Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლები შვილებს უბიძგებენ ნევროზულები გახდნენ, არასწორი აღზრდის მეთოდები ბავშვს ნევროზულ ადამიანად აყალიბებს

მშობლები შვილებს უბიძგებენ ნევროზულები გახდნენ, არასწორი აღზრდის მეთოდები ბავშვს ნევროზულ ადამიანად აყალიბებს

ადამიანებმა, რომლებიც სახლიდან გასვლამდე 3-ჯერ მაინც ამოწმებენ ჩაკეტეს თუ არა კარი, ეს სტატია ყურადღებით უნდა წაიკითხონ. ერთ-ერთი უახლესი კვლევით დადგინდა, რომ შფოთვითი აშლილობები და ნევროზები გენეტიკური დაავადება არ არის. მსგავსი ტიპის ფსიქიკური პრობლემები მშობლიდან შვილს მემკვიდრეობით არ გადაეცემა. ყველაფერი იმ გარემოზეა დამოკიდებული, რომელშიც ბავშვი იზრდება.

შვედეთში ჩატარებული კვლევა ტყუპების ოჯახებს აკვირდებოდა. ტყუპებს შფოთვის მაჩვენებელს სპეციალური შკალის გამოყენებით უმოწმებდნენ. გარდა ამისა, მშობლებს დაევალათ, რომ ტყუპების ქცევებს ექვსი თვის მანძილზე დაკვირვებოდნენ და სპეციალური ჩანაწერებიც გაეკეთებინათ.

სტატისტიკური ანალიზის სპეციალური მეთოდის გამოყენებით მეცნიერები იმ არაგენეტიკურ ფაქტორებს გამოყოფდნენ, რომლებიც ოჯახის წევრებს ერთმანეთს ამსგავსებდა. მკვლევარები იმ ასპექტებსაც იკვლევდნენ, რომელთა წყალობით ოჯახის წევრები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შფოთვითი აშლილობის გენეტიკურად გადაცემა არ ხდება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მშობლები ბავშვებს უბიძგებენ ნევროზულები გახდნენ. ისინი შვილებს აძლევენ მაგალითს, რომელსაც ბავშვები მიჰყვებიან.

ადამიანების უმრავლესობისთვის ცხადია, რომ ნევროზული და მშფოთვარე მშობლები ნევროზულ შვილებს ზრდიან. ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის კი აღნიშნული კვლევა ნამდვილი მიღწევაა. კვლევის წყალობით ფსიქიატრებმა პირველად აღმოაჩინეს, რომ ნევროზი და შფოთვითი აშლილობა მემკვიდრეობითი დაავადებები არ არის. ყველაფერი აღზრდაზეა დამოკიდებული. მშობლების მიერ გამოყენებული არასწორი აღზრდის მეთოდები ბავშვს ნევროზულ ადამიანად აყალიბებს.

მომზადებულია ​esquire.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად