Baby Bag

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც წონაში კლების მსურველები უშვებენ

3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც წონაში კლების მსურველები უშვებენ

ქირურგმა და ტელეწამყვანმა გიორგი ჩიჩუამ სამი ყველაზე გავრცელებული შეცდომა დაასახელა, რომელსაც წონაში კლების მსურველები უშვებენ:

„არც სპაგეტი, არც სხვა ნებისმიერი ფორმის მაკარონი წონაში არ მოგამატებინებთ. პირიქით, ბოლო კვლევების მიხედვით, ეს პროდუქტი წონის კლებაში დაგეხმარებათ. პასტას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ეს მაჩვენებელი ასახავს იმას, თუ რა სისწრაფით იშლება ესა თუ ის პროდუქტი ადამიანის ორგანიზმში და გარდაიქმნება გლუკოზად. როდესაც პასტას მივირთმევთ, ორგანიზმი შედარებით ნელა გრძნობს მაძღრობას, მაგრამ ეს მაძღრობა დიდხანს გრძელდება.

შემდეგი შეცდომა არის 0 %-იანი რძის პროდუქტების შეძენა. არასწორია ფიქრი, რომ გასახდომად 0 %-იანი რძის პროდუქტები უნდა მივირთვათ. სინამდვილეში რძის პროდუქტები ძალიან კარგია წონაში კლებისთვის. ისინი კაცლიუმს შეიცავენ. დაბალ პროცენტიან რძის პროდუქტს კი მცირე რაოდენობით აქვს კაცლიუმი. თუ თქვენ ამგვარ რძის პროდუქტს მიირთმევთ, ვერც წონაში დაიკლებთ და საჭირო რაოდენობით კალციუმსაც ვერ მიიღებთ.

მესამე შეცდომაა ცხიმიან საკვებზე უარის თქმა. ცხიმიანი საკვები სინამდვილეში ყოველთვის ცუდს არ ნიშნავს. თუ ცხიმზე საერთოდ უარს ვიტყვით, ვერ გამოვიმუშავებთ ესტროგენს, პროგესტერონსა და ტესტოსტერონს. შესაბამისად ვერც საჭმლის მონელებას მოვახერხებთ და ვერც წონაში დავიკლებთ. ორაგული ცხიმიანი თევზია, თუმცა სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ასევე სასარგებლოა კვერცხი, ყველი, ზეითუნის ზეთი, ავოკადო, თხილეული. ამ ჩამონათვალში არ მოიაზრება სწრაფი კვების პროდუქტი. ყველაფერში მთავარია ზომიერება.“

წყარო: ​„მთავარი ექიმი“

წაიკითხეთ სრულად