Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთი ტილო არამხოლოდ არ წმენდს სრულყოფილად ზედაპირს, არამედ ჯვარედინი დაბინძურების რისკსაც ზრდის,“ - მარიამ ჩაჩუას რეკომენდაციები

„ასეთი ტილო არამხოლოდ არ წმენდს სრულყოფილად ზედაპირს, არამედ ჯვარედინი დაბინძურების რისკსაც ზრდის,“ - მარიამ ჩაჩუას რეკომენდაციები

სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ სამზარეულოს ჯვარედინი დაბინძურების საფრთხეებზე ისაუბრა:

„ბაქტერიები ძალიან გავრცელებულია. პათოგენური მიკროორგანიზმები არამხოლოდ ჩვენს სუფრაზე შეიძლება მოხვდნენ, არამედ საკვებშიც. იქიდან გამომდინარე, რომ ნიადაგშიც ვხვდებით მათ, ჰაერშიც და წყალშიც, ძალიან მარტივია, რომ ამ გზით ისინი მოხვდნენ ჩვენს სამზარეულოშიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვამუშავებთ ხილს, ბოსტნეულს, რომელსაც მიწა მოჰყვება, ცხოველურ პროდუქტებს, მაგალითად, სისხლიან ხორცს, თევზს, ქათამს, კვერცხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამუშავების შემდეგ აუცილებლად გავასუფთავოთ სამზარეულო, მხოლოდ დეზინფექციის გზით და არა ტილოების საშუალებით.

ტილო არამხოლოდ არ წმენდს სრულყოფილად ზედაპირს, არამედ ჯვარედინი დაბინძურების რისკსაც ზრდის. ასეთი მოსუფთავების დროს, ზედაპირიც არ არის სრულყოფილად სუფთა, იმიტომ, რომ მას დეზინფექცია სჭირდება. 60%-იანი სპირტის შემცველი ხსნარი მიღებული ფორმაა სურსათის უვნებლობის სფეროში. ერთი წუთიც საკმარისია, რომ გავაჩეროთ. 60%-იანი სპირტის შემცველობა ნებისმიერ მიკრობს ანადგურებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გამოყენება, მით უმეტეს, თუ ცხოველურ პროდუქტს ვამუშავებთ. ჯვარედინი დაბინძურება ძალიან სახიფათოა ამ შემთხვევაში. ამ ტილოთი თუ გავწმინდე ზედაპირი, რომელზეც ხორცი დავამუშავე, შემდეგ კი ტილო გავრეცხე, ის არ არის მაინც სუფთა. ამ ტილოთი თუ მაგიდას გადავწმენდთ, იქ შეიძლება მოხვდეს ისეთი პროდუქტი, რომელსაც თერმულად არ ვამუშავებთ, მაგალითად, ბოსტნეული, ხილი. ცხოველური პროდუქტისგან მიღებული მიკროორგანიზმი ტილოთი გადავიტანე ისეთ ადგილას, საიდანაც ის ჩემს ორგანიზმში მარტივად მოხვდება. მას შემდეგ რაც დეზინფექციას გავუკეთებთ ზედაპირს, კარგი იქნება, თუ ხაოიან ტილოს გამოიყენებთ. პირველ რიგში, გაწმენდისას ერთჯერადი ხელსახოცი უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც ჩვენ გადავაგდებთ. მას შემდეგ რაც დავამუშავებთ ხორცს, ჯერ გადავწმენდთ ერთჯერადი ხელსახოცით, შემდეგ სადეზინფექციო ხსნარს ერთი წუთით გავაჩერებთ. შემდეგ სასმელი წყლით და ხაოაიანი ტილოთი გავწმინდოთ სრულფასოვნად ზედაპირი. ასე შენარჩუნდება სისუფთავე,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად