Baby Bag

„ტრაგიკულია, როდესაც ლაპარაკობენ, გოგოა თუ ბიჭია, გავაჩინოთ თუ არ გავაჩინოთ... ეს საშინელებაა, როდესაც დისკრედიტაცია ხდება,“- ვერიკო ბაზიარი

მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა მუცლადმყოფ ბავშვთან მშობლების ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვს მუცელში ესაუბრები, სულ გამოხატავ, რომ შენ ის გიყვარს, რომ მასზე ზრუნავ, საუბრობთ, როგორ იყოს ის დაცული, როგორ ელოდებით სიხარულით. ეს ყველაფერი მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ტრაგიკულია, როდესაც ლაპარაკობენ, გავაჩინოთ თუ არ გავაჩინოთ, გოგოა თუ ბიჭია. ეს საშინელებაა, როდესაც დისკრედიტაცია ხდება. ამ დროიდან განიცდის ადამიანი. როდის, როგორ გამოიხატება შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში ეს არ ვიცით, ფსიქოლოგიურად მერე ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს.

მუცლადყოფნის პერიოდიდან დედა-შვილის, მამა-შვილის ურთიერთობის ჰარმონიას, ოჯახში სიტუაციას აქვს დიდი მნიშვნელობა. სადაც აყალმაყალია, ჩხუბია, იქ ბავშვი ყოველთვის დათრგუნულია. განვითარების პრობლემებიც კი შეიძლება შეიქმნას, იმიტომ, რომ შეშინებულია შიგნიდან ეს ადამიანი. ის ყოველთვის დაძაბულია. ბავშვი არის საოცარი ქმნილება. მუცლადყოფნის პერიოდის ბავშვობაც არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც გაჩენის შემდეგ ბავშვობა,“- მოცემულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელმა ვირუსებმა შეიძლება მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე უარყოფითი ზეგავლენა? - მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი

რომელმა ვირუსებმა შეიძლება მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე უარყოფითი ზეგავლენა? - მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი

მეან-გინეკოლოგმა მაკა ჩიქოვანმა ის ვირუსები დაასახელა, რომელიც ორსულებისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს:

„რაც შეეხება ვირუსებს, რომლებმაც ორსულობის მიმდინარეობაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს, მედიცინაში ვიყენებთ ტერმინს TORCH ინფექციები. ეს აბრევიატურა მოიცავს იმ ძირითად წამყვან ვირუსებსა და ბაქტერიებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა ქალის ჯანმრთელობაზე და შემდგომ უკვე ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილობასა და ავადობაზე. მასში გაერთიანებულია, მაგალითად, ტოქსოპლაზმა, რომელიც განსხვავებული ტიპის მიკრობს წარმოადგენს. მასში შედის წითურა, ზიკა ვირუსი (ორი-სამი წლის წინ პანდემია იყო და ბრაზილიაში რეკომენდაციას იძლეოდნენ, რომ ცოტა ხანს ორსულობისგან თავი შეეკავებინათ, იმდენად ცუდი და სავალალო შედეგები იყო).

წითურას ვირუსი, ყველას მოეხსენება, რომ მნიშვნელოვნად არასასურველია ორსულებისთვის.  TORCH ინფექციებში შედის ციტომეგალოვირუსი, რომელიც ყველაზე გავრცელებული ვირუსია დღეს. ასევე ჰერპეს ვირუსი, რომელიც ყველაზე გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსულ დაავადებას წარმოადგენს წყვილებს შორის,“ - მოცემულ საკითხზე მაკა ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად