Baby Bag

არავის მისცეთ ჩვილის კოცნის უფლება, მათ შორის არც ხელებსა და ფეხებზე, რადგან ეს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

არავის მისცეთ ჩვილის კოცნის უფლება, მათ შორის არც ხელებსა და ფეხებზე, რადგან ეს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

ჩვილები ყველასთვის საყვარლები და ძვირფასები არიან, რის გამოც უფროსები ყოველთვის ცდილობენ მათ კოცნას და მოფერებას. მართალია კოცნა სიყვარულის და სითბოს გამოხატვის ფორმაა, მაგრამ ჩვილის შემთხვევაში ის, შესაძლოა, ძალიან სახიფათოც იყოს. თუ ჩვილი ბავშვის მშობლები ხართ, მოგიწოდებთ, დაიცვათ თქვენი შვილი ახლობლების მხრიდან კოცნისა და მოფერებისგან.

ახალშობილებს სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, რის გამოც დაბადებიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში ისინი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. ნებისმიერი სახის ვირუსს ან ბაქტერიას მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. სანამ ბავშვს შეეხებით, ხელები საგულდაგულოდ დაიბანეთ. ვირუსებისა და ბაქტერიების წყარო მხოლოდ ხელი არ არის, ისინი ჩვენს სახეზეც ბუდობენ, რის გამოც კოცნა ბავშვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.


ჩვილები განსაკუთრებით დაუცველები არიან მარტივი ჰერპეს ვირუსის მიმართ, რომელიც ზრდასრულებში ტუჩის ირგვლივ წყლულების განვითარებას იწვევს, ხოლო ჩვილისთვის, შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსით ინფიცირებული ადამიანი პირით შეეხება ბავშვის ხელს, შემდეგ ბავშვი ხელს მიიტანს თვალთან, ცხვირთან ან პირთან, ვირუსი ლორწოვან გარსში შეაღწევს. სუსტი იმუნური სისტემის გამო ვირუსმა, შესაძლოა, თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ანთება გამოიწვიოს.

ბავშვის დაბადებიდან პირველი რამდენიმე თვე განსაკუთრებით საფრთხილოა და მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. ნებისმიერი ოჯახის წევრი, რომელიც შეუძლოდაა, ბავშვისგან იზოლირებული უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ხელში უნდა ავიყვანოთ, აუცილებლად საგულდაგულოდ უნდა დავიბანოთ ხელები. ჩვილობისას მოერიდეთ ბავშვის გაყვანას ხალხმრავალ ადგილებში და სტუმრიანობას სახლში. გახსოვდეთ, კოცნისას პათოგენები პატარას კანზე გადადის და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დავიცვათ ჩვილების სიცოცხლე და მოვარიდოთ ის ზედმეტ ფიზიკურ კონტაქტს. ნუ მოგვერიდება სტუმრებისთვის თქმა, რომ ბავშვის კოცნა არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად უცნაურად მოეჩვენებათ მათ თქვენი სიტყვები. მშობლებისთვის უპირველეს საზრუნავს ჩვილის ჯანმრთელობა უნდა წარმოადგენდეს.

წყარო: ​Timesofindia.com

შეიძლება დაინტერესდეთ

იაპონელების უნიკალური და ეფექტიანი მეთოდი ბავშვებს შორის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად

იაპონელების უნიკალური  და ეფექტიანი მეთოდი ბავშვებს შორის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად

ბავშვები ხშირად ჩხუბობენ ან კამათობენ. ეს ბავშვის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ​ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ გადაჭრან კონფლიქტები. სწავლის პროცესში ვერბალური ან ფიზიკური ხასიათის კონფლიქტები გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ჩხუბი მისაღები ქცევა არ არის, რის გამოც მშობლები და მასწავლებლები ბავშვებს შორის კონფლიქტის სწრაფად ჩახშობას ცდილობენ.

იაპონელი მშობლები და მასწავლებლები ბავშვებს შორის კონფლიქტის გადაჭრას საკუთარი ორიგინალური მეთოდით ცდილობენ. აღნიშნული მეთოდი იაპონელ ბავშვებთან ეფექტიანია და ამართლებს, თუმცა ექსპერტები გადაჭრით ვერ ამბობენ, რამდენაც ეფექტიანი აღმოჩნდება ის სხვა ქვეყნებსა და კულტურებში.

იაპონურ მეთოდს „მიმამორი“ ეწოდება და ​ის ბავშვის ავტონომიურობის ზრდაზეა ორიენტირებული. მიმამორის პრაქტიკა საკმაოდ მარტივია. მასწავლებლები და მშობლები კონფლიქტის დროს ბავშვების ახლოს დგანან და მათ აკვირდებიან. ისინი ბავშვების კამათში არ ერევიან. მშობლები და მასწავლებლები არ ცდილობენ ბავშვებთან ერთად პრობლემის გაანალიზებას. ისინი ბავშვებს საშუალებას აძლევენ კონფლიქტი დამოუკიდებლად გადაწყვიტონ.

იაპონელი მშობლები და მასწავლებლები აღნიშნული მეთოდის მთავარ უპირატესობას იმაში ხედავენ, რომ ის ბავშვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას აძლევს და პრობლემის გადაჭრის უნარს უვითარებს. როდესაც მშობლები კონფლიქტში ერევიან, ისინი ბავშვებს ხელს უშლიან კონფლიქტის მოგვარება თავად სცადონ და ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინონ.

​კონფლიქტში მშობლის ჩარევა ხშირად იწვევს ბავშვებისთვის იარლიყების მიკერებას. ზოგიერთი ბავშვი დამნაშავედ ცხადდება, ზოგიერთი კი - უდანაშაულოდ. როდესაც მშობლები თავს იკავებენ კონფლიქტში ჩართვისგან, ბავშვები კარგ გაკვეთილს იღებენ. ისინი აცნობიერებენ, რომ კონფლიქტით პრობლემების მოგვარება არასწორია. ბავშვები მიღებული გამოცდილებიდან ბევრ რამეს სწავლობენ, რაც მათთვის ძალიან სასარგებლოა.

მომზადებულია ​moms.com - ის მიხედვით

წაიკითხეთ სრულად