Baby Bag

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი,“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, გაბრაზების ზღვარზე ყოფნისას თავი შეიკავონ და ბავშვს არ დაუყვირონ:

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი. მიხვედი ზღვარზე, ახლა დაიყვირებ, ან გააგდებ, ან კუთხეში დააყენებ, ამ ზღვარზე ხარ. იქ უნდა გაჩერდე. უნდა გაითვალისწინო, რომ თვითონ დიდი ხარ და ბავშვი პატარაა. გამოსავალი არის! იმას თუ არ ეყურება, მე ხომ მეყურება. თუ დავეშვები და მისი სიმაღლიდან დავუწყებ ლაპარაკს, ერთმანეთს გავუგებთ. იმის ენაში უნდა შევიდე, იმის მოთხოვნილებებში უნდა შევიდე. უნდა შევიდე მის ხასიათში და მან უნდა მიმიღოს. როდესაც ერთნი გახდებით, იქ შეიძლება უთხრა: „შვილო, ნუ წახვალ გეხვეწები,“ როდესაც მეგობართან უნდა წასვლა ბავშვს, მაგრამ არ გინდა, რომ წავიდეს. ამ დროს ბავშვი გამგები ხდება. ის ასეთი გამგებია თანატოლებთან და არა დიდებთან. მე უნდა გავუხდე ის თანატოლი, რომელიც მას ყველაზე მეტად გაუგებს. ეს გამოსავალია.

როდესაც ზღვარზე ხარ, სადღაც სავარძელი გედგას, გადექი და ატირდი ცრემლებით, ხომ მაინც გეცრემლება გული. შენმა ბიჭმა თუ გოგომ გიყუროს: „რა ვუქენი დედაჩემს?“ რაც მის თავსა და გულში მოხდება, ეს უკვე აღზრდის პროცესია. აღზრდის ქიმია მიმდინარეობს. ბავშვი თავის თავს სჯის, რცხვენია, ერიდება. ცრემლები მეთოდია აღზრდისა და სულსაც წმენდს.

საღამოთი რომ დააწვენ ბავშვს, უთხარი: „შვილო, როგორი მყევხარ. დიდი ბოდიში, რომ დღეს ასე მოხდა და იქნებ ასე ვიცხოვროთ. შენ მასწავლე, როგორ ვიცხოვროთ.“ თუ ბავშვი მუქარით წავიდა: „წადი, ახლავე დახუჭე თვალები, ძილის დროა!“ მისი სული ფორიაქდება. თუ ცუდი ზღაპრები უამბეთ ბავშვს, ვიღაცამ ვიღაც დაგლიჯა, ვიღაც მოიტაცეს, 3-5 წლის ბავშვი ასეთ ზღაპრებს ვერ გაუძლებს, არ შეიძლება. მას რაღაც კეთილი უნდა გაატანო, ლოცვები, იავნანა. შეიძლება ძალიან წყნარი, კარგი მუსიკა ჩაურთოთ ბავშვს,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მართვითი სუნთქვის რეჟიმს აქვს თავისი ბევრი გართულება არამხოლოდ კოვიდ პაციენტებში, არამედ ჩვეულებრივ სხვა ნოზოლოგიებშიც,“ -ინფექციონისტი მეგი კობახიძე

„მართვითი სუნთქვის რეჟიმს აქვს თავისი ბევრი გართულება არამხოლოდ კოვიდ პაციენტებში, არამედ ჩვეულებრივ სხვა ნოზოლოგიებშიც,“ -ინფექციონისტი მეგი კობახიძე

ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ მართვითი სუნთქვის აპარატის გამოყენების წესებსა და თავისებურებებზე ისაუბრა:

„როდესაც ეს საკითხი დგება, პაციენტი გადავიდეს თუ არა მართვით სუნთქვაზე, ძალიან ბევრი დეტალი არის გასათვალისწინებელი. არის შემთხვევები, როდესაც რეანიმატოლოგების მიერ მაქსიმალურად ხდება პაციენტის დაზოგვა, რათა პ​აციენტისგან მოწოდებული რესურსი მაქსიმალურად იყოს ამოწურული.“

მეგი კობახიძის თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე მხოლოდ გარკვეული ჩვენებების შემთხვევაში გადაჰყავთ:

„სუნთქვის უკმარისობის, ფილტვების ანთების მოგვიანებით ეტაპზე ხდება მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ამას აქვს თავისი ჩვენება და პარამეტრები. შეიძლება იყოს სუნთქვის უკმარისობა, ფილტვების ძალიან ვრცელი და დიდი დაზიანება, მაგრამ პაციენტი მაქსიმალურად იყოს მიყვანილი იმ კონდიციამდე, რომ შენარჩუნებული იყოს სპონტანური სუნთქვა, არ გახდეს პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა საჭირო.“

​მართვითი სუნთქვის რეჟიმს აქვს თავისი ბევრი გართულება არამხოლოდ კოვიდ პაციენტებში, არამედ ჩვეულებრივ სხვა ნოზოლოგიებშიც. რადგან კოვიდ-19-ის შემთხვევაში სხვა დაზიანებასთან გვაქვს საქმე, უკანასკნელ პერიოდში, როდესაც ვეღარ ხდება პაციენტის დასტაბილურება, პარამეტრების შენარჩუნება, უკვე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა როდესაც დგება, მხოლოდ ამ შეთხვევაში ხდება რეანიმატოლოგის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება,“ - აღნიშნულ საკითხზე მეგი კობახიძემ რადიო თავისუფლების ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო თავისუფლება

წაიკითხეთ სრულად