Baby Bag

რატომ უნდა ჩავეხუტოთ შვილებს ყოველდღიურად?

რატომ უნდა ჩავეხუტოთ შვილებს ყოველდღიურად?

ყველასთვის ცნობილია, რომ ჩახუტება ადამიანებს აბედნიერებს. პატარებს სითბოს მიღება და გაცემა ძალიან უყვართ. როგორც აღმოჩნდა, ჩახუტება ბავშვის განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. სიკეთის, დადებითი ენერგიისა და პოზიტიური განწყობის გაზიარება თუ გიყვართ, თქვენს შვილებს რაც შეიძლება ხშირად ჩაეხუტეთ.

  • ჩახუტება ბავშვს აბედნიერებს

ჩახუტება ბავშვის ფსიქიკაზე დადებითად ზემოქმედებს. ის პატარებს არამხოლოდ თავდაჯერებით ავსებს, არამედ მათ ოპტიმისტ ადამიანებად ჩამოყალიბებაშიც ეხმარება. როდესაც ბავშვი მშობლისგან სიყვარულს გრძნობს, ის სტრესს მარტივად უმკლავდება და ყოველთვის ბედნიერია.

  • ჩახუტება ბავშვებს ემპათიის განცდას უვითარებს

შვილს ჩახუტებით ძალიან ბევრ რამეს ასწავლით. როდესაც ბავშვს მშობელთან თბილი დამოკიდებულება აკავშირებს, ის მასთან ძლიერ ემოციურ და ფსიქოლოგიურ კავშირს ამყარებს. დადებით ენერგიათა ურთიერთგაცვლა თქვენს შვილს ემპათიის მნიშვნელობის გაცნობიერებაში ეხმარება. თუ ბავშვს ხშირად ეხუტებით, ის სხვების განცდების გაზიარების უნარს მარტივად შეიძენს. აუცილებელია, რომ შვილს თანაგრძნობა და სითბოს გამოხატვა ადრეული ასაკიდანვე ასწავლოთ.

  • ჩახუტება ტანტრუმის შეჩერებაში გეხმარებათ

მშობლები ემოციური აფეთქების შემდეგ ბავშვების მოფერებას ერიდებიან, რათა ბავშვის ჭირვეული ქცევა არ წაახალისონ, თუმცა ეს სწორი მიდგომა ნამდვილად არ არის. ჩახუტება ბავშვს საკუთარი ემოციების გაკონტროლებაში დაეხმარება. როდესაც ბავშვს ეხუტებით, მის ორგანიზმში სიყვარულის ჰორმონი გამომუშავდება, რომელიც მას შფოთვის დამარცხებაში ეხმარება.

  • ჩახუტება ბავშვს გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარება

ბავშვებს განვითარებისთვის სხვადასხვა სახის სენსორული სტიმულაცია სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ფიზიკურ შეხებას მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბავშვთა სახლში მცხოვრებ და სრულფასოვან ოჯახში გაზრდილ ბავშვებს შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პატარები, რომლებიც მშობლებთან არ ცხოვრობენ, განვითარების დონით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ზრდიან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დღის განმავლობაში 15 წუთიანი ტაქტილური სტიმულაცია ბავშვთა სახლში მცხოვრებ პატარებს განვითარებაში მნიშვნელოვნად ეხმარებოდა.

  • ჩახუტება ბავშვის სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს

მართალია, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ჩახუტება ბავშვის სიმაღლეში ზრდას ნამდვილად ასტიმულირებს. კვლევებით დასტურდება, რომ პატარების ფიზიკური ზრდა ჩახუტების გარეშე მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდის. თუ ბავშვს სითბო აკლია, მას ზრდაში ვერც ვიტამინებისა და მინერალების მიღება ეხმარება. როდესაც ბავშვს ეხუტებით, მის სხეულში ჰორმონი ოქსიტოცინი გამომუშავდება. აღნიშნულ ჰორმონს ორგანიზმისთვის ძალიან ბევრი სარგებელი მოაქვს. ის ბავშვის ფიზიკურ ზრდასაც უწყობს ხელს. ოქსიტოცინის დონის მატება ორგანიზმში ზრდის ჰორმონის გამომუშავებას აჩქარებს, შესაბამისად, როდესაც თქვენს შვილს ჩახუტებით ხშირად ანებივრებთ, ის სიმაღლეში სწრაფად იზრდება.

  • ჩახუტება ბავშვს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება

ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ბავშვის ორგანიზმში ჩახუტების დროს გამომუშავდება, ანთებით პროცესებს წარმატებით ებრძვის. ის ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება.

  • ჩახუტება შვილსა და მშობელს შორის მყარ ურთიერთკავშირს ქმნის

ჩახუტება შვილსა და მშობელს ერთმანეთის მიმართ ნდობით განაწყობს. ოქსიტოცინი შიშის გრძნობას ამცირებს და ადამიანებს გამბედავი ქმედებებისკენ უბიძგებს. როდესაც ბავშვი მშობელს ეხუტება, ის თავს დაცულად გრძნობს. თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი მამაცი და უშიშარი ადამიანი იყოს, მას ხშირად უნდა ჩაეხუტოთ.

მომზადებულია Brightside.me-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი ​მცოდნე დედები​

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად