Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბავშვები უნდა წავახალისოთ, რომ მშობელს მოუყვნენ, რა ხდება; ეს არ არის ამბის მიტანა"

,,ბავშვები უნდა წავახალისოთ, რომ მშობელს მოუყვნენ, რა ხდება; ეს არ არის ამბის მიტანა"

,,საზოგადოებაში ბავშვის თავის დამკვიდრება, მიკუთვნების განცდა არის ყველაზე მთავარი მას შემდეგ, რაც ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოხდება", - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.

,,ასე ორი წლის ასაკიდან ბავშვი გამოეჯაჭვება ოჯახს და აღმოაჩენს, რომ საკუთარი ,,მე" გააჩნია. აქედან უკვე იწყება მისი მოგზაურობა სრულიად სხვა სამყაროში., როდესაც მან ამ სამყაროს კეთილგანწყობა უნდა დაიმსახუროს. უკვე მას უყურებს უკუკავშირის თვალსაზრისით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმარია - როგორი ვარ მე, კარგი თუ ცუდი. ეს მოგზაურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის შემდგომ პიროვნულად ჩამოყალიბებაში. აქ გარემოს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბავშვები მიმბაძველი არსებები არიან. ისინი უნდა წავახალისოთ, რომ მშობელს მოუყვნენ, რა ხდება. ეს არ არის ამბის მიტანა. გადავიტანოს ეს გულწრფელობის რანგში იმიტომ, რომ შემდეგ ხდება ხოლმე ძალიან სერიოზული პრობლემები, როდესაც ბავშვი ვერ ამბობს რაიმეს ვერავისთან და ამას მოჰყვება ხოლმე კატასტროფული შედეგები. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ჩვენი რეაგირება. ის უნდა იყოს შემეცნებითი - რა მოხდა? ეს უნდა გავარკვიოთ და გადავიტანოთ აღწერით პლანში. ბავშვი უნდა მოჰყვეს, რა მოხდა, რა იგრძნო. ცხადია, ეს მისი ინტერპრეტაციაა. 

სკოლასა და საბავშვო ბაღთან მშობლის თანამშრომლობა არის გადამწყვეტი ფაქტორი ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაგvეზაროს, არა იმიტომ, რომ, მაგალითად, ჩვენ რაიმე დავაბრალოთ სკოლას, მასწავლებელს, სხვა მშობელს, უბრალოდ, უნდა გამოვიძიოთ - რა ხდება. იქიდან ხშირად შესაძლოა, მტრული დამოკიდებულება იყოს სხვა მშობლისგან, მასწავლებლისგან, რადგან ყველას აქვს თავდაცვითი მომენტი, რომ ვინმემ რამე არ დამაბრალოს და ვინმემ არ იფიქროს, რომ მე შეცდომა დავუშვი. აქ მივდივართ საზოგადოებაში ყველაზე მთავარ ღირებულებასთან - შეცდომის უარყოფასთან", - აღნიშნა გაგოშიძემ.

წყარო: ,​,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად