Baby Bag

„ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი სამშობლოში, მერე თანდათან ეჩვევი ყველაფერს, თუმცა შვილებისგან შორს ყოფნას ვერასდროს შეეჩვევი“ - ემიგრანტი დედა

„ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი სამშობლოში, მერე თანდათან ეჩვევი ყველაფერს, თუმცა შვილებისგან შორს ყოფნას ვერასდროს შეეჩვევი“ - ემიგრანტი დედა
რთული ეკონომიკური პირობების გამო საქართველოდან უამრავი ქალი ემიგრაციაშია წასული. იმისთვის, რომ შვილებს უკეთესი მომავალი შეუქმნან, იძულებულები არიან, ​მათგან ათასობით კილომეტრით შორს იყვნენ. ერთ-ერთია ნინო ქვათაძე, რომელიც ექვსი წლის წინ წავიდა იტალიაში სამუშაოდ. მას ოთხი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს.
„2014 წელს ჩამოვედი იტალიაში. ემიგრაციაში ყოფნის მთავარი მიზანი შვილების სწავლაზე ზრუნვაა. უამრავი ხარჯია სწავლასთან დაკავშირებული. ეს ხარჯები კიდევ უფრო ორმაგდება, თუ საცხოვრებელი ბინა არ გაქვს. მინდა, შვილებს უკეთესი მომავალი შევუქმნა. იმედი მაქვს, ერთ დღეს საცხოვრებელ ბინასაც შევუძენ“, - გვეუბნება ნინო.
იგი ემიგრაციაში ყოფნასთან დაკავშირებულ სირთულეებზე გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ ყველაზე ძნელი შვილებისგან განშორება აღმოჩნდა.
„ყველაზე რთულია შვილებისა და ახლობლებისგან შორს ყოფნა. უცხო კულტურაში, უცხო ხალხში გიწევს ყველაფერის თავიდან დაწყება. ისინი თანასწორად არ აღგიქვამენ, ფიქრობენ, რადგან უცხოელი ხარ, არაფერი არ იცი. ენის არცოდნა კი ამ ყველაფერს უფრო ართულებს. პირველი ორი წელი ძალიან მიჭირდა, ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი სამშობლოში, მერე თანდათან ეჩვევი ყველაფერს, თუმცა შვილებისგან შორს ყოფნას ვერასდროს შეეჩვევი,“ - გვიყვება ნინო.
ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ნინომ საქართველოში ჩამოსვლა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა. 6 წელია, არ უნახავს შვილები. როგორც აღნიშნავს, განშორებას ვერ ეჩვევა და სწორედ ამიტომ დღეში არაერთხელ ეხმიანება მათ...

„ბავშვები ძალიან განიცდიან დედისგან შორს ყოფნას, ეს დიდი სტრესია მათთვის. მუდმივად სჭირდებათ დედის გვერდით ყოფნა, რჩევა-დარიგება და მხარდაჭერა. დედა მათთვის მთავარი დასაყრდენია. განსაკუთრებით უმცროს გოგონას გაუჭირდა ჩემგან შორს ყოფნა, 14 წლის იყო, როცა წამოვედი და დედის მოვალეობის რაღაც ნაწილის შეთვისება მოუწია. არც ერთი დედა არ უნდა იყოს შორს შვილებისგან შორს, მაგრამ იძულებულები ვართ ასე ვიცხოვროთ. ყოველდღე 10-ჯერ ან 20-ჯერ მაინც ვურეკავ, ვკითხულობ, ეძინათ თუ არა, ჭამეს თუ არა. შეიძლება, ეს შემაწუხებელიც იყოს მათთვის, მაგრამ მე ხომ დედა ვარ?! ვცდილობ, დედისგან შორს ყოფნა არ იგრძნონ. ამიტომ ხშირად ველაპარაკები, ვიზიარებ მათ განცდებს, ემოციებს, ვუსმენ მათ პრობლემებს და ვაძლევ რჩევებს,“ - ამბობს ნინო.

კითხვაზე, რას ურჩევდა ემიგრანტ დედებს, ასე გვპასუხობს: 
„ყველას საქმე ინდივიდუალურია, ამიტომ რთულია სხვას რჩევა მისცე. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ, მიუხედავად დიდი მანძილისა, რაც შეიძლება ახლოს უნდა იყვნენ, მოუსმინონ და გაუგონ შვილებს.“
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთ დღესაც ყველაფერი თავდაყირა დგება, სწავლობ მარცხენა ხელით ჭამას, თითქმის ყოველთვის სვამ გაციებულ ყავას... არავინ არ გახსოვს მის გარდა და გგონია, რომ ამქვეყნად მარტო შენ გააჩინე შვილი“

„ერთ დღესაც ყველაფერი თავდაყირა დგება, სწავლობ მარცხენა ხელით ჭამას, თითქმის ყოველთვის სვამ გაციებულ ყავას... არავინ არ გახსოვს მის გარდა და გგონია, რომ ამქვეყნად მარტო შენ გააჩინე შვილი“

მწერალი დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში ყველა დედისთვის ნაცნობ თემაზე წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ჩანაწერს:

„აი, ასე.
ერთ დღესაც ყველაფერი თავდაყირა დგება.
სწავლობ მარცხენა ხელით ჭამას.
თითქმის ყოველთვის სვამ გაციებულ ყავას. 😬☕
წარმოუდგენელია, მაგრამ ზუსტად სამ წუთში ბანაობ და ამ სამ წუთში ასჯერ მაინც თიშავ წყალს.🧖♀️🛀
„ბავშვი ტირის“ გელანდება.😬
თუ სადმე გაძვერი ორი წუთით, ჩქარობ მუდმივად.🏃♀️
გამუდმებით საათზე ხარ მიჩერებული, ამდენ ხანში მოშივდება, ამდენ ხანში გაიღვიძებს....🕟🕖🕟
ხდები ჩვეულებრივი მისანი 🤔:
მუცელი სტკივა.
შია. 🍼
მგონი, სქლად ჩავაცვი.👗🧥👖
ერთმანეთისგან არჩევ ტირილებს 🤷♀️:
„ხელში ამიყვანე“ ტირილი.
„მეძინება“ ტირილი და უბრალოდ
„მინდა და ვტირი“.
გენატრება ფილმის ყურება.
შენი საყვარელი სერიალის ორმოცამდე სერია გამოტოვე უკვე.🎭
წიგნები მაღალ თაროზე შემოდე.📚
მეგობარმა შენი საყვარელი პომადა გაჩუქა, მაგრამ ვეღარ პოულობ.💄
შენს საყვარელ კაბაში ვეღარ ეტევი, მაგრამ მაინც ბევრს ჭამ.👗
პატარას არ უნდა მოშივდეს.
აღარ განაღვლებს არეული სახლი.
მოუწესრიგებელი კარადა.
სამი კვირაა მაისურის დაუთოვებას გთხოვს ქმარი.
სად გცალია.
წუთით მოდუნდები, მიესვენები დივანზე და: უი, დღეს თმა არ დამივარცხნია.
არც პირი დამიბანია.
მიდიხარ პირსაბანთან და დაგინახააა.....
მორჩა, დედა უნდაააა 🤱
ციცქნამ, სულ რაღაც ექვსმა კილო ადამიანმა, ამოგაგდო კალაპოტიდან.
არადა მანამდე, შენი დადებული ნივთი რომ გადაედგილებინა ვინმეს, ისტერიკას აწყობდი.
და ვინმეს რომ გაეფუჭებინაა?!
მტრისას.
გუშინ ბლოკნოტი დამიხია.
სქელყდიანი, რომ იკეტება ისეთი.
თვალი არ მოაშორა ინდენ ხანს უყურა მაგიდაზე დადებულს და მივეცი.
„ოღონდ არ იტიროს რა“ - დედური ფრაზა.
ჰო, მთავარი - სარკის ტყვიასავით გეშინია: „ვაიმე, პანდას ვგავარ!“🙄😁
და მაინც რა ამოუხსნელობაა, რა არის ეს, რომ ამ აურზაურში უზომოდ ბედნიერი ხარ.
მეათასე ცაზე ხარ.
არავინ არ გახსოვს მის გარდა და
გგონია, რომ ამქვეყნად მარტო შენ გააჩინე შვილი...“

წაიკითხეთ სრულად