Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეს მამაკაცი ოჯახის ფინანსური თავი ნაკლებად არის ჩვენთან. ეს შეუმდგარობა მასში აგრესიას იწვევს,“ - ნევროლოგი მარინა ჯანელიძე

„დღეს მამაკაცი ოჯახის ფინანსური თავი ნაკლებად არის ჩვენთან. ეს შეუმდგარობა მასში აგრესიას იწვევს,“ - ნევროლოგი მარინა ჯანელიძე

ნევროლოგმა მარინა ჯანელიძემ მამაკაცებში აგრესიის მატების და ქალზე ძალადობის შემთხვევების გახშირების პრობლემაზე ისაუბრა, მან აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემატიკა, შესაძლოა, გადამავალი ეკონომიკური პერიოდისთვის იყოს დამახასიათებელი:

„ადრე ამაზე საუბარი არ იყო. მე ახალგაზრდობაში ამდენი არ მესმოდა, რომ ასე ჩაგრავდნენ ქალებს. უფრო დაფარული იყო საოჯახო სივრცე და ამის გამოტანა სირცხვილი იყო.​ ჩემი აზრით, კატასტროფაა, რაც ახლა ხდება. შეიძლება ეს გარდამავალი ეკონომიკური პერიოდისთვის არის დამახასიათებელი.“

მარინა ჯანელიძის თქმით, აგრესიულობა ბიოლოგიური თვისებაა და ის მამაკაცებისთვის მეტად არის დამახასიათებელი:

„აგრესიულობა არის ბიოლოგიური თვისება. ტესტოსტერონი არის მამაკაცის ჰორმონი. ქალებშიც აგრესიის დროს ტესტოსტერონის დონე მატულობს. კაცი ბიოლოგიურად უფრო აგრესიული არსებაა.​ ამ აგრესიულობას ძალიან ხშირად ხელს უწყობს გარკვეული უარყოფითი ემოციები. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა, უარყოფითი ფონი. მამაკაცების რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმა არის პროფესიული წარმატება და ფინანსური წელგამართულობა.“

„სამწუხაროდ, დღეს მამაკაცი ოჯახის ფინანსური თავი ნაკლებად არის ჩვენთან. ალბათ, ამან განაპირობა ის, რომ ამდენი ქალი წასულია სამუშაოდ უცხოეთში. კაცის ეს შეუმდგარობა, ნეგატიური ემოცია მასში აგრესიას იწვევს. მამაკაცს არ შეუძლია ოჯახი უზრუნველყოს. ვისზე ანთხევს ის ემოციას? ისევ თავისი ოჯახის წევრებზე. ეს შეუმდგარობა, ფინანსური სიღატაკე,​ მასში აგრესიას ბადებს. ისინი ეძალებიან სასმელს, ნარკოტიკს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.

წყარო: ​„შემდეგი გაჩერება“

წაიკითხეთ სრულად