Baby Bag

„დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს, მას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედასა და შვილს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის შესახებ ისაუბრა:

„არის ერთი სამყარო, რასაც ვხედავთ და მეორე სამყარო შენშია. მარტო შენ ხარ შენი შინაგანი სამყაროს ბატონ-პატრონი. იქ უნდა იყოს წესრიგი. დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს. ბავშვი რომ სკოლაში მიდის, კარგმა დედამ, რადგანაც გრძნობს ბავშვის მოძრაობას, კარგი თვალი უნდა გააყოლოს. ბავშვი მშვიდად გადავიდა გზაზე, ახლა სკოლასთან მივიდა, აგერ შედის სკოლაში, არაფერი არ მოხდა. ამ თავისი აზრით დაიცვას დედამ ბავშვის გზა. თუ დედა დაიწყებს ფიქრს: „ვაიმე, იქნებ ფეხი წამოჰკრა... ვაიმე, იქნებ წითელზე გადავიდა... თუ „ვაი-ვაით“ გავაცილეთ, ეს „ვაი-ვაები“ შეიძლება მოხდეს ბავშვის თავს. აზრი მატერიალიზებული ხდება.

რაც მეტად ივარჯიშებს ამ საქმეში, მით უფრო მგრძნობიარე გახდება მისი გული. მას მართლა ეცოდინება ბავშვი სად და როგორ არის. დედებს აქვთ ეს, მამებს ეს არ აქვთ. ჭირვეული დედა, გაღიზიანებული დედა, მყვირალა დედა, ამ გრძნობებს ვერ განივითარებს. ამას სიმშვიდე უყვარს, სიყვარული უყვარს და მომავლის ნდობა. ეს არის გრძნობათმცოდნეობა. დედას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან, ბიოლოგიური, სულიერი. ბავშვმა გაიარა მისი ყველაფერი. დედასა და შვილს შორის კავშირი იწყება მანამდე, ვიდრე ბავშვი ჩაისახება,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს, როცა ბავშვი ურტყამს ან არასასიამოვნო სიტყვებს ეუბნება? - თემაზე ქცევითი თერაპევტი საუბრობს

რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს, როცა ბავშვი ურტყამს ან არასასიამოვნო სიტყვებს ეუბნება? - თემაზე ქცევითი თერაპევტი საუბრობს

რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს, როცა ბავშვი ურტყამს ან არასასიამოვნო სიტყვებს ეუბნება? - ამ საკითხზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პრაქტიკოსი ქცევითი თერაპევტი, სუპერვაიზერი, ფსიქოლოგიის მაგისტრი მაკო გაგნიძე.

- როდესაც ბავშვი გამუდმებით უხეშობს, რა შეიძლება იყოს მიზეზი?

ზოგადად ქცევა არის ინდივიდის მიზანმიმართულად განხორციელებული აქტივობა, რომელსაც გააჩნია მიზანი და ფუნქცია. როდესაც პრობლემურ ქცევასთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში, ბავშვის გამუდმებულ უხეშობასთან და ხშირად მეორდება შემანარჩუნებელი შედეგი, ანუ განმტკიცება, გამორიცხულია ამ ქცევას არ ჰქონდეს წინაპირობა. ქცევათმეცნიერება (ბიჰევიორიზმი) ყველაზე ეფექტურად გვეხმარება ქცევის მართვაში, ხოლო ქცევის მომავალში გამოვლენას და დასწავლას განაპირობებს შედეგები, რომლებიც მოსდევს მას. ანუ შედეგი, რომელიც იწვევს ქცევის გამოვლენის ზრდას. თუკი ბავშვი უხეშობით, ფიზიკური აგრესიით, ყვირილით არასასურველი ქცევით აღწევს სასურველს მაგალითად:

  1. სასიამოვნო სტიმულის მიღება - მაღაზიაში უნდოდა კანფეტი, არ ყიდულობდნენ, მან იყვირა/იუხეშა/იბილწსიტყვავა: მიიღო სასურველი და უყიდეს;
  2. არასასიამოვნოს თავიდან არიდება - არ უნდა დაყრილი სათამაშოების ალაგება. იყვირა/იუხეშა/იბილწსიტყვავა: დავალება არ შეასრულა, ოღონდ დამშვიდებულიყო და ამ დავალების შესრულება აღარ მოსთხოვეს.

შესაძლოა და ხშირია ეს იყოს ყურადღების მიღებისთვის გამოვლენილი ქცევა ან სხვისი ყურადღების თავიდან აცილებისთვის. იმისათვის, რომ გავიგოთ ქცევის ფუნქცია და შედეგის მასზე ზემოქმედება, სპეციალისტები პრობლემური ქცევის დროს ვაგროვებთ და მშობელსაც ვთხოვთ ABC (Antecedent-Behavior-Consequence - წინაპირობა, ქცევა, შედეგი) მონაცემების შეგროვებას და შემდგომ ამ მონცემების ნიადაგზე გარკვეული სტრატეგიების დასახვას.

ქცევას თუ არ ექნება ის შედეგი, რისთვისაც ხორციელდება, ადრე თუ გვიან ჩაქრება და საბოლოოდ გაქრება. შესაძლოა, გარკვეული პერიოდი ქცევისაფეთქება გამოიწვიოს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გაქრება. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ინდივიდუალიზმი, რომელიც ასევე გააჩნია ქცევას. ძველი და ჩვევაში გადასული ქცევის გაქრობა რთულია, ახლის გაცილებით მარტივი. შესაბამისად, მშობელი უნდა ეცადოს გაარკვიოს რა არის წინაპირობა აღნიშნული ქცევების და რა მოყვება, რა ინარჩუნებს მათ. თუკი თავად ვერ ახერხებს და უჭირს გამკლავება, მაშინ უნდა მიმართოს სპეციალისტს. მოდით, კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ რა შეიძლება იყოს აღნიშნული ქცევის განხორციელების მიზეზები: 

1. სასურველის მიღება;

2. იმპულსურობა;

3. ყურადღების მიპყრობა;

4. არახელსაყრელი გარემო;

5. იმიტირება (მიბაძვა) ოჯახის წევრის, მულტფილმის გმირის და ა.შ.;

6. თავდაცვა;

7. უნარების ნაკლებობა ( არ იცის როგორ მოითხოვოს რაიმე ან ლექსიკური მარაგი არ აქვს);

8. სტრესი (ოჯახის სირთულეები);

9. ემოციური ფონი (იმედგაცრუება, ყურადღების ნაკლებობა);

10. ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რუტინის დარღვევა, უძილობა, შიმშილი.

- რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს, როცა ბავშვი ურტყამს ან არასასიამოვნო სიტყვებს ეუბნება?

- იმ მომენტში არ ამახვილებთ ყურადღებას, არ ეჩხუბებით, არ ავლენთ საპასუხო აგრესიას, არ იცინით, არ ახალისებთ. როდესაც ქცევის გამოვლენა დასრულდება, ვასწავლით გამოხატვის სწორ ფორმას (სასურველის მოთხოვნის, არასასურველის თავიდან არიდების და ა.შ). ეს იმ შემთხვევაში თუკი ბავშვს მიმართული მეტყველება ესმის და თუ არა, მაშინ სხვა სტრატეგიების გამოყენება შეგვიძლია, მაგალითად, ალტერნატიული კომუნიკაცია, ჟესტით მოთხოვნა და ა.შ

- რამდენად ეფექტურია, რომ ასეთ დავაიგნოროთ?

რაც შეეხება იგნორს, აღნიშნული სტრატეგია ქცევის გამოყენებით ანალიზში ნამდვილად არსებობს და ჰქვია დაგეგმილი იგნორი, თუმცა, ეს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ და მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში, ისიც სპეციალისტთან შეთანხმებით. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დროს ვაიგნორებთ ინდივიდის ქცევას და არა თავად ინდივიდს.

როცა ბავშვი ხდება აგრესიული, ვიწყებთ ძიებას, გვიჩნდება კითხვას რატომ? მშობელმა ყველა გარემოში უნდა გააანალიზოს აღნიშნული ქცევა და თუ ვერ იგებს მიზეზს, მიმართოს სპეცილისტს. მნიშვნელოვანია ერთი აღზრდის სტილი ოჯახში, არასწორია, როდესაც ოჯახის ერთი ან რამოდენიმე წევრი რაღაცას უკრძალავს და სხვები ნებას რთავენ.

- მშობლის მხრიდან, რა სახის კომუნიკაციამ შეიძლება გაამწვავოს მდგომარეობა?

მშობლის მხრიდან აგრესიაზე აგრესიით პასუხმა ერთმნიშვნელოვნად შესაძლოა გაამწვავოს მდგომარეობა.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად