Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფარისებრი ჯირკვლის კვანძების 90% კეთილთვისებიანია, 10% შემთხვევაში ისინი შეიძლება იყვნენ ავთვისებიანი,“ - ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია

„ფარისებრი ჯირკვლის კვანძების 90% კეთილთვისებიანია, 10% შემთხვევაში ისინი შეიძლება იყვნენ ავთვისებიანი,“ - ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ ჩიყვის გამომწვევ მიზეზებსა და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჩიყვს უმეტესად უსიმპტომო მიმდინარეობა აქვს:

„ჩიყვი არის ფარისებრი ჯირკვლის მოცულობაში გაზრდა. ასევე ჩიყვი არის, თუ ნორმალური მოცულობის პირობებში ფარისებრ ჯირკვალში წარმოიქმნა კვანძოვანი ჩანართები. შეიძლება ეს კვანძები სხვადასხვა ზომის იყოს. დიფუზური და კვანძოვანი ჩიყვი ძირითად შემთხვევებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები გამოვლინდება იმ შემთხვევაში, თუ მოცულობაში ძალიან გაიზარდა ფარისებრი ჯირკვალი. თუ კვანძები გაიზარდა ზომაში, შეიძლება მოხრჩობის შეგრძნებამ შეაწუხოს ადამიანი, ყლაპვის გაძნელებამ. ​ზოგიერთ თანმხლებ დაავადებას ასევე ტკივილის სინდრომიც ახასიათებს. სხვა შემთხვევაში, როგორც წესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით ხდება აღმოჩენა.“

ნაია ლატარიას თქმით, კვანძოვანი წარმონაქმნები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ ცვლილებებსაც იწვევს:

„კვანძოვან წარმონაქმნებს ფუნქციური ცვლილებაც ახლავს ფარისებრი ჯირკვლის, ​როდესაც ჰორმონების დონე არის შეცვლილი. სიმპტომები, როგორებიც არის უძილობა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, წონაში მატება, კლება, ეს ყველაფერი უკვე ფუნქციურ დარღვევებს ახასიათებს. ფარისებრი ჯირკვლის და კვანძის წარმოქმნის ყველაზე ხშირი მიზეზი არის იოდის დეფიციტი ან აუტოიმუნური პროცესები, როდესაც ფარისებს ჯირკვალს იმუნური სისტემა ებრძვის. იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს შემდგომ იოდის პრეპარატები უნდა მივცეთ და ამით დავიწყოთ მკურნალობა.“

„ფარისებრი ჯირკვლის კვანძების 90 % კეთილთვისებიანია. 10 % შემთხვევაში ისინი შეიძლება იყვნენ ავთვისებიანი. ერთ-ერთი გზა ამის დასადგენად არის ბიოფსიური კვლევა. თუ კვანძები არის კეთილთვისებიანი, მედიკამენტოზური თერაპია არ ინიშნება. ინიშნება მხოლოდ დინამიკაში დაკვირვება. ​თუ კვანძები არის ავთვისებიანი, მაშინ ქირურგიულად უნდა მოხდეს მათი მოშორება. ავთვისებიანი კვანძებიც ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევაში საიმედო პროგნოზით ხასიათდება და მკურნალობას ადვილად ექვემდებარება,“- აღნიშნულ საკითხებზე ნაია ლატარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად