Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის დაავადება, რომელიც გვართმევს ოჯახის წევრებს, რადგან არის მზაკვრული და ჩუმად მიმდინარეობს,“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

„ეს არის დაავადება, რომელიც გვართმევს ოჯახის წევრებს, რადგან არის მზაკვრული და ჩუმად მიმდინარეობს,“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის შესახებ ისაუბრა, რომელიც ვერაგი და ჩუმად მიმდინარე დაავადებაა:

„არსებობს დაავადებები, რომელიც გემართება, მაგრამ ამის შესახებ არ იცი. გადის წლები, ეს დაავადება მძიმდება. როდესაც გამოვლინდება, უკვე გვიანია. ერთ-ერთი ასეთი დაავადება არის ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია. ეს ლაივი დაგეხმარება იმაში, რომ ბევრი შენთვის ძვირფასი ადამიანი გადაარჩინო. ეს არის დაავადება, რომელიც გვართმევს ოჯახის წევრებს. ის ძალიან მზაკვრული დაავადებაა და მინდა, მის შესახებ იცოდე. რა უნდა იცოდე მის შესახებ?

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია არის დაავადება, რომლის შესახებ ორი რამ აუცილებლად უნდა იცოდე. ეს არის ლეიკემიის ყველაზე ხშირი ფორმა 60 წელს გადაცილებულ პირებში. ის უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ, ვიდრე ქალებს, თუმცა ისინიც ზარალდებიან მისგან. ის მზაკვრული დაავადებაა. ის არაფრით არ ვლინდება, სანამ გვიანი არ იქნება. ჩვენი ძვლის ტვინი წარმოქმნის სისხლის თეთრ უჯრედებს, მათ შორის ლიმფოციტებსაც. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დროს ჩვენი ძვლის ტვინი წარმოქმნის ძალიან ბევრ შედარებით მწიფე ლიმფოციტს, მაგრამ ისინი არასრულად ჩამოყალიბებულები არიან და ვერ გვეხმარებიან ინფექციებთან ბრძოლაში, პირიქით ზიანს გვაყენებენ. ამ დროს პაციენტს არანაირი ნიშნები არ აქვს. ის შემთხვევით შეიძლება იპოვო სისხლის საერთო ანალიზის ჩატარების დროს. რა ნიშნები შეიძლება ახლდეს ამ დაავადებას? მან შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს ლიმფური კვანძების უმტკივნეულო გადიდება. თუ ლიმფური კვანძი გიდიდდება და არ გტკივა, ეს პრობლემაა. რადგან არ გტკივა, ვერ აღიქვამ, რომ ეს არის სერიოზული. ექიმთან არ მიდიხარ. დაიმახსოვრე, თუ გაგიდიდდება ლიმფური კვანძები და არ გეტკინება, სჯობს მაშინვე გაიქცე ექიმთან. ამ შემთხვევაში შეიძლება ლიმფური კვანძების გადიდების მიზეზი იყოს ლეიკემია.

ამ დაავადებას ახლავს დაღლილობის შეგრძნება, ცხელება და ღამით ოფლიანობა. ღამით ოფლიანობა თუ შეგაწუხებთ, ღირს, რომ დაფიქრდეთ, მიხვიდეთ ექიმთან. ამ დაავადებას შეიძლება ახლდეს კიდურების წართმევაც. თუ მოხუცს დაეწყება თითების დაბუჟება, მტკივნეულობა, ერთ-ერთი რამ, რაც შეიძლება ივარაუდო, არის ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია. ერთმა პატარა ანალიზმა, სისხლის საერთო ანალიზმა შეიძლება დროულად მოგვცეს საშუალება, რომ ეს დაავადება დასაწყისშივე აღმოვაჩინოთ. რაც უფრო ადრე აღმოაჩენ, მით მეტი იქნება გადარჩენის ალბათობაც,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო:​ Usmle მოსამზადებელი ცენტ​რი

წაიკითხეთ სრულად