Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არსებობს უკეთესი იმუნოსტიმულატორი, ვიდრე არის ბავშვის მოფერება,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

„არ არსებობს უკეთესი იმუნოსტიმულატორი, ვიდრე არის ბავშვის მოფერება,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვებში სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„კვება არ არის მარტო საკვების მიღება. კვება არის პროცესი, ​კვებასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. ის არ უნდა იყოს წახალისების მექანიზმი. როდესაც კვება ხდება წახალისების მექანიზმი, სტაფილოს ხომ არ აჩუქებთ ბავშვს?! აძლევთ შოკოლადს. პედიატრიაში არის გამოთქმა: „ონლაინ ძალადობა.“ ონლაინ ძალადობაა, როდესაც თქვენ იმისთვის, რომ ბავშვმა ჭამოს, ჩაურთავთ ტელევიზორს ან მისცემთ ტელეფონს. თქვენ ძალადობთ თქვენს საკუთარ შვილზე.“

ქეთი ნემსაძემ განმარტა, თუ რა არის ნატურალური და ბუნებრივი გზა სწორი კვების დასაწყებად:

„რა არის ნატურალური, ბუნებრივი გზა სწორი კვების დაწყების? ეს არ არის მარტო ძუძუთი კვება. ეს არის კ​ანის კანთან კონტაქტი, მოფერება და ძუძუს სიყვარულით მიწოდება. ბავშვებს უვითარდებათ კორტიზოლური ტოქსიური შოკი, როდესაც დედას აცილებენ. დედა არის მთავარი ადამიანი. არ შეიძლება, ბავშვს ასწავლო, რა არის ჯანსაღი კვება და შენ არ იკვებებოდე ჯანსაღად. ჯანსაღი კვება გულისხმობს ფიზიკურ აქტივობასაც. დედის ნებისმიერი შეხების დროს ქვეითდება კორტიზოლი, რომელიც ტოქსიურ შოკს იწვევს ბავშვებში.“

„ვისაც არ აქვს რძე, მოეფეროს ბავშვს და ისე აჭამოს. თქვენი ერთი შეხება ბავშვში იწვევს იმუნიტეტის სტიმულაციას. ეს არის ყველაფერი მისთვის. ხშირად მეუბნებიან: „იმუნიტეტის სტიმულატორი დაგვინიშნეთ, ექიმო.“ ​არ არსებობს უკეთესი იმუნოსტიმულატორი, ვიდრე არის ბავშვის მოფერება. ჩვენ უნდა ვერიდოთ ნახშირწყლებს. თუ ბავშვის წონა ჭარბი არ არის, პირველი კვების დაწყება შეიძლება დაცეხვილი ფაფებით და ხილით. თუ ბავშვი ჭარბწონიანია, კვება დავიწყოთ ბოსტნეულის წვნიანით. პირველი საკვები მარტო ხილი არ შეიძლება იყოს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ჯანსაღ კვებას მივაჩვიოთ ბავშვი, არაფერი გამზადებული სახლში არ უნდა მოვიტანოთ. ყველაფერი უნდა გამზადდეს სახლში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ნემსაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის შოუ“

წაიკითხეთ სრულად