Baby Bag

„ჩვილს ძილის დროს ბალიში არ სჭირდება, ეს ეხება რბილ სათამაშოებსაც“ - პედიატრი ნანა საპანაძე ბავშვის საწოლის ე.წ. გამოსაკრავებზე

„ჩვილს ძილის დროს ბალიში არ სჭირდება, ეს ეხება რბილ სათამაშოებსაც“ - პედიატრი ნანა საპანაძე ბავშვის საწოლის ე.წ. გამოსაკრავებზე

ხშირად მშობლები ჩვილის საწოლის გასაფორმებლად იყენებენ სხვადასხვა ნივთს, ე.წ გამოსაკრავებს (ბალიში, სათამაშო და სხვა), რამაც შესაძლოა, დიდი საფრთხე შეუქმნას პატარას სიცოცხლეს. ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც მძინარე ბავშვმა მოძრაობა დაიწყო და საბანში გახვეულმა ვერ გაითავისუფლა თავი. საბედნიეროდ, დედამ გაიგო ტირილის ხმა და შევიდა ოთახში. როგორც ჩანს, ბალიშები და საბანიც საფრთხის შემცველია, როდესაც ბავშვი მუდმივი ყურადღების ქვეშ არ იმყოფება. პედიატრების რეკომენდაციით, ბალიში არ უნდა გამოვიყენოთ ბავშვის საწოლის მოსართვად. ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ნანა საპანაძე.

„ვიდრე გავრცელებული ვიდეოს შესახებ გავაკეთებდე კომენტარს, რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო, ზოგადად, ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს და კონკრეტულად, უსაფრთხო საწოლს. საწოლი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთია ბავშვისთვის და მშობლისთვისაც. დაბადებიდანვე ბავშვს ძილისა და დასვენების ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ესაჭიროება საკუთარი მიკროგარემო, კერძოდ, საწოლი. აქვე აღვნიშნავ, რომ სიცოცხლის პირველი წლის მანძილზე ბავშვს უნდა ეძინოს თქვენს ოთახში და არა თქვენს საწოლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. (ღამე ბავშვი თქვენს ოთახში შეიძლება წლის შემდეგაც იძინებდეს, მაგრამ აუცილებლად თავის საწოლში და კატეგორიულად, არა თქვენს საწოლში) .

დიზაინისა და ფორმისგან დამოუკიდებლად ყველა საწოლს, რომელიც გათვლილია ბავშვის ზრდის შესაბამისი ტრანსფორმირებისთვის, უნდა ჰქონდეს ფსკერის რეგულირების შესაძლებლობა, მაღალი ფსკერიდან მაქსიმალურად დაბალ დონეზე რეგულირებისთვის. რადგანაც ახალშობილი უფრო მოხერხებულია მაღალი ფსკერით საწოლზე, ხოლო, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად წამოჯდომა და მოაჯირებზე დაყრდნობით ფეხზე დადგომა, მაღალი ფსკერით საწოლი უკვე ერთობ სახიფათოა. რადგანაც საწოლი შეირჩევა იმ გათვლით, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად რამდენიმე წელი მაინც არ იყოს საჭირო მისი შეცვლა, საწოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ძირის ტრანსფორმირების ფუნქცია. საწოლის ზედაპირი უნდა იყოს აუცილებლად მყარი
, ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საწოლის დამცავი კედლის ხარიხებს შორის არ იყოს ფართო მანძილი, რათა პატარას თავი არ გამოეტიოს. ასევე, არ უნდა იყოს დიდი მანძილი საწოლის გვერდებსა და მატრასს შორის. ყოველივე ეს აუცილებელია ბავშვის უსაფრთხოებისთვის.“

- ქალბატონო ნანა, ვიცით, რომ ბავშვის საწოლი ბევრი ნივთით არ უნდა იყოს გადატვირთული. რამდენად მიზანშეწონილია ბალიშებით საწოლის გაფორმება?

- რაც შეეხება, საწოლის გაფორმებას ბალიშებით, სათამაშოებით, მცირე ასაკის ბავშვებისთვის არ არის მიზანშეწონილი საწოლში რბილი სათამაშოების დატოვება. ასევე, სიფრთხილით უნდა დავამაგროთ გვერდზე ე.წ. ბამპერები. წლამდე ასაკის ბავშვისთვის ისინი საერთოდ არაა საჭირო, ხოლო შემდეგ თუ მშობელს ძალიან უნდა საწოლის გვერდები დაიცვას, ბალიში-ბამპერები ძალიან მჭიდროდ უნდა იყოს დამაგრებული გვერდებზე და ხშირად შემოწმდეს მათი მიმაგრების ხარისხი, ვინაიდან მოძრობის შემთხვევაში ისინი დაცვის ნაცვლად საფრთხეს შეუქმნიან ჩვილს.

ჩვილი ასაკის ბავშვს ძილის დროს ბალიში არ სჭირდება, ეს ეხება რბილ სათამაშოებსაც. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატარას ძილის დროს მის საწოლში დავტოვოთ რბილი სათამაშოები, რადგან ეს შეიძლება სასუნთქი გზების დახშვის მიზეზი გახდეს. თუ ბავშვი მიჩვეულია სათამაშოთი დაძინებას, მხოლოდ ერთი სათამაშო უნდა დავუტოვოთ და ძილის დროს მოვაცილოთ, ან ხშირად ვაკონტროლოთ ამ სათამაშოს მდებარეობა საწოლში.

ზოგჯერ მშობლები ძილის პოზიციონერებს ყიდულობენ, მათ საყურადრებოდ მინდა ვთქვა: თუ პატარას დამოუკიდებლად შეუძლია გადაბრუნება საწოლში პოზიციონერის ამობურცული გვერდები მას მოძრაობაში ხელს შეუშლის და შესაძლოა, ადვილად დაახშოს მისი სასუნთქი გზები.

- როგორც ჩანს, საბანი და პლედიც საფრთხის შემცველია, თუ დროებით უყურადღებოდ დავტოვებთ. რითი შეიძლება შევცვალოთ?

- უმჯობესია თუ მშობლები ტრადიციული საბნის ნაცვლად ე.წ. ჩასაცმელ საბანს გამოიყენებენ. მისი შემთხვევით თავზე წამოხურება და სასუნთქი გზების დახშობა გამორიცხულია. თუ გადასაფარებელ საბანს იყენებენ, ამ საბნის გვერდები კარგად უნდა დააფიქსირონ მატრასის ქვეშ, რათა პატარამ ვერ შეძლოს ჯერ საბნის გადახდა, ხოლო შემდეგ მისი თავზე გადაფარება და სასუნთქი გზების დახშობა.

და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანი - არ შეიძლება ძილის დროს პატარას დიდხანს უყურადღებოდ დატოვება.

„რაც შეეხება, გავრცელებულ ვიდეოს, თუ დააკვირდებით კონკრეტულ შემთხვევაში ყველა ის პირობაა დარღვეული, რაზეც მე ახლა გესაუბრეთ, ამიტომ კომენტარს აღარ გავაკეთებ და დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია“.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის ტვინისთვის მოშიება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდგომარეობა,“ - მარი მალაზონიას რეკომენდაციები მშობლებს

„ბავშვის ტვინისთვის მოშიება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდგომარეობა,“ - მარი მალაზონიას რეკომენდაციები მშობლებს

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვის სწორი კვების რეჟიმის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლაში ბავშვმა ორი გაკვეთილის დასრულების შემდეგ ხემსი აუცილებლად უნდა მიირთვას:

„როდესაც ორი გაკვეთილი დასრულდება ​დილით, აუცილებლად სჭირდება ბავშვს ხემსი. იგივე პრინციპი უნდა დავიცვათ სახლის პირობებშიც, რომ ბავშვს ჰქონდეს საშუალება გამოკვებოს თავის ტვინი აუცილებელი საწვავით. ბავშვის ტვინისთვის მოშიება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდგომარეობა, რომელიც უნდა ავიცილოთ თავიდან. კვების რეჟიმი გვეხმარება დროის ინტერვალების სწორად გადანაწილებაში.“

მარი მალაზონიამ ბავშვის ჯანმრთელობისთვის რძის ნაწარმის უდიდეს მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი:

„არაერთხელ გვითქვამს, რატომ არის მნიშვნელოვანი რძის ნაწარმი. ​რძის ნაწარმი თავის ტვინისთვის აუცილებელი ისეთი ნივთიერებებისგან შედგება, როგორიც არის ადვილად შეთვისებადი ცილა და ცილის გარეშე არაფერი შენდება. ცილის გარეშე არ მიმდინარეობს არცერთი პროცესი და მით უფრო, ყველა ამინომჟავის შემცველი ცილა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის.“

„გასათვალისწინებელია ასევე ​D ვიტამინის შემცველობა რძის ნაწარმში, ასევე A ვიტამინის, როგორც ზრდის ჰორმონის, რომელიც მზა სახით არის წარმოდგენილი მაწონში და ზოგადად რძის ნაწარმში. რძის ნაწარმში გარკვეული რაოდენობით გვაქვს E ვიტამინიც. ასევე გვაქვს, რაც მთავარია, ისეთი ნივთიერებები, როგორიც არის კალციუმი, ფოსფორი, გარკვეული რაოდენობით თუთიაც. მაწონი არის ძალიან კარგი ნაკრები ცოცხალი ორგანიზმების, მათთვის საკვების და მათი გადამუშავების პროდუქტების,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად