Baby Bag

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას
ბავშვებში დამოუკიდებელი უნარების განვითარების ხელშეწყობას მშობლები, როგორც წესი, არ ჩქარობენ, რადგან თვლიან, რომ მოზრდილობის ხანამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და ამ მხრივ საჩქარო არაფერია, თუმცა რაც უფრო ნაადრევ ასაკში ასწავლით თქვენს შვილებს ორ ფეხზე მყარად დგომას, მით უფრო დაეხმარებით დამოუკიდებელ და წარმატებულ ადამიანებად​ ჩამოყალიბებაში.

გამონახეთ დრო სწავლებისთვის

მცირეწლოვან შვილს მოზრდილი ადამიანის მსგავსად თუ მოექცევით, ის თავს მეტად თავდაჯერებულად და დამოუკიდებლად იგრძნობს. მიეცით თქვენს შვილს ახალ-ახალი დავალებები, თქვენს მაგალითზე ასწავლეთ, როგორ უნდა იქცეოდეს ზრდასრული ადამიანი. ზრდასრულობა მის პროფესიად უნდა აქციოთ. დავალებები, რომლებსაც თქვენს შვილს მისცემთ, თქვენთვის ძალიან მარტივად შესასრულებელი აქტივობა უნდა იყოს, რომელიც ბავშვისთვის მეტისმეტად რთული არ იქნება. ასწავლეთ ბავშვს საკუთარი სათამაშო სივრცის მოწესრიგება, თავისი ჭუჭყიანი ტანსაცმლის სპეციალურ ყუთში მოთავსება. შედარებით მოზრდილ ასაკში კი სასადილო მაგიდის მოწესრიგებას და საკუთარი ჭურჭლის გასუფთავებასაც უნდა მიაჩვიოთ.

ხაზი გაუსვით ბავშვის მიღწევებს

სწავლების პროცესში, შესაძლოა, თქვენთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ, მაგრამ ამის გამო ბავშვს ნუ გაკიცხავთ. ხაზი გაუსვით მის ნებისმიერ მიღწევას, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს. ასე ბავშვს წაახალისებთ და მას მოტივაციის გაზრდაში დაეხმარებით. შეაქეთ თქვენი შვილი, თუ ხილის წვენს დამოუკიდებლად ჩაასხამს ჭიქაში და თქვენი დახმარების გარეშე დალევს. თქვენგან დადებითი შეფასების მოსმენის შემდეგ ბავშვი საკუთარი თავისადმი მეტი ნდობითა და პატივისცემით განეწყობა.

მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთების უფლება

დამოუკიდებლობა ადამიანს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლებას აძლევს. მშობელმა ბავშვს აუცილებლად უნდა აგრძნობინოს, რომ მას გადაწყვეტილების მიღება თავად შეუძლია. ჰკითხეთ თქვენს შვილს, რის მირთმევას ისურვებდა სადილად: ყველიანი მაკარონის თუ არაქისის კარაქისა და ჟელესი? ბავშვი ისეთი არჩევანის წინაშე უნდა დააყენოთ, რომ მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება თქვენთვის მისაღები იყოს.

ბავშვისთვის დახმარების გაწევა ყოველთვის აუცილებელი სულაც არ არის

არასდროს გაუკეთოთ ბავშვს ისეთი რამ, რისი გაკეთება მას დამოუკიდებლადაც შეუძლია. ნუ შეუკრავთ მას ფეხსაცმლის თასმებს და ნუ ჩააცმევთ ქურთუკს სახლიდან გასვლისას, თუ ის ამ ყველაფრის გაკეთებას თავადაც შეძლებს. თუ ბავშვი დამოუკიდებლად ჩაცმას ვერ ახერხებს, საქმის დაწყებაში დაეხმარეთ, შემდეგ კი ნება მიეცით ჩაცმის პროცესი თავად დაასრულოს. თუ დილით სახლიდან გასვლას ჩქარობთ და იძულებული ხართ ბავშვს ჩაცმაში დაეხმაროთ, ეცადეთ მაღვიძარა 15 წუთით ადრე დააყენოთ, რათა ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმისთვის საკმარისი დრო მისცეთ.

შეუქმენით ბავშვს კომფორტული გარემო

საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვას რომ მიაჩვიოთ, ბავშვისთვის საჭირო და აუცილებელი ნივთები ისეთ ადგილას უნდა დააწყოთ, სადაც მას ხელი მიუწვდება. თეფშები, ბავშვის საჭმელი, ჭიქა, წვენი ან წყალი ისეთ სიმაღლეზე უნდა დაალაგოთ, რომ ბავშვმა საჭმლის მირთმევა ან წყლის დალევა თქვენი დახმარების გარეშე შეძლოს. დააკვირდით მის ქცევას, ეცადეთ ყოველდღიურად გაახალისოთ გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება. შეუქმენით მას მაქსიმალური კომფორტი, რათა თვითმომსახურება მარტივად შეძლოს.

იპოვეთ დადებითი უარყოფითში

თქვენი შვილის მიერ შეცდომების დაშვებას ტრაგედიად ნუ აქცევთ. შეცდომა პოზიტიურ მოვლენად უნდა აღიქვათ, რომელიც ბავშვს ახალი გამოცდილების შეძენაში ეხმარება. იმის ნაცვლად, რომ ბავშვი შეცდომის გამო გაკიცხოთ, ეცადეთ მასთან ერთად იპოვოთ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა. მიეცით თქვენს შვილს შეცდომების დაშვების უფლება. დამოუკიდებელ ადამიანებს შეცდომები არ აშინებთ.

ერიდეთ პერფექციონიზმს

არასდროს მოთხოვოთ ბავშვს თქვენ მიერ მიცემული დავალებები უნაკლოდ შეასრულოს. თუ ბავშვს პერფექციონისტული მოლოდინებით დატანჯავთ, ის მომავალში უარს იტყვის ახალი გამოწვევების მიღებაზე და უუნარო ადამიანად ჩამოყალიბდება, რომელსაც ყველაფერი აშინებს. თუ თქვენი შვილის მიღწევებით უკმაყოფილო ხართ, იმედგაცრუებას პირდაპირ ნუ გამოხატავთ. ეცადეთ ბავშვის შეცდომებს გაგებით მოეკიდოთ, რადგან მათი გამოსწორება გვიანი არასდროს არის. 

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შედეგს იწვევს მამის პასიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში?

რა შედეგს იწვევს მამის პასიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში?
რა შედეგს იწვევს მამის პასიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში და რამდენად დიდი როლი აქვს მას? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.
- ბავშვის აღზრდის პროცესში, ძირითადად დედები არიან ხოლმე ჩართულები. რამდენად მნიშვნელოვანია მამის როლი?
- მამის როლი ბავშვის აღზრდის პროცესში ნამდვილად მნიშვნელოვანია. ბავშვს სჭირდება გვერდით, როგორც დედა, ისე მამა. მისთვის აუცილებელია მამა იყოს დაინტერესებული, მხარს უჭერდეს, უყვარდეს, უგებდეს და აფასებდეს. ამ მხრივ, მამის მიერ შეტანილი წვლილი განსხვავდება იმისგან, რასაც დედა აძლევს შვილებს და მხოლოდ დედასთან ურთიერთობა ამას ვერ ჩაანაცვლებს. დღეისათვის მამების როლი ბავშვების აღზრდის პროცესში შეცვლილია. ამ მხრივ შეინიშნება დადებითი ტენდენცია - მამების მეტი ჩართულობა ბავშვთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცესში. მამის მონაწილეობა აღზრდაში აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით და დისციპლინის უზრუნველყოფით. ეს ტენდენცია იკვეთება იმ მომენტებშიც, რომ დღეს უფრო ხშირად ნახავთ მამას, რომელიც მიჰყვება შვილს ექიმთან კონსულტაციაზე, მშობელთა კრებაზე ან უბრალოდ თავისუფალ დროს ატარებს ბავშვთან. ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია შეცვლილ სოციალურ და ეკონომიკურ რეალობასთან - მამებს დღეს მეტად აქვთ საშუალება, ჩაერთონ ბავშვებზე ზრუნვის პროცესში, ხოლო დედებს მეტად აქვთ საშუალება, რეალიზდნენ პროფესიაში და შექმნან ეკონომიკური დოვლათი.
- ცალ-ცალკე რომ ვისაუბროთ მამის როლზე გოგონების და ბიჭების შემთხვევაში.
- ორივე სქესის ბავშვისთვის მამის მონაწილეობა აღზრდის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი მამების შვილები უკეთესად ვითარდებიან, აქვთ ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები და ზრდასრულ ასაკშიც მეტად წარმატებულები არიან. მეცნიერები ამას „მამის ეფექტს“ უწოდებენ. „მამის ეფექტი“ არის ერთგვარი ქოლგა, რომლის ქვეშ მოიაზრება ყველა ის სარგებელი, რაც მოსდევს ბავშვის ცხოვრებაში მამის არსებობას და მონაწილეობას. საინტერესოა, რომ ბევრი კვლევის მონაცემებით, მოზარდობის ასაკამდე მამის ეფექტი ბიჭების და გოგონების აღზრდაში დიდად არ არის განსხვავებული. მოზარდობის პერიოდში კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის გოგონების თვითშეფასების, იდენტობის და საწინააღმდეგო სქესთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. მოზარდი ბიჭების შემთხვევაში, მამა არის როლური მოდელი, ასევე ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად აქტიური იქნება მოზარდი სოციალურ ურთიერთობებში. მოზარდობის პერიოდში აღზრდაში ჩართული მამების შვილები ნაკლებად არიან მიდრეკილი განახორციელონ სარისკო და სოციალურად მიუღებელი ქცევა, ან მიიღონ ნაადრევი სექსუალური გამოცდილება.
- რა სახის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მამის პასიურობამ აღზრდის პროცესში?
- მამის პასიური პოზიცია შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, რომ ბავშვებზე ზრუნვის მთელი პასუხისმგებლობა გადაჰქონდეს დედაზე (მათ შორის, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება). ასეთ შემთხვევაში, მამა ნაკლებად იზიარებს პასუხისმგებლობას აღზრდის პროცესზე და არ რეაგირებს ბავშვის ქცევაზე, არ აძლევს ადეკვატურ უკუკავშირს, შესაძლოა, ყველაფრის ნებას რთავდეს ბავშვებს, ან უბრალოდ არ რეაგირებდეს არც კარგ და არც ცუდ ქცევაზე. ასევე შესაძლოა, მამა იყოს დისტანციური, ემოციურად მიუწვდომელი, ასეთ შემთხვევაში ბავშვს უჭირს მამის დამოკიდებულების ინტერპრეტაცია - მოეწონა ეს საქციელი თუ ეწყინა? ორივე შემთხვევაში, ბავშვის საჭიროებები (ფიზიკური, ემოციური, სოციალური) არ არის მიღებული და დაკმაყოფილებული. შესაბამისად, ის სარგებელი, რასაც ბავშვი მიიღებდა აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართული მამის შემთხვევაში, მათ შორის, უსაფრთხოების განცდა (მამა დიდი და ძლიერია, ზრუნავს დედაზე და მასზე), ჯანსაღი ემოციური მიჯაჭვულობა და წარმატებულობის განცდა (როდესაც მამა ამაყია შვილის მიღწევებით და გამოხატავს ამას), განსხვავებული აზრი რეალობის სხვა კუთხით დანახვა, ვიდრე დედა ხედავს, და ბევრი სხვა სარგებელი იკარგება.
- რა დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ორივე მშობლის თანაბარ ჩართულობას და როგორ შეიძლება შევცვალოთ გავრცელებული წარმოდგენა, რომ შვილების აღზრდა დიდწილად დედების მოვალეობაა?

- ნებისმიერი მამაკაცისთვის, გახდეს მამა ძალიან დიდი მოვლენაა. რეალურად არავინ იცის, როგორი მამა იქნება მანამ, სანამ ამ რეალობაში არ აღმოჩნდება. ყოველი ახალი რეალობა კი ადამიანისთვის სტრესია. სამწუხაროდ, მამის როლის მორგებას ბევრად ნაკლები ყურადღება ეთმობა, ვიდრე დედობას. ამ ახალი როლისთვის მას ფიზიკური მომზადებაც სჭირდება და ემოციურიც (უძილო ღამეები, ზოგჯერ ჩვილის ხშირი ტირილი, რადგან ამ ეტაპზე ბავშვისთვის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა). ორსულობის და მშობიარობის პროცესებში ხშირად მომავალი მამები ნაკლებად მონაწილეობენ და ასე ერთი ხელის მოსმით აღმოჩნდებიან ახალ რეალობაში, როდესაც მთელი ყურადღება გადადის ახალშობილზე და მის მოთხოვნილებებზე. ამდენად, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას მამების ჩართულობის მიმართულებით ესაა მათი მონაწილეობა ორსულობის მონიტორინგის პროცედურებში, მშობიარობის დროს მხარდაჭერა შეუფასებელი გამოცდილებაა, როგორც ორივე პარტნიორისთვის, ისე ჩვილისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მამების გამოცდილება საკუთარ მშობლებთან, რადგან აღზრდის პროცესში ხშირად ვიყენებთ იმ მიდგომებს და მეთოდებს, რასაც ჩვენი მშობლების იყენებდნენ ჩვენთან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ მიდგომების გაუმჯობესება არ შეგვიძლია. მეორე, რაც უნდა გაკეთდეს მამების ჩართულობის წასახალისებლად, „ვაცალოთ“ ზრუნვა ჩვილზე, მივცეთ საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ჩვილის დაბანის, დაძინების პროცესებში, კრიტიკისა და ზედმეტი კომენტარების გარეშე. ყოველ შემდგომ ეტაპზე ყოველთვის არის ზრუნვისა და თამაშის აქტივობები, რომლებშიც შესაძლებელია მამების აქტიური ჩართვა. პირველი 2-3 წლის ასაკში ბავშვისთვის მნიშვნელოვანია სამყაროს შეცნობა, ამ პროცესში მამამ შეიძლება მიიღოს აქტიური მონაწილობა, როგორც მეგზურმა და მხარდამჭერმა ამ აღმოჩენებში, არ შეზღუდოს ბავშვის ცნობისმოყვარეობა, არამედ დააზღვიოს და უზრუნველყოს უსაფრთხოება. სკოლამდელ ასაკში, მამა კარგი როლური მოდელია ბავშვისთვის სხვადსახვა ყოფითი წინააღმდეგობის გადალახვაში. აქ მნიშვნელოვანია ბავშის მოტივირება იყოს მეტად დამოუკიდებელი და დარწმუნებული საკუთარ ძალებში (რაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება მამის მხარდაჭერას). სასკოლო ასაკის და შემდგომ ეტაპებზე, მამა ხდება სოციალური და მორალური ღირებულებების მოდელი. მესამე მნიშვნელოვანი მომენტია თავად მშობლების ურთიერთობა, რამდენად ჯანსაღი ემოციური კლიმატია სახლში, რამდენად შეუძლიათ მშობლებს ყოფითი პრობლემების ერთობლივი ეფექტური გადაწყვეტა, რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის შეცდომების ან მიღწევების მიმართ, რამდენად აქვთ ერთმანეთის იმედი და მხარდაჭერა გადამწყვეტ მომენტებში.

ესაუბრა მარიამ ჩოქური​

წაიკითხეთ სრულად