადაც პირდაპირ მონტაჟდება პოლიეთილენის პარკი და მუშაობის მერე უცებ შეგიძლიათ გააქროთ სახლიდან და არანაირი ბაქტერია არ იქნება თქვენს სამზარეულოში.

სამზარეულოში ღია თაროები ძალიან ლამაზია. თქვენ უნდა გქონდეთ კონტეინერები, ლამაზი, კარგი ზომის. არეულობა არ უნდა იკითხებოდეს. ეს უკვე დაიასახლისზეა დამოკიდებული, რამდენად მოწესრიგებულია და რამდენად აქცევს ამას ყურადღებას. ეს ორგანიზების თემაა. რასაკვირველია, დახურული თაროები უფრო ადვილია, იმიტომ, რომ ვიზუალურად არ ჩანს პატარა ხარვეზები. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გქონდეთ ძალიან კარგი გამწოვი.

ის ზედაპირი, რაზეც ვაკეთებთ საკვებს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ახლოს ონკანთან. ერთი შხეფიც რომ მოხვდეს, როდესაც ზეთიან საკვებს ვამზადებთ, კარტოფილს ვწვავთ, თუ მოხვდა, შეიძლება საშინელი დამწვრობა გამოიწვიოს. ზედაპირს რაც შეეხება, მის გაწმენდას, თუ არ გსურთ ქიმიური საშუალებები გამოიყენოთ, შეგიძლიათ ლიმონის წვენისა და სოდის ხსნარი გააკეთოთ და ამით გაწმინდოთ. დაიცავით სამზარეულოში ტილოების წესი. ტყუილად კი არ არის სამი ფერის ტილო. რაღაცები გქონდეთ ზედაპირისთვის, რაღაცები გქონდეთ მეტალის მოსაწესრიგებლად,“- მოცემულ საკითხზე ლიკა კარტოზიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად