Baby Bag

„სოფელი არის ბავშვისთვის ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი, როგორც ჰიგიენისთვის, ასევე ბუნებასთან კონტაქტისთვის,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

„სოფელი არის ბავშვისთვის ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი, როგორც ჰიგიენისთვის, ასევე ბუნებასთან კონტაქტისთვის,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვები დასასვენებლად სოფელში წაიყვანონ, თუ მათ ამის შესაძლებლობა აქვთ:

„პანდემიამაც გვაჩვენა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები საშიშია ზოგადად ინფექციების გავრცელებისთვის. ზაფხულიც გარკვეულ ეპიდაფეთქებებთან ასოცირდება. კურორტებზე უფრო აქტიური ხდება ინფექციები. ზღვაზე ვინც წავიდა ყველას დიარეა აქვს, ღებინება აქვს. მე მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თუ გაქვთ სოფელი, ეს არის ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი, როგორც ჰიგიენისთვის, ასევე ბავშვის ბუნებასთან უფრო მეტი კონტაქტისთვის. ვიცით, რომ ყველას ეს ბედნიერება არ აქვს, შესაბამისად ისინი ირჩევენ კურორტებს.

აკრძალვა, რომ ბავშვი ზღვაზე წაიყვანო, არანაირ ასაკში არ არის. მთავარია, სწორად გავიყვანოთ ბავშვი მზეზე, სანაპიროზე. ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელა, მაღალი ტენიანობის მქონე კურორტებზე ბავშვის გაყვანას სჯობს ბავშვი წაიყვანოთ მთაში. ზღვაზე დილით 10 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ გავიდეთ ზღვაზე. ვცდილობთ ბავშვი მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. მშობლებს ვურჩევთ, ბავშვი ზღვაზე წაიყვანონ სექტემბერში.

თუ ბავშვი ჰიპერაქტიურია, რომელსაც სანაპიროზე ვერ გააჩერებთ, მშობლები უფრო დაღლილები ჩამოდიან. თუ ბავშვი მშვიდია, ჩვენს ნებას დაჰყვება, ქვიშაში ჩვენთან ერთად ითამაშებს, უფრო მარტივია. ქვიშაში ბავშვის მოტორიკის განვითარება უფრო კარგად ხდება. ბავშვი არ წუხდება სანაპიროზე. ქვიან სანაპიროზე ყოფნა არ არის ბავშვისთვის საინტერესო. ბავშვებისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა ქვიშა,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დილა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ფუტკრის შხამში შემავალი მოლეკულა ძუძუს კიბოს უჯრედებს ანადგურებს - უახლესი კვლევები

ფუტკრის შხამში შემავალი მოლეკულა ძუძუს კიბოს უჯრედებს ანადგურებს - უახლესი კვლევები

ადამიანების გარკვეულ ნაწილს ფუტკრის კბენასთან დაკავშირებული უსიამოვნო მოგონებები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ნესტარი კბენის დროს უდიდეს ტკივილს გვაყენებს, მას ადამიანისთვის უდიდესი სარგებლის მოტანაც შეუძლია. უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ფუტკრის შხამში არსებულ მოლეკულას სიმსივნური უჯრედების ზრდის შეჩერების უნარი აქვს.

მეცნიერები სხვადასხვა ქვეტიპის სიმსივნეებს იკვლევდნენ, მათ შორის იყო ძუძუს სამმაგ-ნეგატიური ტიპის სიმსივნე, რომელიც კიბოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმაა. აღნიშნული ტიპის სიმსივნის მკურნალობა საკმაოდ რთულია სამკურნალო საშუალებების დეფიციტის გამო.

ძუძუს კიბოს 15 %-მდე შემთხვევები სწორედ სამმაგ-ნეგატიურ სიმსივნეზე მოდის. აღნიშნული ტიპის კიბოს უჯრედები დიდი რაოდენობით მოლეკულა EGFR-ს წარმოქმნის. მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ მოცემული მოლეკულის გამანადგურებელი მედიკამენტის შექმნას, თუმცა უშედეგოდ. ნებისმიერი პრეპარატი, რომელსაც ისინი სამკურნალოდ იყენებდნენ, ადამიანის ორგანიზმში ჯანმრთელ უჯრედებსაც ანადგურებდა.

მედიცინაში უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს მეთაფლია ფუტკრის შხამი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ეგზემის სამედიცინო თერაპიისთვის. აღნიშნული ფუტკრის შხამს სიმსივნის მკურნალობის დროსაც გამოიყენებენ, უფრო კონკრეტულად კი მელანომების წინააღმდეგ. მეცნიერებმა არ იცოდნენ, როგორ მუშაობდა ფუტკრის შხამი სიმსივნის თერაპიისას მოლეკულურ დონეზე. უახლესმა კვლევებმა მკვლევარები ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოამზადა.

ფუტკრის შხამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მოლეკულა მელიტინია. მელიტინი ფუტკრის შხამის შემადგენლობის ნახევარს იკავებს. სწორედ მისი დამსახურებით არის მწერის კბენა ასეთი მტკივნეული. ფუტკრები პეპტიდ მელიტინს არამხოლოდ შხამში, არამედ სხვა ქსოვილებშიც გამოიმუშავებენ. მისი დახმარებითი მათი ორგანიზმი ინფექციებზე ძლიერ საპასუხო რეაქციას ავლენს.

მელიტინის მოქმედების შესწავლის მიზნით მეცნიერებმა ლაბორატორიაში გაზრდილი სიმსივნური უჯრედები და ჯანმრთელი უჯრედები ავსტრალიური, ირლანდიური, ინგლისური მეთაფლია ფუტკრისა და ინგლისური ბაზის შხამით დაამუშავეს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბაზის შხამი, რომელიც მელიტინს არ შეიცავს, მაგრამ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა, სიმსივნურ უჯრედებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ ახდენდა, მაშინ, როდესაც სამივე ქვეყნის მეთაფლია ფუტკრის შხამმა კიბოს უჯრედების მდგომარეობის სერიოზული ცვლილება გამოიწვია.

მეცნიერების თქმით, მეთაფლია ფუტკრის შხამი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, რადგან მან კიბოს უჯრედის მემბრანა ერთ საათში გაანადგურა. მეცნიერებმა საკუთარი ეჭვების გამყარების მიზნით, შხამში მელიტინი ანტისხეულებით დაბლოკეს. აღმოჩნდა, რომ მელიტინის გარეშე შხამი კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებას კარგავდა. მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ სიმსივნურ უჯრედებს წარმატებით სწორედ მელიტინი ებრძოდა.

მეცნიერების ახალ აღმოჩენაში სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ მელიტინი ჯანსაღ უჯრედებს არ აზიანებს, ხოლო კიბოს უჯრედების გამრავლებას აფერხებს.

მეცნიერებმა უკეთესი შედეგების მისაღებად მელიტინის სინთეტიკური ვერსია დაამზადეს, რათა სიმსივნურ უჯრედებზე მისი გავლენა შეემოწმებინათ. აღმოჩნდა, რომ მელიტინის სინთეთიკური ალტერნატივა უმეტესად იმეორებდა რეალური მოლეკულის ანტისიმსივნურ მოქმედებებს.

მეცნიერთა ჯგუფმა კიდევ ერთი კვლევა სიმსივნით დაავადებულ თაგვებზე აწარმოა. ისინი მელიტინისა და ქიმიოთერაპიული პრეპარატების კომბინაციით მკურნალობდნენ დაავადებულ თაგვებს. აღმოჩნდა, რომ მელიტინი ასუსტებდა კიბოს უჯრედების თავდაცვით ფუნქციას იმუნური სისტემის წინააღმდეგ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქიმიოთერაპიისა და მელიტინის კომბინაცია ძუძუს კიბოს აგრესიული ფორმების წინააღმდეგ კარგად მუშაობს. თაგვების მკურნალობის დროს მელიტინისა და ქიმიოთერაპიის კომბინირებამ საოცარი შედეგი გამოიღო.

ლაბორატორიაში სიმსივნური უჯრედების მოკვლა ძალიან ბევრი საშუალებით არის შესაძლებელი, სწორედ ამიტომ მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ საბოლოო დასკვნების გამოტანისგან ჯერჯერობით თავი უნდა შევიკავოთ. მეცნიერებმა მელიტინის ტოქსიკურობა და მისი უსაფრთხო დოზების მოცულობა უნდა გამოიკვლიონ. მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდებიან ისინი პეპტიდის ადამიანების სამკურნალოდ გამოყენებაზე.

დავაადებათა სამკურნალოდ აუცილებელი საშუალებების დიდი ნაწილი ბუნებაში გვხვდება. ფუტკრის შხამმა, შესაძლოა, მედიცინაში გადატრიალება მოახდინოს, თუმცა თანამედროვე ადამიანების უდიდესი ნაწილის მსგავსად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა მეთაფლია ფუტრკებსაც აქვთ და ჩვენს მსგავსად, დახმარებას ისინიც საჭიროებენ.

მომზადებულია ​sciencealert.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად